USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
ფრენსის ფუკუიამა - „ქართულ ოცნებას“ სურს მოსკოვთან უფრო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან“
თარიღი:  336

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან, სათაურით „ქართულ ოცნებას“ სურს მოსკოვთან უფრო მჭიდროდ  იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან“, რომელშიც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ ე.წ. "უცხოეთს აგენტის" კანონს, "ქართული ოცნება" კრიტიკული აზრისა და ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს. პოლიტიკის მეცნიერი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო სამართლიანად დაადო, რუსულ მოდელზეა დაფუძნებული, საქართველოს დასავლეთისგან აშორებს და მოსკოვთან აახლოვებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

- პროფესორო ფუკუიამა, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ კანონი. ხელისუფლება მას გამჭვირვალობის კანონს უწოდებს. ამის გათვალისწინებით, სად დგას საქართველო ახლა და სად ხედავთ მის მომავალს?

- ვფიქრობ, საით მიდის საქმე, ამაზე მეტყველებს ის, რაც გასულ კვირას მოხდა, როდესაც რეჟიმის მოკავშირეებმა, უკვე დაიწყეს დემონსტრანტებზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა. ისინი არ დაელოდნენ კანონის საბოლოო მიღებას და დაშინების კამპანია დაიწყეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არ არის უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირება, არამედ რუსეთის კანონის მსგავსად, ის გამოყენებული იქნება ოპოზიციის წევრების დასარბევად.

- საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სადამსჯელო ოპერაციებზე საუბრობენ. დემონსტრაციები კი გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. ფიქრობთ, რომ ხელისუფლება რეპრესიულ ტაქტიკას მიმართავს?

- ვფიქრობ, დემონსტრანტების წინააღმდეგ მეტ ძალას გამოიყენებენ. მინდა ერთი რამ ცხადად ვთქვა - რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს, მსგავსი კანონები აქვთ, რომლებიც უცხოური დაფინანსების შესახებ გამჭვირვალობას მოითხოვს და, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას. ვფიქრობ ეს უადგილო „ვოთებაუთიზმის“, [კონტრ ბრალდებების წაყენების ტაქტიკის] გამოყენების შემთხვევაა. ჩემი აზრით, ამ თავდაცვას მოსკოვის მომხრეები იყენებენ. განსხვავება ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ დემოკრატიებს, მოგეხსენებათ, მართავენ ელიტები, რომლებიც საიმედოდ პროდემოკრატიულები არიან. ჩვენ, შეერთებულ შტატებში, არ ვცდილობთ დავხუროთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც საგარეო კავშირები აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მთავრობისგან დამოუკიდებელნი არიან. ვფიქრობ, საქართველოში ამ კანონის ნამდვილი მოდელი ისაა, რაც რუსეთში მიიღეს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ნებისმიერი წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად გამოიყენეს. დასავლურ დემოკრატიებსა და ყალბ დემოკრატიებში ამ კანონის მიღება [ერთმანეთთან] არ დარდება. ისინი ამბობენ, რომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგი და მათ უბრალოდ გამჭვირვალობა სურთ. რაც მათ ნამდვილად უნდათ, არის სამართლებრივი მექანიზმი ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩასახშობად, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ჯერ რუსეთში და ახლა საქართველოში.

- ჩვენ ვიხილეთ ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ამ კანონის საბოლოოდ მიღება ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და მძიმედ აზარალებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბევრს არ ესმის, რატომ რისკავს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს და შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. თქვენს სტატიაში, ამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება. როგორ ფიქრობთ, რა არის „ქართული ოცნების“ მიზანი?

- „ქართულ ოცნებას“ სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, [საქართველო] ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს [კანდიდატის] სტატუსს დააზარალებს. ასევე არ მგონია, რომ ახლა ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნიათ. აქამდე, ეს ერთგვარად ფარული მოტივი იყო. ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ და რუსებს ევროპული სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. რუსებისთვის ევროპული სანქციების თავის არიდებაში დახმარებით, ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ. საქართველოს გავლით, რუსეთში ბევრი ევროპული საქონელი გადის. მაგრამ, ოფიციალური პოზიცია მაინც ის იყო, რომ მათ სურდათ, სქართველო ევროკავშირის და შესაძლოა ნატოს წევრიც კი ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინასთან ომში, მომენტუმი თითქოს რუსეთისკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს.

- რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად სწრაფად უნდა იმოქმედონ. რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს, საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად?

- ვფიქრობ, ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, მიზანმიმართული სანქციების დაწესებაა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც [იმ] უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების [წინააღმდეგ მიმართულ] კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან. ვფიქრობ ეს იქნება ბევრად ეფექტიანი გზა, სანქციების უფრო შეზღუდული, მაგრამ მიზანმიმართული გამოყენებისთვის.

- შესაძლო სანქციების შესახებ განცხადებები, ჩვენ ვიხილეთ ამერიკელი ოფიციალური პირებისგან. თუმცა, ზოგიერთ დამკვირვებელს აქვს მოლოდინი, რომ თუ ვაშინგტონი სანქციებს დააწესებს, ამას „ქართული ოცნება“ ანტიამერიკული, ანტიდასავლური პროპაგანდისთვის გამოიყენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე თქვა, რომ სანქციები თავად ამერიკის რეპუტაციას დააზიანებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს სანქციები ამ შემთხვევაში, რა შედეგები შეიძლება დადგეს?

- საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემები და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობის წინააღმდეგ დემონსტრანტთა რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და სურს, უფრო ახლოს იყოს აშშ-სთან. და არა მგონია, მიზნობრივი სანქციების არსებობამ ეს ადამიანები დააბრკოლოს. სანქციები მოსახლეობას რომ დაუწესდეს, ვთქვათ, უვიზო მიმოსვლის ყველასთვის შეწყვეტით, ამან შესაძლოა გარკვეული წინააღმდეგობა შექმნას. მაგრამ, ვფიქრობ, მიზანმიმართული სანქციები, რეალურად მხარდაჭერას მოიპოვებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გამო.

- თქვენ ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ვის შეიძლება განიხილავდეს მმართველი პარტია საქართველოს პარტნიორად, თუ არა შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს?

- ცხადია, მოსკოვს. ვფიქრობ, ეს არის დაშვება, რასაც ყველა აკეთებს, რომ ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსკოვს თანაუგრძნობდნენ, მაგრამ მათ ამ ფაქტის დამალვა მოუწიათ, რადგან [საქართველოს მოსახლეობაში] ევროკავშირთან გაერთიანებისადმი ამგვარი აბსოლუტური მხარდაჭერა არსებობს. მაგრამ, ამის შესახებ, ახლა ისინი ცოტა უფრო მკაფიო ხდებიან.

- როგორ ხედავთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უფრო ფართო, რეგიონულ კონტექსტში. რა რეალობას ქმნის ეს რეგიონში?

- ბრძოლა მიმდინარეობს ავტორიტარულ მთავრობებს, რომლებსაც წარმოადგენენ მოსკოვი, ჩინეთი, ირანი, სირია და ა.შ და ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. და მე ვფიქრობ, ეს ყოველთვის უყო უკრაინის ომის უფრო ფართო მნიშვნელობა. ეს არ არის მხოლოდ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ვფიქრობ, პირველი გასრულა საქართველო იყო, 2008 წელს - ეს იყო რუსეთის პირველი მცდელობა, დაეწყო ყოფილი საბჭოთა კავშირის გაერთიანება. შემდეგი ეტაპი კი, 2014 წელს, ყირიმის და დონბასის ოკუპაცია იყო. შემდეგ კი - სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ვფიქრობ, რაც უფრო წარმატებული იქნება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო დაუცველი გახდება ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა. და ეს მოიცავს საქართველოს, ყაზახეთს, მოლდოვას. ვფიქრობ, ალბათ ეს არის სამი ქვეყანა, რომლებიც ყველაზე მეტადაა რისკის ქვეშ. და ვფიქრობ ეს არის ვლადიმირ პუტინის უფრო დიდი გეგმა - ყოფილი საბჭოთა კავშირის რაც შეიძლება მეტად გაერთიანების მიზნით.

- თქვენ ახსენეთ ჩინეთი, რომელიც გასული წლიდან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. პეკინთან ამ პარტნიორობის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯაროდ გააკრიტიკა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ამერიკასაც ისეთივე პარტნიორობა ჰქონდეს საქართველოსთან, როგორიც ჩინეთს აქვს. ცნობილია, რომ ჩინეთს გაცხადებული ინტერესები აქვს საქართველოში, მათ შორის, შავ ზღვაში პორტების მიმართ. ხედავთ ჩინეთის ინტერესს და სარგებელს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში?

- ჩინეთი ფიქრობს, რომ ის გლობალურ ბრძოლაშია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც ასუსტებს დასავლეთს, მათთვის სასარგებლო იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ინტერესები საქართველოს პორტში ან რაიმე მსგავსი, მე ვფიქრობ, რომ მათთვის რეალური საკითხია ის, რომ ეს არის გზა, რათა [ზოგადად] დემოკრატია სუსტად გამოიყურებოდეს. თუ რუსეთი გააფართოებს თავის გავლენას საქართველოში, ეს აშშ-ს, ევროპას, სუსტად წარმოაჩენს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ჩინეთის ფუნდამენტური ინტერესია.

- ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედება, მათ აიძულებთ, საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეცვალონ და პირდაპირ დახმარებას გადახედონ. თუ ასე მოხდება, რა რეალობას შექმნის ეს საქართველოსთვის?

- მიმაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, საქართველოს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. ვფიქრობ, ადმინისტრაციის ყურადღება ბევრ სხვა რამეზეა მიმართული, რაც მსოფლიოში ხდება - უკრაინის ომი, ომი ღაზაში, მოახლოებული არჩევნები. ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ იმას, რაც საქართველოში ხდება, რადგან, საქართველო ძალიან პატარაა, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი, რუსეთის უფრო ფართო გეგმის, რაც მისი გავლენის აღდგენას ისახავს მიზნად. ასე რომ, იმედი მაქვს, ისინი დაიწყებენ უფრო მკაცრი სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერას და ნათლად გამოხატავენ თავიანთ წინააღმდეგობას იმის მიმართ, რაც ხდება ან რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“.

- და ბოლოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს მოვლენები, რამდენიმე თვით უსწრებს წინ საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლების გაგზავნას გეგმავს. როგორ ხედავთ, ამ კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაში, მის გავლენას არჩევნებზე? საარჩევნო პროცესებს, ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდება, რომლებსაც ეს კანონმდებლობა, უცხოეთის ინტერესების გამტარებლად აცხადებს...

- დიახ, არჩევნებზე დამკვირვებლები მნიშვნელოვანია. მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი ისაა, საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა იმაზე უკეთ ითანამშრომლონ, ვიდრე აქამდე. მე ვფიქრობ, ეს არის სისუსტე ბევრ ლიბერალურ ოპოზიციაში, მთელ მსოფლიოში. ვგულისხმობ, უნგრეთში, თურქეთში, სხვაგანაც ასე იყო - ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთგვარ პრორუსულ ავტოკრატიულ პარტიას, ერთმანეთთან მუშაობა უჭირთ იმისთვის, რომ არჩევნების მოსაგებად და წინსვლის შესანარჩუნებლად, [საკუთარი] ძალები გააერთიანონ. და ვფიქრობ ასეა საქართველოშიც, სადაც ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო. ასე რომ, იმედი მაქვს ისინი მზად არიან, არა მხოლოდ გააპროტესტონ ეს კანონპროექტი, არამედ ასევე გაერთიანდნენ ერთიან პლატფორმაზე მომავალი არჩევნებისთვის და ის, რის გაკეთებასაც ისინი ამ გზით შეძლებენ, გაცილებით მძლავრი იქნება.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7616286.html

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.