USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
ფრანც კაფკას წერილი მამას
Date:  6945

"წერილი მამას" კაფკას შემოქმედებაში გამორჩეული ნაწარმოებია. ბევრი მას კაფკას შემოქმედების გასაღებადაც კი მიიჩნევს. ამ ნაწარმოებით კაფკა მკვეთრად უპირისპირდება ავტორიტარიზმს.

თავდაპირველად ჰერმანი (კაფკას მამა) ღარიბი ხელზე მოვაჭრე იყო. თუმცა დროთა განმავლობაში იგი წარმატებულ ბიზნესმენად იქცა. მაშინ, როცა ეს წერილი დაიწერა, ჰერმანმა თავისი მაღაზიები გაყიდა და მიღებული თანხით სახლი შეიძინა. ჰერმანმა სიღარიბიდან კეთილდღეობამდე გრძელი გზა განვლო. ავსტრიის არმიის აქტიური ოფიცერი, ოჯახში მკაცრი, ძლიერი, ცივი და შეუბრალებელი მამა იყო.

კაფკამ "წერილი მამას" 36 წლის ასაკში დაწერა. მწერალს ცხოვრებაში ორი მთავარი მიზანი ჰქონდა _ ჰყოლოდა საკუთარი ოჯახი და ეცხოვრა თავისი ნაწარმოებებიდან მიღებული შემოსავლით. სამწუხაროდ, ვერც ერთ მიზანს მიაღწია და სიცოცხლის ბოლომდე მძიმე ავადმყოფი მშობლებზე იყო დამოკიდებული. კაფკა ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მამისადმი გაგზავნილი წერილით იმედოვნებდა, რომ ეს "ორივეს ოდნავ მაინც დაამშვიდებდა და სიცოცხლესა და სიკვდილს შეუმსუბუქებდა."

წერილი, ამავე დროს, კაფკას ყველაზე ამბიციური ავტობიოგრაფიული ნამუშევარია. იგი განიხილება როგორც გასაღები მწერლის ნაწარმოებების გაგების მსურველთათვის. კაფკას ნაწარმოებების უმეტესობა ეხება ვაჟებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მამებთან კონფლიქტურ ურთიერთობებში იმყოფებიან, კონფლიქტებს კი საბოლოო ჯამში დამანგრეველი შედეგები მოაქვთ მათთვის. "წერილი მამას" მოიცავს აზრს, რომ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის წევრები, მამა და შვილი ხშირად სრულიად უცხოები არიან ერთმანეთისთვის "ჩემს თხზულებებში შენზე ვწერდი, მხოლოდ ჩემს სადარდებელზე ვჩიოდი, რასაც შენს მკერდზე ვერ ამოვიოხებდი."


 ძვირფასო მამა,


ამასწინათ მკითხე, თუ რატომ ვამბობ, რომ შენი მეშინია. როგორც ყოველთვის, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ შენი ისევ მეშინია და ამ შიშს საფუძვლად იმდენი წვრილმანი უდევს, მეგონა მათ ბოლომდე გააზრებას ვერასდროს შევძლებდი. შევეცდები წერილით გიპასუხო ამ კითხვაზე, თუმცა, ალბათ, არც ეს იქნება სრულყოფილი პასუხი, რადგან წერის დროსაც კი შენს გავლენას ვგრძნობ და შიში მიპყრობს, რაც შემდეგ გონებაში ირევა და თავგზას მაკარგვინებს.


შენთვის ყველაფერი მარტივი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდი მე და, როგორც წესი, სხვებსაც. მთელი ცხოვრება შრომობდი, ყველაფერს შვილებისთვის აკეთებდი. ამ მსხვერპლს შენ ჩემთვის იღებდი. „ფუფუნებაში“ ვიზრდებოდი, თავისუფლად შემეძლო მესწავლა ის, რაც მინდოდა. ამის გამო მადლობას კი არ მოითხოვდი – „შვილების მადლიერების“ ფასი კარგად იცი – არამედ ელემენტალურ გაგებასა და თანაგრძნობას. მე კი ამის ნაცვლად ყოველთვის გაგირბოდი ჩემს ოთახში, წიგნებთან, შეშლილ მეგობრებთან, გიჟურ იდეებთან. სინაგოგაში არ დაგყვებოდი, გულახდილად არ დაგლაპარაკებივარ, ფრანცენსბადში არ მომინახულებიხარ, საერთოდ არასოდეს გამომივლენია ნათესაური გრძნობები, შენს წვრილმან საქმეებზე და ოჯახზე არ მიზრუნია. შენს დასახმარებლად თითიც არ გამინძრევია (თეატრის ბილეთიც კი არასოდეს მომიტანია), მეგობრებისთვის კი ყველაფერს ვაკეთებდი. შენი განაჩენი ასეთია: ამორალური და ბოროტი კი არ ვარ (გამონაკლისია ჩემი ბოლო სურვილი ქორწინების შესახებ). არამედ ცივი, უცხო და უმადური. ისე მსაყვედურობ, თითქოს ამაში მხოლოდ მე ვიყო დამნაშავე, თითქოს ხელის ერთი მოსმით შემეძლოს ყველაფრის გამოსწორება, ხოლო შენ კი სრულიად უდანაშაულო იყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის მეტისმეტად კარგად მექცეოდი.


შენი შეხედულება ცხოვრებაზე, ასე თუ ისე, ახლოსაა სიმართლესთან. ვფიქრობ, ჩვენს გაუცხოებაში სრულიად უდანაშაულო იყავი, მაგრამ მეც ხომ ასევე უდანაშაულო ვარ. ეს რომც ამეხსნა, ახალ ცხოვრებას მაინც ვერ დავიწყებდით, ორივეს ძალზედ დაგვაგვიანდა, მაგრამ იქნებ ცოტა მაინც დავმშვიდდეთ, იქნებ შენი გაუთავებელი საყვედურებიც ოდნავ შერბილდეს.


მგონი, გრძნობ, რისი თქმაც მინდა. ამასწინათ მითხარი: „ყოველთვის მიყვარდი, თუმცა გარეგნულად ამას ისე ვერ ვავლენდი, როგორც სხვა მამები, რადგან მათსავით თამაში არ შემიძლიაო“. იცი, მამა, შენს სიკეთეში არასოდეს დავეჭვებულვარ, თუმცა მაინც ვერ დაგეთანხმები. თამაში მართლაც არ გეხერხება, მაგრამ ამის გამო იმის მტკიცება, რომ სხვა მამები თამაშობენ, ან სისულელეა, რომელზედაც არ უნდა იკამათო, ან – რაც უფრო სწორად მიმაჩნია – ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ვერ არის რიგზე, რაშიაც მეც ისევე ვარ დამნაშავე, როგორც შენ, თუნდაც უნებლიეთ. თუ მეთანხმები, მაშინ ერთსულოვანნი ვყოფილვართ.


არ დაგაბრალებ, რომ ასეთი შენ გამხადე. ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა (თუმცა გაზვიადება მიყვარს). შენი გავლენა რომ არა, ადვილი შესაძლებელია, მაინც სუსტი, მშიშარა, მერყევი, აფორიაქებული ადამიანი ვყოფილიყავი. არც რობერტ კაფკა და არც კარლ ჰერმანი, და მაინც სულ სხვანაირი, ვიდრე ვარ, და ალბათ, ერთმანეთსაც მშვენივრად გავუგებდით. ბედნიერი ვიქნებოდი მეგობარი, უფროსი ბიძა, პაპა ან თუნდაც მამინაცვალი, რომ ყოფილიყავი, მაგრამ როგორც მამა – ზედმეტად ძლიერი ხარ ჩემთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძმები ადრე დამეხოცნენ, დები კი გვიან გაჩდნენ, შესაბამისად, პირველი დარტყმა მარტოს უნდა გადამეტანა, ამისთვის კი ძალიან სუსტი აღმოვჩნდი.


მშიშარაც ვიყავი და ალბათ ჟიუტიც, როგორიც ყველა ბავშვია. რა თქმა უნდა, დედაც მანებივრებდა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ განსაკუთრებით დაუმორჩილებელი ვიყავი, ვერ დავიჯერებ, რომ ერთი თბილი სიტყვით, ხელის ჩაკიდებით, კეთილი მზერით იმას ვერ მიიღებდით ჩემგან, რაც გინდოდათ.


მართალია, შენ კეთილშობილი და ძლიერი ხარ, მაგრამ ყველა ბავშვი არ არის უშიშარი და არა აქვს იმდენი ნებისყოფა, რომ ფარულ სიკეთეს ჩაწვდეს. მხოლოდ ისე მექცეოდი, როგორიც თვითონ ხარ: ძლიერი, ხმაურიანი, მრისხანე… მესმის გინდოდა ჩემგან ძლიერი, მამაცი ყმაწვილი დაგეყენებინა, მაგრამ ე შეუძლებელი იყო.



ბავშვობიდან ზუსტად მახსენდება ერთი შემთხვევა. იქნებ შენც გახსოვს. ერთხელ, ღამით, გამუდმებით წყალს ვითხოვდი, წყურვილის გამო კი არა, შეიძლება უფრო იმიტომ, რომ გამებრაზებინე, ანდა ლაპარაკი მინდოდა. როდესაც რამდენიმე მწარე დამუქრებამ არ გაჭრა, საწოლიდან წამომაყენე, დერეფანში გამიყვანე და რამდენიმე ხანს პერანგისამარა იქ, დაკეტილი კარის წინ, მარტო დამტოვე. ვერ ვიტყვი, რომ ეს უსამართლობა იყო, მაშინ ალბათ მხოლოდ ამ გზით მოიპოვებდი ღამის სიმყუდროვეს. ამის გახსენებით მხოლოდ შენი აღზრდის მეთოდებისა და მათი ჩემზე ზემოქმედების ჩვენება მინდა.. წლების შემდეგაც კი ვიტანჯებოდი მოგონებებით, რომ ეს ბუმბერაზი კაცი, მამაჩემი, ღამით, თითქმის უმიზეზოდ მოვიდოდა, საწოლიდან ამაყენებდა და დერეფანში მარტო დამტოვებდა. აი, თურმე როგორი არარაობა ვყოფილვარ მისთვის.


მაშინ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ ჩემში გაბატონებული საკუთარი არარაობის განცდა (მეორეს მხრივ, მაინც კეთილშობილური და ნაყოფიერი) შენი გავლენის შედეგია.


სულ ეს იყო ჩემი აღზრდა. მე მგონი, შენ აღმზრდელობითი ნიჭი გაქვს. ჩემგან განსხვავებულ ბავშვთან იქნებ წარმატებისთვისაც მიგეღწია. შენთვის დამახასიათებელი აღზრდის ორატორული ხერხები იყო: ლანძღვა, მუქარა, ირონია, ბოროტი სიცილი და, ჩემდა გასაოცრად, საკუთარი თავის გამოტირება… რომელთა მიმართაც სრულიად უძლური ვიყავი.


თუ შენგან გაქცევა მინდოდა, ოჯახსაც უნდა გავქცეოდი, დედასაც.. მართალია, ის ყოველთვის მიცავდა, მაგრამ ამასაც შენი გავლენის დაღი აჩნდა.


ძალიან ძუნწი ბავშვი ვიყავი. საერთოდ, სიძუნწე ერთ–ერთი უეჭველი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი უკიდურესად უბედურია. იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და საგნებში, რომ სინამდვილეში ვფლობდი მხოლოდ იმას, რაც ხელში მეჭირა ან პირში მედო და უნდა მეჭამა.

ქორწინება, ოჯახის შექმნა, ღვთისგან ბოძებული ყველა ბავშვის გაჩენა, ამ ცვალებად სამყაროში მათი შენარჩუნება და სწორ გზაზე დაყენება, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანისთვის მიცემული ყველაზე დიდი სიკეთეა.


სულაც არ არის აუცილებელი მზის შუაგულში შეჭრა, მაგრამ დედამიწის ერთ სუფთა ნაწილამდე ხომ მაინც უნდა მიცოცდე, სადაც მზე ხანდახან გამოანათებს, რომ ცოტათი გათბობა შეძლო…


ვიყავი ამისთვის მზად? არა, ალბათ, უფრო არა…


რაც მე მიპყრობს, ის შენც არც კი გეხება და პირიქით, რაც შენთვის დანაშაული არაა, ჩემთვის შეიძლება იყოს, რასაც შენ ყურადღებას არ აქცევ ის ჩემთვის საზრუნავია… აქ იყრება ჩვენუი ცხოვრების გზები. ჩვენი მომავალიც ესაა… მინდა გითხრა, რომ ეს დაუმორჩილებლობა შენს მიმართ, შენი კი არა უფრო ჩემი ბრალია. შენი უნდობლობა სხვებისადმი იმდენად დიდი არ არის, როგორც ჩემი, ჩემივე თავის მიმართ. ამ უნდობლობას შენ მიმაჩვიე.


შეიძლება, მოვლენები რეალობაში ისე არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს, როგორც მტკიცებულებები ჩემს წერილში. ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ერთი ერთზე თამაში, მაგრამ კორექტივებით, რომელიც ამ თამაშში ჩნდება, კორექტივებით, რომლის გამოაშკარავება არც შემიძლია და არც მინდა. და მაინც, ამ წერილში, ჩემი აზრით, იმდენად მივუახლოვდი ჭეშმარიტებას, რომ მას შეუძლია ცოტათი მაინც დაგვამშვიდოს და, იქნებ, ცხოვრებაცა და სიკვდილიც გაგვიადვილოს.


ფრანცი,
1919 წელი
 

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way