USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
თბილისი
ფონდი „ქართუ“: ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი
თარიღი:  

ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეტევა ცალსახად კოორდინირებულია, ვინაიდან, სხვადასხვა სიუჟეტს ფონად გასდევს ერთიანი „ლაიტმოტივი“ – „ივანიშვილი თავისი სამშენებლო აქტივობით ჩადის დანაშაულს“, რითაც მაყურებელთა ცნობიერებაში სპეციალურად ყალიბდება განწყობა, რომ მშენებლობა ბოროტებაა, ხოლო თუ მშენებელი ივანიშვილია, მაშინ ეს უკვე კრიმინალია.

არადა, წინა ხელისუფლების პერიოდში იგივე „მედიაკლასტერი“ ნებისმიერ მშენებლობას პოზიტიურ ჭრილში განიხილავდა და მაშინდელი ხელისუფლების მიერ ხშირად ერთი და იმავე ობიექტების მრავალჯერ საზეიმოდ გახსნას ზარ-ზეიმით აშუქებდა, რაც პრინციპში, არც არის დასაძრახი, რამეთუ ზოგადად აღმშენებლობა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, პოზიტიური და სასარგებლო მოვლენაა. პრობლემა ჩნდება ორმაგი სტანდარტების შემოღებისას, როდესაც საღი აზრი ეწირება პოლიტიკურ დაკვეთას და ის, რასაც წინა ხელისუფლის დროს ლამის გმირობად წარმოაჩენდი, დღეს დანაშაულად გაქვს გამოცხადებული.

ცხადია, რომ ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია. თუმცა, ვინაიდან ნებისმიერი მსგავსი გამოხტომის რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, ვინმეს თვალში დამაჯერებლობა შესძინოს ამ შეთითხნილ ბრალდებებს, იძულებულები ვართ, კვლავაც პასუხი გავცეთ მათ გამავრცელებლებს.

საჯაროდ ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საქართველოში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა. ფონდი უშუალოდ, ან მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მართავს ამ აქტივებს და მიღებულ შემოსავალს კვლავ საქველმოქმედო მიზნებს ახმარს. ეს არის გამჭვირვალე და კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა.
ბუნებრივია, ჩვენს წინააღმდეგ მართული მედიაკამპანიის მიზანს არ წარმოადგენს სიმართლის დადგენა. ყველა სიუჟეტი იფუთება მაქსიმალურად გაუგებარი ფრაზებით, რომლებსაც როგორც წესი, ისვრიან საეჭვო წარმომავლობის „ექსპერტები“. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დააბნიონ რიგითი მსმენელი და მასალის გადმოცემის სიმძაფრით, ტონალობით, ხშირად მუსიკალური გაფორმებითაც კი, შეუქმნან მას მათთვის სასურველი განწყობა და დააჯერონ იმაში, რომ ადგილი აქვს საშინელ, მზაკვრულ დანაშაულს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი იყო, დაეჯერებინათ მაყურებლისთვის, რომ „ქველმოქმედებას ამოფარებული ივანიშვილი ცდილობს ქველმოქმედებით ფულის შოვნას“. არადა, რეალურად, ივანიშვილების ოჯახი ფონდი „ქართუს“ ერთადერთი დონორია, ანუ ბიძინა ივანიშვილი, ფონდს თავად სწირავს რეგულარულად საკუთარ სახსრებსა და შემოსავლებს და ქველმოქმედების საკითხს იმდენად ფაქიზად ეკიდება, რომ ფონდის არსებობის ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, არც ერთხელ დაუფინანსებია ფონდის მეშვეობით თავისი ოჯახის რომელიმე წევრი, ნათესავი ან ახლობელი – ამ დროს კი, მას ფონდის ხარჯზე გამდიდრებას ედავებიან!

ამ შემთხვევაშიც სიმართლე ზედაპირზეა: ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი მისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს.

უკვე მრავალჯერ საჯაროდ გაცხადდა, რომ გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი დღეს ფაქტობრივად არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს. მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ზემოთ ხსენებული წინაღობა, ორჯერ და სამჯერ მეტ სამუშაოს შევასრულებდით და გაცილებით წინ წავწევდით არსებულ პროექტებს, რომელთა შორისაა ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უმნიშვნელოვანესი ობიექტები.

იქმნება პარადოქსული ვითარება, რა დროსაც, თუ ფონდი სამშენებლო გეგმებს სადმე ჩამორჩება, გვაკრიტიკებენ ნელი ტემპისთვის, ხოლო სადაც არა – იქ თავად მშენებლობა ცხადდება ბოროტებად, რისთვისაც დაუსრულებელ უსუსურ და აბსურდულ ბრალდებებს გვიყენებენ.

მსგავსი კრიტიკა არახალია. გავაკეთოთ პატარა ისტორიული ექსკურსი და გავიხსენოთ არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი, მაგრამ უკვე დავიწყებული ამბები – დაახლოებით 2008 წელს პირველად დაიწყო მსგავსი პიარშეტევა ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუზე“. მაშინდელ გაზეთებში დაიბეჭდა შალვა ნათელაშვილის სტატიები, უფრო სწორედ კი მოკლე პასკვილები სათაურით – „… ამიტომაც ეს პიროვნება (ივანიშვილი) არის საქართველოს მტერი“.

ამ სულელური ტექსტების მოკლე შინაარსი გულისხმობდა იმას, რომ საქველმოქმედო პროექტების მეშვეობით, ივანიშვილი ეხმარება არა ქვეყანას, არამედ – „სააკაშვილის რეჟიმს“, ხოლო იქამდე კი, მისი შექმნილი იყო „შევარდნაძის რეჟიმი“, ამიტომაც მისი ქველმოქმედება ცხადდებოდა ბოროტებად.

2011 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ნათელაშვილის ეს ნარატივი გადაიღო მაშინდელმა მმართველმა გუნდმა და დაიწყო წარმოუდგენელი მასშტაბის შეტევა და ზეწოლა როგორც თავად ივანიშვილზე, ისე “ქართუს” ყველა სტრუქტურაზე, რომელთა ბირთვს, ბუნებრივია, ფონდი “ქართუ” წარმოადგენდა. სწორედ მაშინ, ლამის კატეგორიულ იმპერატივში აიყვანეს პროპაგანდისტული ნარატივი იმის თაობაზე, რომ „ქველმოქმედება ბოროტებაა“, საზიანოდ გამოცხადდა ფონდის ყველა პროექტი და პროგრამა. გაასაჯაროვეს ბენეფიციართა სიები, სისულელედ შერაცხეს თეატრებისა და მუზეუმების რემონტი, უსარგებლო და მავნე უწოდეს ფონდის მიერ აგებულ, გარემონტებულ და სახელმწიფოსთვის გადაცემულ ობიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოებს, რაგბის სტადიონებს, სკოლებს, თეატრებს, მუზეუმებს, შეკვეთილის ღია საკონცერტო დარბაზს, თბილისის ოპერას, ბათუმის დელფინარიუმს და მრავალ სხვას.

საგულისხმო და სახალისოა, რომ ზემოხსენებული ბატონი ნათელაშვილი, რომელმაც აწ უკვე სააკაშვილის მომხრეთა ბანაკში ამოყო თავი, დღეს ამ პოზიციებიდან აგრძელებს არანაკლები აბსურდულობისა და კომიკური ხასიათის ბრალდებების სროლას ივანიშვილისა და „ქართუს“ მიმართ. გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური სატირისა და კომედიის ჟანრში ის განუმეორებელია. როგორც ჩანს, ამ მართული და ერთიანი გეგმით ორკესტრირებული ბინძური კამპანიის დამკვეთებიც სათანადოდ უფასებენ მას ამ „ნიჭს“.

არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რომ „ადამიანთა უგუნურებას არ აქვს საზღვარი“, რომელსაც სხვადასხვა რედაქციით რამდენიმე ცნობილ მოღვაწეს მიაწერენ. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება, ითქვას, რომ ნათელაშვილის განცხადებების სისულელესა და აბსურდს ნამდვილად არ აქვს არანაირი ზღვარი!

კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურად ანგაჟირებული დაინტერესებული პირებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული დაჯგუფება დგას, რომელიც რჩება რა ჩრდილში, წარმოადგენს ამ ხელოვნურად მართული პროცესის მთავარ დამკვეთსა და დირიჟორს“, - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

მსოფლიო
The Washington Post» (აშშ): „ჯო ბაიდენი ჩქარობს უკრაინის პოზიციები განამტკიცოს, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას შეუდგება

აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით ჩქარობს, რომ უკრაინის პოზიციები შეძლებისდაგვარად განამტკიცოს, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად მიიღებს და კიევს და მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჯო ბაიდენი ჩქარობს უკრაინის პოზიციები განამტკიცოს, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას შეუდგება“ (ავტორები - იასმინ აბუთალიბი, მაიკლ ბირნბაუმი და ელენ ფრენსისი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ჯო ბაიდენმა თავისი ადრინდელი პოზიცია შეცვალა და ნება დართო პენტაგონს უკრაინას ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებია მიაწოდოს, რათა კიევის პოზიციები განამტკიცოს. უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას უფლება მისცა ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად - იმ მიზნით, რომ კიევს მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ჰქონდეს იმ დროისათვის, როცა რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებას დაწყებს“.

აშშ-ის ბევრი ოფიციალური პირი აღიარებს იმას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინამ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს ომის შეწყვეტის თაობაზე და რომ კიევი, ალბათ, იძულებული გახდება ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილოს.

ჯო ბაიდენის სწრაფვამ - რაც შეიძლება მეტად გაუწიოს დახმარება უკრაინას თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის წინ - განაახლა ის დისკუსიები, რომლებიც გარკვეულ ამერიკულ და ევროპულ წრეებში მიმდინარეობდა: „რატომ არ გაეწია კიევს დახმარება უფრო ადრე, როცა მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო და როცა უკრაინას მეტ წარმატებას მოუტანდა?“

როგორც აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი ამბობს, პოზიციის ცვლილება „დიდი ხანია მომწიფებულია“ და რომ ბაიდენს შეეძლო თანამედროვე ძლიერი იარაღი უკრაინისათვის თავის დროზე მიეცა, რათა რუსეთი არ გათამამებულიყო: „კრემლმა თავის დაუსჯელად იგრძნო... რუსებმა კარგად იციან, რომ ჩვენ, დასავლელებს, ესკალაცია არ გვსურს და ამიტომ ისინი სიტუაციით სარგებლობენ - დარტყმებს აგრძელებენ და აღმაშფოთებლად იქცევიან“.

თეთრი სახლის ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ნაკარნახევია ბრძოლის ველზე შეცვლილი პირობებით და რომ სინამდვილეში პრეზიდენტმა უკრაინას უამრავი იარაღი მიაწოდა - ხშირად კიევის ლობირების გარეშეც.

ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ კიევისათვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ თვალნათლივ აჩვენა ის, თუ რამდენად მწვავედ აფასებს და გადაუდებლად თვლის შექმნილ სიტუაციას თეთრი სახლი.

ომის განმავლობაში ჯო ბაიდენი შიშით ფიქრობდა, რომ თუ ამერიკა უკრაინის მიმართ დახმარებას გააფართოვებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინი სიტუაციის ესკალაციას მოახდენდა  და ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, ან ქიმიურს და ბიოლოგიურს. ამ საკითხის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა.

„უეჭველია, ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც უკრაინისათვის ჯერ შორი მოქმედების რაკეტების ATACMS-ებისა და ავიაგამანადგურებელ F-16-ების გადაცემას, შემდეგ კი ამ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლების მიცემას ეხებოდა, ჯო ბაიდენი მარტო იყო. მას არ სურდა ომის ესკალაცია გამოეწვია. მისი ხედვა ცივი ომის დროიდან იყო ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით, ერთადერთი, რაც არ უნდა მოხდეს, ესაა აშშ-სა და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაცია“, - ამბობს ივო დაალდერი აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.

მაგრამ ჯო ბაიდენის შიშების მიზეზი იყო ამერიკული სპეცსამსახურების მიერ პრეზიდენტისთვის მიწოდებული ცნობები. როგორც თეთრი სახლის ანონიმი თანამშრომლები ამბობენ, ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ თუ უკრაინა ამერიკულ ძლიერ რაკეტებს გამოიყენებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინიც ადექვატურ პასუხს გასცემდა. საბოლოოდ, ჯო ბაიდენი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ამერიკული რაკეტებით სარგებლობას, როცა კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცევის თავმოყრის ამბები გაიგო.

უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს შტაბ-ბინაში ყოფნისას ბრიუსელში ვაშინგტონის ცენტრალური გზავნილი ჩაიტანა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მდგომარეობის განსამტკიცებლად, სანამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/2024/11/26/biden-ukraine-missiles-land-mines-negotiations/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.