USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Тбилиси
ფინანსთა მინისტრი - საქართველოს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით ისარგებლოს
дата:  387

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა ADB Insight-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა, რომელშიც მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიას უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე.

„ის ფაქტი, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და ზოგადად, განვითარებაზე ორიენტირებულ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტთან, რომელიც ფარავს ჩვენს რეგიონს, არის უზარმაზარი შესაძლებლობა, თავად საქართველოს ჰქონდეს კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი და ასევე, ისარგებლოს საკმაოდ განსხვავებული ფინანსური ინსტრუმენტებით, რომლებსაც განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორები აწვდიან ქვეყანას. ფინანსური თანამშრომლობა და ხსენებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის, არამედ ექსპერტული ცოდნის გაზიარების მიმართულებით, რაც განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხრიდან ხორციელდება კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტების ან ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობისას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ ერთად მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს ერთსა და იმავე პროექტებზე, რადგან რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) ერთდროულად აფინანსებენ ძალიან მნიშვნელოვან ავტომაგისტრალის პროექტებს საქართველოში. ამის მაგალითია ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლისთვისაც 400 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო და რაც პერსპექტივაში, ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური თვალსაზრისით. ყოველივე ამის შედეგად, გვექმნება შესაძლებლობა, ვისარგებლოთ სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით. საქართველო დიდ სარგებელს იღებს ამ ტიპის თანამშრომლობით და შემიძლია ვთქვა, რომ თავის მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოს მსგავსი პარტნიორის ყოლა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რა არის მათი ძირითადი გამოწვევები და როგორია რეგიონული კონტექსტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა უნდა გააკეთონ განვითარების პარტნიორებმა უფრო მეტი ქვეყნების მხარდასაჭერად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვის ხელშეწყობა.

„განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა ჭარბვალიანობის პრობლემის წინაშე დგას. ამავდროულად, დიდი საჭიროებაა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში განხორციელდეს, მაგრამ საკმაოდ შემცირებული ფისკალური სივრცით. ასეა პანდემიის შემდეგ - ყველა ქვეყანა განვითარებადი ქვეყანა - იდგა ამ გამოწვევის წინაშე. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად საჭიროა სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვა. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტება, რაც ჩვენ გვაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) კარგი გამოცდილების შედეგად. ეს პრაქტიკა სამომავლოდაც უნდა გავაგრძელოთ. ვალის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ქვეყნისთვის. ზოგიერთმა მოახერხა მდგომარეობის გაუმჯობესება პანდემიის შემდეგ, ზოგმა ვერ შეძლო, მაგრამ გრძელვადიანი პერიოდისთვის ეს არის ის, რაც უნდა მოგვარდეს განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებსა და კლიენტს შორის ურთიერთობით. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რადგან ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტება დაფინანსების ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის შეზღუდული ფისკალური სივრცით. ვფიქრობ, ამ საკითხს განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პარტნიორი მოაგვარებს და ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ინსტრუმენტი კარგი შანსია რეფორმებისა და ადგილობრივი სავალუტო ბაზრის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати