USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ფინანსთა მინისტრი - რა შეზღუდვები უწესდება სათამაშო ბიზნესს
дата:  595

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ ცვლილებების პროექტი მოამზადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.

მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).

მისი თქმით, განისაზღვრა პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება.
„სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და პირებს, რომლებიც მოხვდებიან აღნიშნულ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კონტროლის მექანიზმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები, ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშით შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.

სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. ფინანსთა მინისტრის თქმით, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორციელება.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე და ფინანსთა სამინისტრო უკვე დაიწყებს მუშაობას საქართველოს პარლამენტთან აღნიშნული კანონპროექტის მიღებისთვის.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати