USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
„ფაინენშელ თაიმსი"- „ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა“
Date:  318

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 11 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით „ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა“ (ავტორი - გიდეონ რეჩმენი, საერთაშორისო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპს არასოდეს არ მიუღია ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ იგი სერიოზული პრეტენდენტი უნდა გახდეს კარლოს დიდის პრემიის მისაღებად, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებს ევროპის ერთიანობაში დიდი წვლილის შეტანისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა თამაში დაუწყო მოსკოვს, შეასუსტა რწმენა ნატოს მიმართ, დაემუქრა ევროკავშირს ტარიფების ზრდით და მხარი დაუჭირა ევროპელ ულტრამემარჯვენეებს. ამ ყველაფერმა ევროკავშირზე მასტიმულირებელი ზემოქმედება მოახდინა. ფუნდამენტური ნაბიჯები ევროპული ერთიანობის განსამტკიცებლად, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შენელებული იყო, ამჟამად ისევ აქტიურად გადაიდგმება.

არსებობს სამი საკვანძო სფერო, რომლებზედაც საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ. პირველი - ევროპული თავდაცვა, მეორე - საერთოევროპული ვალი, მესამე - ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული განხეთქილების აღმოფხვრა.

ამ მოვლენებს საფუძვლად უდევთ ევროპის საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ცვლილება. გასულ კვირას ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 78% დონალდ ტრამპს საფრთხედ მიიჩნევს დიდი ბრიტანეთისათვის. მათ ეთანხმებათ გერმანელთა დაახლოებით 74% და ფრანგების 69%. კიდევ ერთი გამოკითხვის დროს გერმანელთა 85%-მა საფრანგეთი საიმედო პარტნიორად შეაფასა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მას მხარს უჭერს გერმანელთა 78%. აშშ-ის რეიტინგი დაეცა 16%-მდე.

ბევრი ევროპელი ლიდერი ეთანხმება იმას, რომ ტრამპისეული ამერიკა დღეს [მათთვის] საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამას ხმამაღლა ძალიან ცოტა ვინმე თუ იტყვის, დიპლომატიური მოსაზრებით. ისინი შეშფოთებით აცნობიერებენ იმასაც, რომ ტრანსატალანტიკურმა ალიანსმა, რომელსაც უკვე 8 წელი შეუსრულდა, ისინი ძლიერ დამოკიდებულებაში ჩააყენა აშშ-ის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის საკითხში. ეს არამარტო ფულის ხარჯებთან დაკავშირებითაა, არამედ უფრო უარესადაც - ევროპა აშშ-ზე სახიფათოდ დამოკიდებული აღმოჩნდა ტექნოლოგიებისა და შეიარაღების დარგშიც.

ევროპელები ხედავენ, თუ როგორ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა უკრაინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სადაზვერვო მონაცემებისა და იარაღის გადაცემას ეხება. ამრიგად, საქმე ეხება ორ მიმართულებას: ერთი მხრივ, საჭიროა რაც შეიძლება გაჭიანურდეს ამერიკული დახმარების მიღება ევროპისათვის და მეორე - რაც შეიძლება სწრაფად მოემზადნონ აღნიშნული მომენტისათვის

სწორედ ეს ლოგიკა ჰქონდა საფუძვლად გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკომისიას ნება მიეცა 150 მილიარდი ევრო გამოყოს ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის განვითარებისათვის. ეს ახალი დანახარჯები, ალბათ, გამიზნული იქნება იმ სფეროებისათვის, რომლებშიც ევროპა ამერიკას ჩამოუვარდება (რაკეტმშენებლობა, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და ა.შ.).

საერთოევროპულ ბიუჯეტში ვალების (დეფიციტის) დაშვება ეს არ არის მხოლოდ უბრალო მეთოდი თავდაცვის ფულის შესაგროვებლად. ეს არის აგრეთვე ევროს განმტკიცების შესაძლებლობა დოლარის ალტერნატივად, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სახით. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კაპრიზები იმას ნიშნავს, რომ თეთრ სახლში კარგად იციან - მთელ მსოფლიოში არსებობს მნიშვნელოვანი მოთხოვნა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების ალტერნატივაზე, ანუ დოლარის შემცვლელ უსაფრთხო ვალუტაზე.

გერმანია ტრადიციულად მკაცრად იცავს ხოლმე ტაბუს საერთოევროპული ბიუჯეტის დეფიციტის დაშვების საკითხში. ახლა ეს ტაბუ, დიდი ალბათობით, მოხსნილი იქნება. ფრიდრიხ მერცი, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს დაიკავებს, საფრანგეთთან შედარებით უფრო თავისუფლად იმოქმედებს: რადგანაც ბერლინი ყოველთვის ფრთხილობდა ბიუჯეტის დეფიციტი არ ჰქონოდა, მას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება საშინაო ვალის ასაღებად, ვიდრე პარიზს, ან თუნდაც ლონდონს, რომლებიც ვალების აღების საკითხში საკმაოდ გაწაფულნი არიან და ამიტომაც აქვთ დიდი საბიუჯეტო დეფიციტი.

სხვათა შორის, ეკონომიკაში სამხედრო სექტორის გაფართოება გერმანიის ეკონომიკას საკმაოდ წაადგება. ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგმა ბიზნესმენმა ჩემთან საუბარში საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, აშკარად ასე მოხდება. გერმანია ვეღარ ჰყიდის თავის ავტომობილებს, სამაგიეროდ, დაამზადებს და გაჰყიდის ტანკებს“.

დონალდ ტრამპი თავისი მოქმედებით, ნებით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ერთმანეთთან დაახლოების გააქტიურებას, „ბრექსიტის“ შემდეგ. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის საკითხში, ხოლო თუ მათ ფრიდრიხ მერციც დაემატება, მძლავრი პროუკრაინული ტრიუმვირატის შექმნის მოწმენი გავხდებით.

სამხედრო ხარჯების გაზრდის ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება გახდეს ახალი ევროპული თავდაცვითი ფონდის ჩამოყალიბება, რომელშიც მონაწილეობის მიღება დიდ ბრიტანეთსაც შეუძლია. ეს იქნებოდა ლონდონისა და ბრიუსელის თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც გარკვეულწილად აღმოფხვრის „ბრექსიტის“ შედეგად გახსნილი პანდორას ყუთის ნეგატიურ შედეგებს.

ბრექსიტით გამოწვეული ზიანის ნაწილობრივი ლიკვიდაციის პერსპექტივა ხაზს უსვამს, რომ ევროპისათვის შესაძლებლობების გამოხატვის დრო დგება. ევროპას ახლა, ალბათ, შეუძლია მსოფლიოს უფრო მეტად სტაბილური საქმიანი გარემო შესთავაზოს, ვიდრე ტრამპის ამერიკას.

იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს ზეწოლას აშშ-ის უნივერსიტეტებზე, ევროპას წამყვანი ამერიკელი მკვლევარების მიზიდვის შანსი უჩნდება. მართალია, მათი ხელფასები აშშ-ში უფრო მაღალია, მაგრამ, ვფიქრობ, ევროკავშირი ამ საკითხის გადაწყვეტასაც მოახერხებს. 

რასაკვირველია, დიდი ევროპული ერთიანობის გზაზე ბევრი უთანხმოება და წარუმატებლობა იქნება. საწყენია, რომ საფრანგეთი და გერმანია უკვე იწყებენ დავას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება დახარჯული ევროკავშირის ახალი თავდაცვითი ფონდის სახსრები.

ყოველი მსგავსი კონფრონტაცია გააძლიერებს სკეპტიციზმს მათში, ვინც ამბობს, რომ ევროპა ძალების მოკრებას ვერასოდეს ვერ შეძლებს. ანალოგიური ეჭვები და ურწმუნოება იყო 1950-იან წლებში, როცა ევროპამ ფოლადისა და ქვანახშირის წარმოება გააერთიანა და 1990-იან წლებში, როცა საერთოევროპული ვალუტა იქნა შემოღებული. მაგრამ საბოლოოდ ევროპელმა ლიდერებმა თავისას მაინც მიაღწიეს - იმიტომ, რომ პოლიტიკური შეთანხმების სურვილი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინააღმდეგობა.

ევროპული ერთიანობის გზაზე მომხდარი ყველა დიდი ნახტომი გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური რყევებით - ჯერ მეორე მსოფლიო ომის დასრულებით, შემდეგ კი ცივი ომის დამთავრებით. ახლა, დონალდ ტრამპის წყალობით, ჩვენს თვალწინ ტრანსატლანტიკური ალიანსის დეზინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს. ევროპამ ენერგიული და ოსტატური რეაგირება მოახდინა წინა ორ სერიოზულ გამოწვევაზე. იმედია, რომ ევროპა იგივენაირად უპასუხებს დღევანდელ გამოწვევასაც.

წყარო: 

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way