USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
„ფაინენშელ თაიმსი“- თბილისში, მწერალთა სახლში, რეპრესიები ისევ ბრუნდება
თარიღი:  655

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისში, მწერალთა სახლში, რეპრესიები ისევ ბრუნდება“ (ავტორი - ნადია ბერდი);

პუბლიკაციის ავტორი ყურადღებას უთმობს მწერალთა სახლის ისტორიას, ქართველი მწერლების ბედს სტალინიზმის ეპოქამდე (1920-იან წლებში, როცა „ცისფერყანწელები“ მოღვაწეობდნენ) და  სტალინის მმართველობის დროს, როცა 1937 წელს რეპრესიები ხდებოდა მწერლების მიმართაც.

იმდროინდელი სიტუაცია შედარებულია დღევანდელთან, როცა ხელისუფლება შემოქმედებითი კავშირების საქმიანობაში ერევა, თანამდებობიდან ათავისუფლებს არასასურველ ადამიანებს და მათ ნაცვლად ლოიალურ პიროვნებებს ნიშნავს.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„ქეთევან დუმბაძის ფარული დანიშვნა მწერალთა სახლის ახალ დირექტორად, რომელიც პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“, იმაზე მეტყველებს, რომ ძველი ავტორიტარული ინსტინქტები არ გამქრალა და ისევ თავს იჩენს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ქეთევან დუმბაძემ მხარი დაუჭირა რუსული სტილით მომზადებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსების მიმღები მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, ამიტომაც მის დანიშვნას მწერლების მნიშვნელოვანი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. გარდა ამისა, „ქეთევან დუმბაძეს ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს, ასევე არანაირი შეხება და ინტერესი არ აქვს  კულტურის სფეროს მიმართაც“, -  ამბობს ნატა ლომოური, მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი.

(...)

ქეთევან დუმბაძის დანიშვნა დირექტორად - ეს მხოლოდ ყველაზე ბოლო დროინდელი სკანდალთაგანია, რომლებიც თან სდევს თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად ყოფნას ამ ორი წლის განმავლობაში. ჯერ იყო და მისი ძალისხმევით მუზეუმებიდან და არქივებიდან უამრავი თანამშრომელი გაათავისუფლეს, შემდეგ მათ ნაცვლად კულტურის სფეროს დაწესებულებებში ხელმძღვანელებად ექს-პროკურორები და პენიტენციალური სტრუქტურების ყოფილი უფროსები დაინიშნენ. „ხელისუფლებისადმი ლოიალობა და სრული თანხმობა“ - ასე დაახასიათა ერთ-ერთი მუზეუმის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა ახალი კადრების დანიშვნის პრინციპი, რომელიც მათაც ეხება, ვინც თანამდებობაზე იქნა დატოვებული.

ავტოკრატებს ხელოვნებისა სწორედ იმიტომ ეშინიათ, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ ხელოვანთა [მწერლების, პოეტების და.აშ.] რეაქციას. იმ დროს, როცა სხვა რესპუბლიკებში ავტორიტარიზმი მეფობდა, საქართველოს კულტურის სამყაროში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი „დემოკრატიის ჟანგბადი“. ცნობილია, თუ როგორი დიდი ძალისხმევით ცდილობდა ვლადიმერ პუტინი ხელოვნების სფეროს ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებას და მის გაკონტროლებას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოქმედების ტრაექტორიიდან ჩანს, რომ საქართველოშიც მოვლენები მსგავსი მიმართულებით მიდის.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი უცნაურად უთავსდება თბილისის სწრაფვას ევროკავშირის წევრობისაკენ. მართალია, [ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში] გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების კურსი, რომელიც რუსეთისაკენ გადახრაში გამოიხატება (მაგალითად, ავიამიმოსვლის განახლება მოსკოვთან), თბილისის ევროპული განაცხადის გულწრფელობას საეჭვოდ ხდის.

თბილისში ბევრი ახალი კულტურული დაწესებულებები თავისუფალი და ავტონომიური უფლებებით სარგებლობენ, მაგრამ რადგანაც უფრო მეტად ცნობილი ცენტრები, როგორიცაა მწერალთა სახლი, ძალიან თვალსაჩინო და ისტორიული მნიშვნელობისა არიან, ისინი მსგავსი თავისუფალი მოქმედებით ვერ ისარგებლებენ. იმდენად, რამდენადაც მწერალთა სახლი კვლავ ექცევა [ხელისუფლების ყურადღების ცენტრში], მას კიდევ ერთხელ მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ძველ მტერს - რეპრესიებს.

წყარო: https://www.ft.com/content/3c9162de-9a22-40de-982e-4a1ac52ce34e

 

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის