USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
„ფაინენშელ თაიმსი“ - „ჩინელი თავდაცვის მინისტრი - კორუფციონერი?! რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ადმირალის წინააღმდეგ“
Date:  577

ბრიტანული გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინელი თავდაცვის მინისტრი - კორუფციონერი?! რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ადმირალის წინააღმდეგ“ (ავტორი - დიმიტრი სევასტოპულო).

როგორც სიტუაციაში გარკვეული ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ,  ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის სახალხო-გამათავისუფლებელ არმიაში მომხდარ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ადმირალი დუნ ძინი, რომელიც მინისტრის პოსტზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი კორუფციის გამო იქნა პოსტიდან გათავისუფლებული, მაგრამ ახლა თვითონაც მექრთამეობის საქმის გამოძიების ობიექტს წარმოადგენს.

დუნ ძინი მესამე ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც კორუფციულ ქმედებებშია ეჭვმიტანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

დუნმა მინისტრის პოსტი 2023 წლის დეკემბერში დაიკავა და გენერალი ლი შანფუ შეცვალა, რომელმაც თანამდებობაზე სულ რაღაც 7 თვე იმუშავა. სხვათა შორის, ორივე - ლი შანფუც და დუნ ძინიც - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის (პრეზიდენტის) სი ძინპინის მიერ არიან დანიშნულნი.

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ ადრე იტყობინებოდა, გენერალი ლი შანფუ კორუფციის გამო იქნა თანამდებობიდან მოხსნილი. მის წინამორბედს, გენერალ-პოლკოვნიკ ვეი ფენჰესაც კორუფციის ბრალდება წაუყენეს. 2024 წლის 27 ივნისს ჩინეთის კომპარტიამ განაცხადა, რომ ორივე ექს-მინისტრი კომპარტიიდანაც იქნენ გარიცხულნი - „დისციპლინარული და სამართლებრივი დარღვევების გამო“. მათ საქმეს სამხედრო პროკურატურა იძიებს, თანაც ლი შანფუ დადანაშაულებულია როგორც ქრთამის აღებაში, ასევე გარეშე პირების მოსყიდვაშიც. ორივეს  გენერლის წოდებები ჩამოერთვათ.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სი ძინპინის ბრძანებით, ამჟამად ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის მიმართ გამოძიების სერია წარმოებს, არმიაში კორუფცია ჰყვავის და მასში მაღალი ჩინის მქონე ოფიცრებიც არიან გახვეულები, ხშირად კი მინისტრებიც.

მინისტრის თავზე დატრიალებული „წისქვილის ქვების“ ამბავი მას შემდეგ გარცელდა, რაც დუნ ძინმა ლაოსში, აზიურ თავდაცვით სამხედრო თათბირზე უარი თქვა თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს შეხვედროდა. ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა მინისტრის ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ აშშ უხეშად ერევა ჩინეთის საქმეებში და ტაივანს იარაღს აწვდის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა უარყო გავრცელებული ხმები დუნ ძინის დაპატიმრების თაობაზე და განაცხადა, რომ ამერიკელებს ყველგან „ქარზე და აჩრდილებზე ნადირობა“ ელანდებათ.

დუნ ძინის მიმართ გამოძიების დაწყება იმას ნიშნავს, რომ სი ძინპინი არმიაში კორუფციის ფაქტების გამოვლენას აგრძელებს. ზედიზედ  ორი მინისტრის გარდა, დაკავებულნი არიან მაღალი რანგის მქონე ორი ოფიცერიც, რომლებიც ადრე შინეთუის სარაკეტო ჯარებს ხელმძღვანელობდნენ, მათ ფუნქციებში შედიოდა აგრეთვე ბირთვული იარაღის პროგრამის კურირება.

როგორც ქრისტოფერ ჯონსონი - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, თავდაცვის მინისტრების ხშირი დანიშვნა-გათავისუფლებით კარგად ჩანს, თუ როგორ არჩევს სი ძინპინი კადრებს. „სი ძინპინმა ტრადიცია 2018 წელს დაარღვია, როცა მან ვეი ფენჰე - სარაკეტო ჯარების გენერალი, თავდაცვის მინისტრად დანიშნა. მანამდე მინისტრები სულ სახმელეთიდო ჯარებიდან ყვნენ. ტრადიციის კიდევ ერთი დარღვევა: დუნ ძინი ადმირალია, სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი. სი ძინპინს არწმუნებდნენ, მინისტრობის კანდიდატების შერჩევა გულდასმით ხდებოდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: „ახლა, როგორც ჩანს, ამხანაგი სი მკითხაობას დაიწყებს, ჩინეთის არმიის რომელი ქვედანაყოფში არ არის კორუფცია?“.

სხვათა შორის, 2022 წელს სი ძინპინმა ასევე მოხსნა თანამდებობიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, როცა ცნობილი გახდა მისი დანაშაული - აშშ-ში ყოფნისას მას იქ მცხოვრებ ჩინელ ქალთან ჰქონდა სექსუალური კავშირი.

ამერიკელი სამხედრო პირების ვარაუდით, არმიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სახელს უტეხს თვითონ სი ძინპინს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს და აჩენს კითხვებს, შეუძლია თუ არა ჩინეთის არმიას დღევანდელი პოტენციალის შენარჩუნება 2027 წლამდე, როცა პეკინს, სავარაუდოდ, ტაივანზე შეჭრა აქვს განზრახული.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრისაგან განხვავებით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი არ ითვლება გავლენიან სამხედრო ფიგურად ჩინურ სისტემაში, რომელსაც ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხელმძღვანელობს. ამასთან თავდაცვის მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო სახედ მიიჩნევა.

წყარო: https://www.ft.com/content/641446ed-71b1-42f6-a9d8-3bc4d7b7da23

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way