USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
Date:  532

ბიზნესმენი ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელიც მის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა:

“ძვირფასო ბ-ნო ბიძინა,
თუ მე დღეს თქვენ ამ წერილს გწერთ, იმიტომ არა, რომ თქვენგან ველი რაიმე პოლიტიკის ცვლილებას; არამედ იმიტომ, რომ მორალურ ვალდებულებას ვგრძნობ გითხრათ ყველაფერი, რაც თქვენი ჩექმის მლოკავ მრჩევლებს და თქვენს ანტურაჟს აქამდე უნდა ეთქვათ, პატიოსნება რომ ჰქონოდათ.

ძალაუფლებაში თქვენი 10-წლიანი ყოფნისას, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება; ისე დაყავით ქართული საზოგადოება, როგორც არასდროს და სიძულვილი დანერგეთ ოჯახის წევრებს შორის, ახლო მეზობლებს შორის, სტუდენტებს შორის და საუკეთესო მეგობრებს შორის, უპრეცედენტო დონეზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

თქვენ მიიტაცეთ სასამართლო იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც ბრმად მიყვებიან თქვენს ინსტრუქციებს, ციხეში კეტავენ და დევნიან თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს და ემსახურებიან, როგორც თქვენს, ისე თქვენი მხარდამჭერებისა და თქვენთან დაახლოებული პირების ინტერესებს; თქვენ მიიტაცეთ სასამართლო იმ იმედით, რომ ძალაუფლებაში მუდმივად დარჩებით.

კარგით, ნუ გაიხარებთ სასამართლოს კონტროლისთვის, და გახსოვდეთ, რომ ეს მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეთიკა, მორალი და პრინციპები, რომლებიც ამახინჯებენ და აუპატიურებენ სამართლიანობას, რათა დღეს თქვენს ინტერესებს ემსახურონ, ის მოსამართლეები არიან, რომლებიც არანაირ ერთგულებასა და გულმოწყალებას არ გამოიჩენენ, რომლებიც გაგასამართლებენ თქვენ და თქვენთან დაახლოებულ პირებს და ციხეში გიკრავენ თავს, როგორც კი მთავრობა შეიცვლება; ჩვენ მოწმენი ვართ თუ როგორ მოიქცნენ ასეთი მოსამართლეები, როდესაც მათმა ყოფილმა უფროსებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა დაკარგეს ძალაუფლება, და ამის მოწმენი გავხდებით, როდესაც თქვენ დაკარგავთ ძალაუფლებას.

თქვენი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე საქართველოში თქვენი ქველმოქმედება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ არავინ ახსენებს იმ ზიანს, რომელიც თქვენ თქვენი პოლიტიკით საქართველოს ეკონომიკას მოუტანეთ, და ეს შეფასებულია 15 მილიარდზე მეტ აშშ დოლარად, თუ 2013-2020 წლებში ქვეყნის ეკონომიკა დოლარში გაიზრდებოდა საშუალოდ 7%-ით, ნაცვლად 0%-იანი ზრდისა, რომელიც გვქონდა. ცნობისათვის, სააკაშვილის დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა 9 წელიწადში, 2003 წელს 4 მილიარდი დოლარიდან 2012 წელს 16 მილიარდ დოლარამდე.

პირადად თქვენი დანიშნული პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თქვენი მთავრობის „ბრძნული ეკონომიკური პოლიტიკის“ გამო, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება 2022-ში. ვწუხვარ, რომ იმედები უნდა გაგიცრუოთ თქვენც და თქვენს მიერ დანიშნულ პრემიერ მინისტრსაც. ეს ზრდა არ არის თქვენი „ბრძნული ეკონომიკური პოლიტიკის“ შედეგი, რომელიც 2012 წლიდან არ შეცვლილა, არამედ შედეგია უკრაინაში ომისა და ყველა იმ რუსისა, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან საქართველოში რიცხავენ თანხებს და რომლებმაც თავიანთი ბიზნესი გადმოიტანეს ამ ქვეყანაში საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად.

შედარებისათვის, სომხეთის ეკონომიკა, მიუხედავად მათი ომისა აზერბაიჯანთან ამ წელს, 13%-ით გაიზრდება 2022 წლის ბოლომდე, რუსული ფულის შემოდინებისა და რუსი ბიზნესმენების წყალობით, როგორც სომხეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა.
თქვენი მთავრობის არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა ქვეყნის წინსვლისთვის შემუშავებული, არამედ ყველა ეს პოლიტიკა შემუშავებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ძალაუფლებაში უფრო დიდ ხანს დატოვებისთვის.

თქვენ დაიქირავეთ ათობით ათასი უსარგებლო ბიუროკრატი, უმეტესობა მათგანი თქვენს პარტიასთან კავშირში მყოფი, რომლებიც მთელი დღის მანძილზე არაფერს აკეთებენ გარდა კომპიუტერში „Solitaire”-ის თამაშისა, როგორც ვვარაუდობ.
თქვენ რეგულარულად ასუბსიდირებთ ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო მოსავალს, რითაც ახალისებთ ფერმერებს აწარმოონ არამომგებიანი კულტურები.

თქვენ ქმნით სხვადასხვა სტერილურ სოციალურ პროგრამებს, რითაც ტვირთად აწვებით ბიუჯეტს უზარმაზარი სესხით; ყველა ეს პოლიტიკა ასუსტებს ეკონომიკას და აღარიბებთ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ თქვენ ეს სულაც არ გაინტერესებთ, მანამ, სანამ ბენეფიციარები ხმას აძლევენ თქვენს პარტიას არჩევნებში.
თქვენი ხელისუფლებაში 10-წლიანი ყოფნის მანძილზე, ასობით ათასი ქართველი ემიგრაციაში წავიდა. ხალხი მხოლოდ ეკონომიკური სირთულის გამო არ მიდის ემიგრაციაში; ხალხი ემიგრაციაში მიდის მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ენდობიან მთავრობას და ქვეყნის მომავლის იმედს კარგავენ.

სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობა ან მოსახლეობის ღარიბი ნაწილი მიდის ემიგრაციაში, არამედ განათლებული და მაღალანაზღაურებადი გამოცდილი ზედა რგოლის მენეჯერები ტოვებენ საქართველოს და მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგანაც აღარ აქვთ ქვეყნის მომავლის რწმენა.
თქვენი ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე წარმატებული ბიზნესი გახდა ჩემოდნების გაყიდვა.

თქვენ შექმენით თქვენი ქართული ოცნების სატელიტი პოლიტიკური ორგანო, სახელად „ხალხის ძალა“, რომელიც ყოველდღიურად იმეორებს ანტი-დასავლურ სლოგანებს, შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს და განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის ელჩს, ქ.-ნ დეგნანს.

თქვენ მიზანმიმართულად ანადგურებთ საქართველოს ტრადიციულ ურთიერთობებს დასავლეთთან ადამიანების გონების ყოველდღიურად მოწამვლით, ტყუილებითა და მანიპულატორული იმ განცხადებებით, რომლებსაც ავრცელებენ „ხალხის ძალის“ წევრები და თქვენი საკუთარი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერები.
თქვენ უბრალოდ ცდილობთ, რომ გადაიტანოთ ქართული საზოგადოებრივი აზრი პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე იმ იმედით, რომ ერთ-ორ წელიწადში შეგეძლებათ განაცხადოთ, რომ, როგორც „დემოკრატიული მთავრობა“, თქვენ მიყვებით უმრავლესობის არჩევანს და რომ უმრავლესობას სურს არა დასავლეთი, არამედ რუსეთთან დაახლოება.

ალბათ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა ხართ, როდესაც მთავრობა დაუმეგობრდა ოკუპანტს და ზურგი აქცია საკუთარ მოკავშირეებს.

ეს თქვენი არჩევანია და ერთ დღეს შესაძლოა ანგარიშვალდებულიც გახდეთ ქართველ ხალხთან; მაგრამ ერთადერთი, რაც ნამდვილად უნდა გესმოდეთ, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში თქვენი საპარლამენტო უმრავლესობა ხალხმა აირჩია სრულად პრო-ევროპული პროგრამის საფუძველზე, რომელიც მაშინ წარადგინა თქვენი პარტიის თავმჯდომარემ და დღესდღეობით სრულად არალეგიტიმურია, ვინაიდან, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკას ნერგავს, რის გამოც თქვენ აგირჩიეს.
მოკლედ, რომ ვთქვათ, თქვენი 10 წელი სრულად დაფუძნებულია ტყუილსა და

სიცრუეზე. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი ქართველი ხალხი და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება.

თქვენ იცრუეთ თქვენი განზრახვის შესახებ, რომ გსურდათ საქართველო გეხილათ ევროკავშირსა და ნატოში, დიახ, თქვენ აქამდეც და ახლაც ყველაფერს აკეთებთ, რაც თქვენს ხელშია, რომ შეცვალოთ საზოგადოებრივი აზრი პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე.

2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების ორ რაუნდს შორის ტელევიზიით ქართველ ხალხს ევედრებოდით, რომ თქვენი კანდიდატისთვის ხმა მიეცა; თქვენ მოატყუეთ ისინი, როდესაც სთხოვეთ თქვენთვის მოეცათ ერთი წელი სიტუაციის სრულად გამოსასწორებლად და კვლავ არაფერი გააკეთეთ.
თქვენ მოატყუეთ ქართველი ხალხი 2019 წლის ივნისში, „გავრილოვის ღამის შემდეგ“, დაპირდით 2020 წლის სრულად პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ, პირობა ისევ დაარღვიეთ.

თქვენ მოატყუეთ ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება 2021 წლის აპრილში „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერით და 3 თვის შემდგომ დაარღვიეთ შეთანხმება.

10 წლის მანძილზე ატყუებდით ინვესტორებს და ბიზნესმენებს, დაპირდით დიდ შესაძლებლობებს, მაგრამ, ამავე დროს ავიწროებდით სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით, როდესაც ჩამოერთვათ ბინადრობის მოწმობები, ინვესტიციები, მათზე რეკეტი განახორციელეს, თავს დაესხნენ და დატოვეს სასამართლოს მიერ მოტყუებულნი და კანონის წინაშე სრულად დაუცველნი.

და ახლა თქვენს მიერ დანიშნული პრემიერ მინისტრი იწვევს უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიარდ დოლარიანი სხვადასხვა მსხვილი ელექტროსადგურების საქართველოში ასაშენებლად, მაშინ, როდესაც თქვენ სისტემატურად უარს ამბობდით დაგეცვათ უფლებები სხვადასხვა ეროვნების უცხოელი ინვესტორებისა, რომლებიც გენდნენ და ხელი მოაწერეს თქვენს მთავრობასთან მრავალმილიარდ დოლარიანი ჰიდროელექტროსადგურების აშენების შეთანხმებას და ასობით მილიონი დოლარით აზარალეთ ისინი.

10 წლიანი სიცრუის შემდეგ, თქვენი მხარდამჭერების, გულშემატკივრებისა და იმ ხალხის გარდა, რომლებიც ჯერ კიდევ სარგებლობენ თქვენი კორუფციული გარიგებებითა და „გულუხვობით“, თქვენი და თქვენი მთავრობის აღარავის სჯერა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში.

თქვენ სრულად დაკარგეთ ნდობა და ერთი რაც დაგრჩათ არის განაგრძოთ ნისლში სწრაფად სიარული.

პატივისცემით, ფადი ასლი 3 ნოემბერი, 2022 წელი”- აღნიშნულია ფადი ასლის წერილში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way