USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«Newsweek» (აშშ): „უკრაინას იღბალმა ზურგი შეაქცია: სიტუაცია ცუდიდან უარესობისაკენ მიდის“
თარიღი:  170

„ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს მხოლოდ წარუმატებლობას განიცდის. ორიოდე დღის წინათ ბულგარეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემაზე, აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას არ ჩქარობს... და თქვენ წარმოიდგინეთ, კიევში პრეზიდენტის კრიტიკაც დაიწყეს“, - ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინას იღბალმა ზურგი შეაქცია: სიტუაცია ცუდიდან უარესობისაკენ მიდის“ (ავტორი - ბრენდან ქოული).

სამხრეთ უკრაინაში ზამთრის ქარიშხლები ბობოქრობენ და ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიის მანევრებს აბრკოლებენ. ეს ბუნების კაპრიზებია, მაგრამ რა ვუწოდოთ ბულგარეთის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სოფიამ უარი განაცხადა კიევისათვის 100 ერთეული ჯავშანტექნიკის გადაცემაზე? სხვათა შორის, ეს ფაქტი მოწმობს, თუ რა უიღბლო ადამიანია ვოლოდიმირ ზელენსკი: ნათქვამია, უბედურება მარტო არ მოდის, მას მეორეც უკან მოჰყვება ხოლმე

ნატოს წევრის - ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ორსაბათს ვეტო დაადო უკრაინისათვის ჯავშანტექნიკის გადაცემას და განაცხადა, რომ ტანკები მის ქვეყანას საკუთარი საზღვრების დასაცავად ჭირდება. კიევისათვის სულ უფრო მძიმე ხდება სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნება. ბოლო დროს ზედიზედ გაისმის არასასიამოვნო შეფასებები და მომხდარი ფაქტები: ჯერ ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ ომი ჩიხში შევიდაო, შემდეგ კიევის მერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი თავისი შეცდომების ფასს იხდისო, ვლადიმერ პუტინმა კი, რომელსაც სანქციებისა არ ეშინია, რუსეთის ჯარის რიცხოვნობის გაზრდა გამოაცხადა.

„უკრაინას წინ ძალიან მძიმე დრო ელოდება”, - ამბობს Newsweek-თან საუბარში ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE IDEAS) ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ვუკ ვუკსანოვიჩი, - დასავლეთში ელიტაც და საზოგადოებაც საომარი მოქმედებებეისაგან დაიღალნენ“.

იარაღის მარაგი იწურება... ფულთან ერთად

უკრაინისადმი დახმარების საკითხი ცხელ თემად ითვლება რესპუბლიკელთა საარჩევნო კამპანიაში. ორშაბათს „ცეცხლზე ნავთი დაასხა“  თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორმა შალანდა იანგმა, რომლის განცხადებით, რადგან ადმინისტრაციას ფული აღარ აქვს, აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი შეიძლება წლის ბოლოსათვის დასრულდეს. ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები.

რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა უკრაინის უმსხვილესი სპონსორია, ვაშინგტონის დახმარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, უპირველესად კი რუსეთის არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევა. დღეისათვის ამერიკა უკრაინას, ომის დაწყებიდან, უკვე დაეხმარა 44 მილიარდი დოლარით, კონგრესში დასამტკიცებლად წარდგენილია 106 მილიარდი დოლარის პაკეტი, რომელშიც უკრაინის წილი 61 მილიარდი დოლარია, დანარჩენი კი ისრაელისთვის არის განკუთვნილი. წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები მის დამტკიცებაზე უარს აცხცადებენ. შესაბამისად, პაკეტის ბედი მიმდინარე კვირის ბოლოს სენატში უნდა გადაწყდეს, სადაც წევრთა უმეტესობა დემოკრატიული პარტიიდან არიან.

„იმდენად, რამდენადაც უკრაინაში უკვე ძალიან ცივი ზამთარი დადგა, კონგრესმა დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა უნდა დააჩქაროს“, - ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში ჰადსონის ინსტიტუტთან არსებული ევროპისა და ევრაზიის ცენტრის დირექტორი პიტერ რაფი, - ახლა იმის დრო არ არის, რომ დასავლეთის დახმარება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ყოყმანი უკრაინისადმი დახმარების საქმეში დაუშვებელია“.

ვაშინგტონს არაერთხელ მიუღია თხოვნა კიევისაგან ATACMS-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემის თაობაზე, რომლებსაცც, ექსპერტების თქმით, ყირიმის დაბრუნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს რუსების მიერ 2014 წელს ოკუპირებული ამ ნახევარკუნძულის დაბრუნებას ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევის დროს დაპირდა.

მაგრამ კიევის მოკავშირეები იარაღის მიწოდებაზე ყოყმანობენ და თავს იკავებენ. გასულ თვეში ამერიკამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის სპეციალური რაკეტა-ბომბების (GLSDB) მიწოდების საკითხის განხილვა 2024 წლამდე გადაიდო. გერმანიამაც უარი განაცხადა „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემაზე.

იმავდროულად ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმებულან უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. უნგრეთი (და სლოვაკეთიც) მტკიცედ ბლოკავენ კიევისადმი დახმარების საკითხის განხილვას.

უკრაინის ძლიერი დამოკიდებულება დასავლეთის მხარდაჭერაზე, თანაც იმ პირობებში, როცა თვითონ დასავლეთს ნაკლებად სურს დახმარების გაწევა, ვოლოდიმირ ზელენსკის  სერიოზულ პრობლემებს უქმნის, თანაც ახალი წლის წინ. „უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის დახმარების გარეშე თავის სახელმწიფო მოსამსახურეებს და ჯარისკაცებს ხელფასები გადაუხადოს“, - ამბობს გეოპოლიტიკის პროფესორი ჩედომირ ნესტოროვიჩი „ნიუსვიქთან“ საუბარში, - ჯო ბაიდენი მართალია, როცა აცხადებს, რომ თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, პუტინი გაიმარჯვებსო, მაგრამ მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ თუ დასავლეთი უკრაინას დაეხმარება, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი გაიმარჯვებს“.

კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ ძლიერდება

დასავლეთის დედაქალაქებში უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლის გამო დიდი იმედგაცრუება გაჩნდა. ბევრი პოლიტიკოსისთვის მოულოდნელი იყო თვით გენერალ ვალერი ზალუჟნის აღიარება, რომ არმიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ომი ჩიხში შევიდა და ჯარი პოზიციურ ბრძოლაზე გადავიდა. მართალია, პრეზიდენტმა გენერლის ნათქვამი „გაასწორა“ და განაცხადა, რომ სიტუაცია მთლად ისე არ არის, როგორც ვალერი ზალუჟნის წარმოუდგენიაო, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ და გარკვეულწილად სამხედრო წრეებშიც კრიტიკული შეფასებები მატულობს.

კიევის მერმა და კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მძიმე წონაში ვიტალი კლიჩკომ არც აცია, არც აცხელა და ვოლოდიმირ ზელენსკის მკვეთრი დარტყმა მიაყენა: მან თქვა, რომ გენერალი ვალერი ზალუჟნი მართალს ამბობს, პრეზიდენტი კი ცრუობსო.

სამხედრო ანალიტიკოსი და უკრაინის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ვიქტორ კოვალენკო აცხადებს, რომ  ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მომხდარი შეხლა-შემოხლა „რაიმე ახალი ამბავი არ არის“. მისი თქმით, „უცხოური მასმედია, უბრალოდ, უკრაინის საშინაო პრობლემებზე ნაკლებად წერს და უკრაინას თავიანთ მკითხველს უპირატესად ისეთნაირ ქვეყნად წარმოუდგენს, რომ თითქოსდა ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, ყველაფერი კარგად იმართება და ქვეყანა მტერზე იმარჯვებს... მაგრამ რეალობას მაინცდამაინც დიდად ოპტიმისტურს ვერ ვუწოდებთ. სიტუაცია ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა, როცა აშშ-ის კონგრესმა უარი განაცხადა უკრაინისთვის დამატებით დახმარების გამოყოფაზე. კიევში ნერვიულობამ იმატა“.

„თუმცა ისეც არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინა მთლიანად პესიმიზმშია ჩაფლული. პოლიტიკური შეხლა-შემოხლა უფრო მეტად შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, რომელიც, წესით, არ უნდა ხდებოდეს. საწყენია, რომ ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტში ასეთი ფაქტები ხდება“, - ამბობს ვიქტორ კოვალენკო „ნიუსვიქის“ კორესპონდენტთან საუბარში, - ალბათ, სიტუაცია დასავლეთის მიერ დაფინანსების განახლებით გამოსწორდება და უკრაინელი ლიდერები დამშვიდდებიან“.

რუსეთის წინსვლა - ნელი, მაგრამ სტაბილური

ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE IDEAS) ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ვუკ ვუკსანოვიჩის თქმით, „ალბათ, ბევრს ილაპარაკებენ და იდავებენ იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ბახმუტისათვის უკრაინის არმიის „უაზრო ბრძოლა“, როცა მიწასთან გასწორებული ქალაქის დაცვაზე დიდი დრო დაიხარჯა, ბევრი მსხვერპლი შეეწირა და არმიის ბრძოლისუნარიანობა დაასუსტა.

დღეს თითქმის იგივე მეორდება: უკრაინა არ ტოვებს ქალაქ ავდეევკას, რომელიც ასევე მთლიანად არის დანგრეული და მას, პოლიტიკურად სიმბოლურის გარდა, რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. არადა, რუსეთის არმიის შეტევის შედეგად ავდეევკა თითქმის ალყაშია და იქაურ უკრაინულ გარნიზონს საფრთხე ემუქრება.

მართალია, ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსები დიდ ზარალს განიცდიან, მაგრამ არანაკლებ ზარალდებიან უკრაინელებიც. თანაც რუსები ნელ-ნელა წინ მიიწევენ - ორშაბათს მოსკოვის ჯარები ქალაქს ჩრდილოეთიდანაც მიადგნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეკლამირებას უწევს უკრაინის არმიის მიღწევებს შავი ზღვის აკვატორიაში, რომლებიც, ობიექტურად თუ ვიტყვით, მართლაც არსებითია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას საზღვაო ფლოტი თითქმის აღარ ჰყავს. უკრაინის დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების დარტყმების შედეგად მთავარი ბაზიდან - სევასტოპოლიდან - უკან იხევს რუსეთის ოდესღაც მრისხანე შავი ზღვის ფლოტი, რომელიც დღეს ძველი ძლიერების მხოლოდ აჩრდილს წარმოადგენს.

მაგრამ რუსეთის ლიდერმა აჩვენა, რომ იგი ბრძოლის გაგრძელებისთვისაა განწყობილი. ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას რუსეთის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა 410 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელშიც სამხედრო ხარჯები, 2023 წელთან შედარებით, ათჯერაა გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ კრემლის სამხედრო მანქანას დასავლური ანტირუსული სანქციები ვერ შეაჩერებს. სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2024 წელსაც ზრდას გააგრძელებს.

„დასავლეთი თავის გადაწყვეტილებებში ნაკლებად ითვალისწინებს იმას, რომ რუსები [ამტანები არიან] და, შესაბამისად, რუსეთს ე.წ. „ტკივილის შეგრძნების ზღვარი“ უფრო მაღალი აქვს, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს“, - ამბობს ვუკ ვუკსანოვიჩი.

წყარო: https://www.newsweek.com/zelensky-ukraine-luck-russia-war-bad-worse-1849518

 

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.