USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
«Newsweek» (აშშ): „ტრამპის პრეზიდენტობა როგორც საუკეთესო შანსი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“
Date:  1454

„ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უგუნურად ცდილობს უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებასა და ესკალაციას. თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება ყველაფერი შეიცვლება - იგი უზრუნველყოფს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩატარებას და გამოასწორებს იმ ისტორიულ შეცდომას, რომელიც მისმა წინამობედმა დაუშვა“, - წერს ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) სტატიაში სათაურით „ტრამპის პრეზიდენტობა როგორც საუკეთესო შანსი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“ (ავტორი - ტრუპ ჰემენუეი, საპრეზიდენტო დანიშვნების და საკადრო პოლიტიკის საკითხებში რესპუბლიკური ასოციაციის ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ მოსთხოვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს, რომ მას ყველას გასაგონად გაეჟღერებინა თავისი გეგმა ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. „თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს კონფლიქტი, მაშინ დღესვე ყველას გასაგონად თქვას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. საპასუხოდ დონალდ ტრამპმა დაურეკა უკრაინის ლიდერს და დათანხმდა პირად შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ, მშვიდობისაკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების განსახილველად.

დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს მშვიდობის პრსპექტივა უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული. საერთაშორისო საზოგადოება უკვე აღიარებს იმას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გატარებულმა ომის ესკალაციის უგუნურმა პოლიტიკამ სისხლისღვრა უფრო გააფართოვა.

მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, რაც იყო, ის უკვე მოხდა და წარსულს ჩაბარდა. ცუდად თუ კარგად, მაგრამ ჯო ბაიდენის წასვლით აშშ-ის პოლიტიკიდან და რუსეთ-უკრაინის ომის არენიდან საბოლოოდ გაჩნდება კონფლიქტის შეწყვეტის, სისხლისღვრის შეჩერების შესაძლებლობა და ამერიკის გარეშე მოწინააღმდეგეები გაერთიანებას ვერ შეძლებენ.

ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რომ ომის შეწყვეტას მოლაპარაკების მეშვეობით შეეცდება, რასაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დღემდე აქტიურად ეწინააღმდეგება. დემოკრატებს საქმე ბირთვული ომის დაწყებამდე მიჰყავთ. უკრაინის  გამარჯვება რუსეთზე თავიდანვე მიუღწეველი იყო, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩაენერგა რწმენა როგორც ამერიკელი ამომრჩევლების, ასევე უკრაინელებისათვის, თითქოსდა კრემლის კრახი სულ მალე მოხდებოდა. თეთრი სახლის ასეთმა რიტორიკამ ურთიერთიბა აშშ-სა და რუსეთს იმდენად გაამწვავა, რომ ივნისში რუსული ატომური წყალქვეშა ნავები უკვე კუბაზე, ანუ აშშ-ის ტერიტორიასთან (ფლორიდასთან) ახლოს გამოჩნდნენ.

აცნობიერებდა რა „მუდმივი ომებისაგან“ დაგროვილ აშშ-ის დაღლილობას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას სამომავლოდ დახმარება სესხის სახით უნდა მიეცეს, ანუ კიევმა ვალი ვაშინგტონს აუცილებლად უკან უნდა დაუბრუნოს. აშშ-ის ხაზინის მილიარდობით თანხა, ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლად, მარცხნივ და მარჯვნივ არ უნდა იფანტებოდეს და ყოველი დახარჯული დოლარი გაკონტროლებული უნდა იყოს.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ: რით ან რაში გამოიხატება აშშ-ის ინტერესები უკრაინის ომში? იმაში, რომ რუსეთს „სისხლის გამოშვებას“ ვუწყობთ? მაგრამ განა უკრაინაც უარესად არ იცლება სისხლისგან? რა არის ჩვენი მიზანი - ევროპა მთლიანად ჩამოვაშოროთ რუსეთს და მოსკოვი ჩინელი კომუნისტების მკლავებში ჩავაგდოთ - ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით? პეკინისა და მოსკოვის გაერთიანება გვინდა ჩვენ - ამერიკის შეერთებულ შტატებს?

გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბევრი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შეიცვალა პრორუსული რეჟიმები პროდასავლური ხელისუფლებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული რუსეთის მოკავშირეები ან უკვე დამხობილები არიან, ან გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო სამოქალაქო ომების წინაშე დადგნენ. ამასობაში რუსებს ჩამოუყალიბდათ რწმენა (მართალი თუ მცდარი - ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს), რომ მეზობელი ქვეყნების ხელისუფლების ცვლილებებში დამნაშავე დასავლეთია და რომ, ადრე თუ გვიან, მათაც იგივე ბედი ეწევათ.ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, რომ მოსკოვი თავს კუთხეში მიმწყვდეულივით გრძნობს, განსაკუთრებით ნატოს პერმანენტული გაფართოების შედეგად. რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ უსამართლოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსების რაღაც „გრანდიოზული გეგმის“ დადასტურებას, რომ მათ ევროპის დაპყრობა ან სსრ კავშირის აღდგენა სურთ.  ჩვენ ზოგჯერ ჩვენს წარმოდგენებში ვაჭარბებთ.

ამიტომაც დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კონფლიქტი ტყუილუბრალოდ მიმდინარე დაპირისპირებას წარმოადგენს, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა გარკვეული შეთანხმებებისა და ძალის დემონსტრირების ერთმანეთთან შეთავსებით. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კი უპირატესობა საპირისპირო მიდგომას მიანიჭა - ჩაერია უკრაინის საშიანო საქმეებში, წააქეზა ქვეყნის ხელისუფლება კრემლის წინააღმდეგ და ამით რუსეთის ლიდერი ამერიკის წინააღმდეგ განაწყო. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ულმობელი კონფლიქტი, რომლის შედეგად იღუპებიან არამარტო „ჩვენი მტრის“ - რუსეთის ჯარისკაცები, არამედ ჩვენი მეგობარი უკრაინელებიც, თიტქმის მთლიანად ინგრევა უკრაინის ეკონომიკა, კატასტროფული ხდება დემოგრაფიული სიტუაცია, მილიონობით უკრაინელი უცხოეთშია გაქცეული და ქვეყნის არსებობას საფრთხის წინაშე დგება.

განა ჯო ბაიდენის პოლიტიკა გამართლებული და შეზომილია იმ უდიდეს ხარჯებთან, რაც კონფლიქტის გაჭიანურებას მოაქვს?

ისტორია გვახსენებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგი მარშალის ფერდინანდ ფოშის მოქმედებას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხვდებოდა - ომი წაგებული იყო, მაინც უაზროდ აკლავდა ათასობით ფრანგ ჯარისკაცს გერმანელებს („ბერლინზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“)  და ამით უამრავ ადამიანს ამწარებდა - ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს... ფიტავდა საფრანგეთის ეკონომიკას და ანგრევდა. კიდევ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცის სისხლი უნდა დაიღვაროს, რამდენი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე უნდა დაიღუპოს და რამდენი ქალაქი უნდა იქცეს ნანგრევებად, რომ ვაშინგტონელმა ლიდერებმა თავიანთი „მამლაყინწობა და პუტინზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა“ შეწყვიტონ?

ყველა ეს კაბინეტის გენერლები, თავიანთი „დივანის ჯარებით“, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „ზრუნავენ“, რაც აშშ-ის (და საერთოდ, დასავლეთის) ისტორიულ შეცდომას წარმოადგენს. დასავლეთის მიერ გატარებული ასეთი პოლიტიკა რუსეთს, სადაც ჯერ კიდევ ბევრი კომუნისტური ცნობიერების გადმონაშთია შენარჩუნებული, ჩინელ კომუნისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ და გაერთიანებისაკენ უბიძგებთ. რიჩარდ ნიქსონის რეალური საგარეო პოლიტიკის უდიდესი მიღწევა ის იყო, რომ მან 1970-იანი წლების დასაწყისში სოლი ჩაასო რუსეთს (სსრკს-ს) და ჩინეთს შორის და ცივ ომში აშშ-ის გამარჯვებისათვის ნიადაგი მოამზადა. ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა კი ამიერიდან ის იქნება, რომ მან, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, 37-ე პრეზიდენტის ღვაწლს ხაზი გადაუსვა. ახლა ჩინელი ლიდერი სი ძინპინი თავის რუს კოლეგას პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს და კრემლს დასავლური სანქციების გადალახვაში ეხმარება. მივიღეთ ის, რომ საბოლოო ჯამში ორივე აშშ-ის წინააღმდეგ გამოდიან.

დონალდ ტრამპი კიევს მშვიდობის გზას სთავაზობს. უკრაინელები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ ეროვნულ მომავალზე და არ უნდა გამორიცხონ მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა რუსეთთან. მართლაცდა, სულ უფრო მეტი უკრაინელი ფიქრობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, დროებით კომპრომისზე, ეკონომიკის აღდგენაზე და უკრაინული სოფლებ-ქალაქთა ნანგრევებზე ახალი და უკეთესი ცხოვრების დაწყებას. მათ პირველ რიგში უნდა იფიქრონ საკუთარ შვილებზე და შვილიშვილებზე და არა ვაშინგტონელი დემოკრატი პოლიტიკოსების მიზნების შესრულებაზე.

დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია, რომელიც მიზნად სისხლისღვრის შეწყვეტას ისახავს, უკრაინელ მრავალტანჯულ ხალხს მშვიდობას და იმედს მოუტანს - და ამით ამერიკელი ხალხიც შვებით ამოისუნთქებს, რომელმაც სოლიდარულად აიღო საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი ხარჯები ამ გაჭიანურებული და უაზრო კონფლიქტის გამო.

წყარო: https://www.newsweek.com/trump-presidency-best-chance-peace-ukraine-opinion-1929640

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way