USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
Tbilisi
«Newsweek» (აშშ): „საქართველო - ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს“
Date:  646

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის” (Newsweek) ელექტრონულ ვერსიაში (ვებ-გვერდზე) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს“ (ავტორი - მეთიუ ტოსტევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში თითქმის ყველა შენობაზე - სამთავრობო კომპლექსებიდან პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებამდე - ევროკავშირის ოქროსფერვარკვლავიანი ლურჯი ბაირაღები ფრიალებენ, რომლებიც ისეთივე სიმრავლით გამოირჩევიან, როგორც წმინდა გიორგის ჯვრიანი ეროვნული დროშები.

მაგრამ, დასავლური სიმბოლიკის სიუხვისა და მოსახლეობის უმრავლესობის პროდასავლური (ევროატლანტიკური) განწყობის მიუხედავად, საქართველოს მტავრობის ურთიერთობა აშშ-სტანა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან სწრაფად უარესდება. ამ ფონზე იზრდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოპულარობა. დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ევროატლანტიკური სოლიდარობა განამტკიცა, რაც ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებით გამოიხატა, თუმცა ოდესღაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზღურბლთან მდგარი საქართველო, რომელიც წუთი-წუთზე ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო, როგორც ჩანს, ახლა უკუმიმართულებით მოძრაობს.

საქართველო თავისი 3,7-მილიონიანი მოსახლეობით აშშ-ის იმავე სახელწოდების მქონე შტატზე მხოლოდ ერთი მესამედით არის დიდი. უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ეპოქაში თბილისის პრობლემები ვაშინგტონის პრიორიტეტებში არ შედის, მაგრამ რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, მასთან ახლოს მდებარეობს ირანი. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობ- და გაზსადენების სატრანზიტო მარშრუტი. ქვეყნები, რომლებიც დღეს მათ წინაშე გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენებაზე ფიქრობენ, ინტერესით უყურებენ საქართველოს: შეძლებს თუ არა დასავლეთი მის შენარჩუნებას თავის გავლენის ქვეშ?

საქართველოს მთავრობის პროდასავლელი მოწინააღმდეგეები სიტუაციას რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომად წარმოაჩენენ - თბილისის გაკონტროლების მიზნით - შიშობენ, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ბოლო შანსი აღმოჩნდეს მთავრობის პრორუსული კურსის შესაკავებლად. 

„ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი და ვიცით, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა“, - აცხადებს ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე, - „ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკურ არჩევნადაც ვთვლით“.

არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც პრემიერ-მინისტრის გიორგი კობახიძის ოფისი „ნიუსვიქისათვის“ კომენტარს არ აკეთებენ. ჩუმად არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

დასავლეთის ქვეყნები აპროტესტებენ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ კურსს, რომელიც, მათი აზრით, ავტორიტარული და ანტიდემოკრატიულია. ამას წინათ, ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოური ჩარევების აღსაკვეთად, პარლამენტმა მიიღო რუსული კანონის მსგავსი სამართლებრივი აქტი „უცხოური აგენტების“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“) შესახებ, რომელიც დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანოზაციების დასავლური დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული.

   შეიძლება ითქვას, რომ  დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ასაწყობად ათწლეულობით გაწეული შრომა წარუმატებელი გამოდგა: საქართველო, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ნატოსა და ევროკავშირის მიღმა რჩება. არადა, კრემლის პირისპირ მდგარი თბილისი იმედოვნებდა, რომ დასავლეთისგან ეკონომიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს მიიღებდა

ამასობაში კი რუსეთ-უკრაინის ომმა გააძლიერა ეჭვი, რომ მსგავს საგანგებო სიტუაციებში საქართველოს დასავლეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს ეჭვი ქართველების ცნობიერებაში ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როცა 2008 წელს, რუსეთის აგრესიის დროს, საქართველომ დახმარება ვერ მიიღო. დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს.

„დასავლეთი სტრატეგიულ მეტოქეობას აგებს, - აღნიშნავს „ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია, - რეგიონში თავიანთი ინტერესები აქვთ ჩინეთს, თურქეთს, ირანს და რუსეთს. საკითხი მხოლოდ საქართველოს კი არ ეხება, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიას“. პოლიტოლოგის აზრით, ჰიპოთეტური ომის შედეგები, თავისი მნიშვნელობით, კავკასიის ჩარჩოებს სცილდებიან.

„საქართველოს დაკარგვა აშშ-ის, ნატოსა და დასავლეთისათვის ძალზე სერიოზული მარცხი იქნება, თავისი გეოპოლიტიკური შედეგებით - როგორც სტრატეგიული, ისე სიმბოლური მნიშვნელობით“, - თვლის ლაურა ლინდერმანი, აშშ-ის ატლანტიური საბჭოს ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

„საქართველო ევრაზიის შიდა რეგიონებისა და ევროპის დამაკავშირებელ ქვეყანას წარმოადგენს. ეს გარემოება ზრდის მის მნიშვნელობას დასავლეთისათვის, განსაკუთრებით კი ევროპისათვის, რომელიც ცდილობს ენერგეტიკული უზრუნველყოფის დივერსიფიცირება განახორციელოს, განსაკუთრებით კასპიის ენერგორესურსების მიღების მიზნით. საქართველოს დაკარგვა ვლადიმერ პუტინის გამარჯვება და ნატოსა და დასავლეთის დიდი სირცხვილი იქნება“, - ხაზს უსვამს ლაურა ლინდერმანი.

უკანასკნელ თვეებში საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესდა, თუმცა თეორიულად საქართველოს კვლავს სურს ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. ივლისში ბრიუსელმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში წევრად მიღების პროცესი, რომლის მიზეზი ზემოთ ნახსენები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება გახდა. ბრიუსელმა ასევე დაამუხრუჭა 32 მილიონდოლარიანი სამხედრო დახმარების გაწევაც. „და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა მაშინ პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

თავის მხრივ, უკმაყოფილების ნიშნად, პენტაგონმაც გადადო ყოველწლიური საზაფხულო სამხედრო წრთვნები (კოდური სახელწოდებით Noble Partner), რომელიც აშშ-ის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე ტარდებოდა ხოლმე. ამერიკამ ასევე გამოაცხადა იმ ქართველი პოლიტიკოსებისათვის ვიზების გაცემა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის დარღვევაში.

„ჩვენ ისე ახლოს ვიყავით დასავლეთთან ინტეგრაციასთან, როგორც არასდროს. ეს იყო ინტეგრაციის რეალური გზა, პირველი მცდელობა ჩვენს ისტორიაში“, - სინანულით ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე კრევო-ასათიანი, - ახლა კი ყველა პროცესი გაყინულია. დადგა დიპლომატიური კრიზისი ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობაში“.

პრიორიტეტების ცვლა შესამჩნევია თბილისში არსებული ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალური საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაზეც: შენობის შესასვლელში არსებული კიბე ყვავილების გამყიდველმა დაიკავა. პირველ სართულზე მდებარე ოთახი, სადაც რამდენიმე ქვეყნის დროშა ჰკიდია, ცარიელია - სამუშაო დღის მიუხედავად. დაცვის მუშაკის თქმით, დაწესებულება არ მუშაობს, თუმცა, როგორც ცენტრის წარმომადგენლებმა „ნიუსვიქს“ უთხრეს, ისინი აქტიურად მონაწილეობენ იმ ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ“. ასეა თუ ისე, ეჭვი მაინც არსებობს.

იმის გამო, რომ დასავლეთმა საქართველოს კრიტიკა დაიწყო, თავის მხრივ, მმართველმა პარტიამაც დასავლეთის მიმართ მიდგომები გაამკაცრა.

როგორც გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია სარჩელს შეიტანს სასამართლოში ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის’ აკრძალვის მიზნით. „ქართული ოცნების“ ლიდერები თვლიან, რომ ოპოზიცია საზღვარგარეთიდან იმართება „ომის გლობალური პარტიის“ მიერ, რომლის მიზანს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა და მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა წარმოადგენს. დასავლეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოში „ფსევდოლიბერალური“ იდეოლოგიის გავრცელებას, რაც, მაგალითად, „ლგბტ+“-საზოგადოების დაცვაში გამოიხატება.  მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს „ფსევდოლიბერალიზმის“ წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენა პარიზის ოლიმპიადის გახსნის გახმაურებული  ცერემონია, რითაც განმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი ქართული საზოგადოებისათვის ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების შესახებ კიდევ ერთი ახალი კანონის მიღება.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმსაც წარმოადგენს, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - ირჩევს მშვიდობას თუ ომს, მორალურ დეგრადაციას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, მონურ დამოკიდებულებას საგარეო ძალების მიმართ თუ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს“, - აცხადებენ პარტიაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნბულნი არიან, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ არცჩვნებში გამარჯვება უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ოპონენტების მტკიცებით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ამის არგუმენტად მოაქვთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩატარდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ: მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს წევრობას. მართალია, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს ევროპის ლიბერალური პოლიტიკა, მაგრამ მათ იზიდავს გადაადგილების თავისუფალი რეჟიმი, ვაჭრობა, სამუშაო ადგილები, რასაც, მათი აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება მოუტანს. (...)

ოპოზიცია ძველებურად საკმაოდ დაშლილია, რაც მმართველი პარტიისათვის მომგებიან სიტუაციას ნიშნავს. ექსპერტები მიუთითებენ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ კოზირზე - ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ რესურსებზე. დედაქალაქს ზემოდან მილიარდერის კუთვნილი მინა-ფოლადისაგან აგებული სასახლე გადმოჰყურებს, რომელიც ოპოზიციამ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების ნეგატიური გმირების „ბუდედ“ შერაცხა.

„ძნელია არჩევნების მოგება იმ დროს, როცა 300 ათას სახელმწიფო მოსამსახურეს მთავრობა აკონტროლებს, როცა ხელისუფლება მათ ადმინისტრაციული რესურსის სახით იყენებს“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, - ისიც ანგარიშგასაწევი გარემოებაა, რომ საქართველოს საწარმოების მფლობელთა (ბიზნესმენთა) 80% მხარს მმართველ პარტიას უჭერს“.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმებიან დასავლეთის მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, მაგრამ ეჭვი შეაქვთ მათ ეფექტურობაში. „ჩვენ იმ დონემდე მივედით, რომ რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებაში ღრმად ჩანერგა აზრი - დასავლეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა მმართველი პარტიის მამაცურ მოქმედებას ნიშნავს.“, - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი, - ისეთი შეგრძნებაა, რომ უკვე გვიანია რაიმე დაუპირისპირო ხელისუფლების პოლიტიკას“.

მართალია, მმართველ პარტიას ოპოზიცია „პრორუსულ ძალად“ ნათლავს, მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია მარტივად არ არის - საქართველოს საკმაოდ წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს.

ანტირუსული და ანტიდასავლური გრაფიტები თბილისის შენობების კედლებზე მოწმობენ იმას, რომ ქართველებში მოსკოვისადმი მტრობა საკმაოდ ძლიერია. რუსეთის იმპერიამ საქართველო 1801 წელს მიიერთა, ხოლო როცა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, სამი წლის შემდეგ მას თავს რუსეთის წითელი არმია დაესხა და საქართველო ფაქტიურად ისევ რუსეთის (საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქვეყანა კვლავ სუვერენული 1991 წელს გახდა, საბჭოური იმპერიის დაშლის შემდეგ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში გორში არსებული სახლ-მუზეუმი ძველებურად რცება სალოცავ ადგილად მათთვის, ვინც საბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდს სიყვარულით იხსენებს. მართალია, მუზეუმში არის მცირე გამოფენაც, რომელიც საქართველოზე რუსეთის არმიის თავდასხმასაც ეძღვნება.

„ყოფილი საბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში ყველგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნოსტალგია აქვთ საბჭოთა პერიოდზე, ისინი მცირერიცხოვანნი არიან, მაგრამ მაინც“, - ამბობს მუზეუმის გიდი კერძო საუბარში.

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია დაიწყო ნატოს ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ალიანსის დეკლარაციაში ჩაიწერა ფრაზა - „საქართველო და უკრაინა ოდესმე ნატოს წევრები გახდებიან“. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმიამ ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონში - „სამხრეთ ოსეთში“ - გაკონტროლების მიზნით შესულ ქართული ჯარის ნაწილებს უკან დაახევინა  და „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელი გახდა, რაც მოგვიანებით უკრაინაში განხორციელდება რუსეთის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ბევრ ლაპარაკობს „მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“, რუსეთის მხრიდან არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ კრემლი ოკუპირებულ ანკლავებზე - „სამხრეთ ოსეთზე" და აფხაზეთზე - კონტროლს შეასუსტებს უფრო მეგობრული ქართული მთავრობისათვის.

საქართველოს მხოლოდ რუსეთზე არ ამყარებს იმედს - დასავლეთთან უტანხმოების გაღრმავების კვალობაზე თბილისი კავშირებს აფართოებს პეკინთანაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივის - „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ჩარჩოებში ჩინური კომპანიები საქართველოში აქტიურად აშენებენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ამერიკელი ინვესტორების უარის შემდეგ სწორედ ჩინელები დათანხმდნენ შავი ზღვის ნაპირზე ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობას. აშკარად შეინიშნება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების ერთმანეთთან დაახლოებას. ჩინეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ამასწინანდელ მოხსენებაში საქართველო წარმოდგენილია ისეთ ქვეყნად, რომლის საქმეებშიც აშშ არის ჩარეული.

„საქართველო სამაგალითო ქვეყანა ხდება რუსეთის პერიფერიის ქვეყნებისათვის, რომლებიც გარკვეულწილად იკავებენ როგორც პროდასავლურ, ასევე პრორუსულ და პროჩინურ პოზიციას“, - ამბობს დონალდ ჯენსენი, ვაშინგტონში მდებარე მშვიდობის ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, - „საქართველო შეიძლება ნაცრისფერ ზონაში აღმოჩნდეს: არ დაექვემდებაროს რუსეთს, გაატაროს მრავალვექტორული პოლიტიკა და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოს. შესაძლოა, რუსეთის სხვა პოსტსაბჭოელი მეზობლები სწორედ ასეთ კურსს გაატარებენ“.

წყარო: https://www.newsweek.com/georgia-ukraine-russia-united-states-nato-eu-democracy-lgbtq-war-1944226

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way