USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«Newsweek» (აშშ): „ნამდვილად სურს თუ არა ამერიკას უკრაინის რუსეთზე გამარჯვება?“
თარიღი:  424

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნამდვილად სურს თუ არა ამერიკას უკრაინის რუსეთზე გამარჯვება?“ (ავტორი - დევიდ ბრენანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინა 2023 წლის საომარი მოქმედებების სეზონს შეუსრულებელი მოლოდინებისა და განუხორციელებელი გეგმების ტვირთის ქვეშ ამთავრებს: უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მახსოვრობაში 2023 წელი არასასიამოვნო მოგონებების წლად დარჩება - დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც, საბოლოო ჯამში ქვეყნის არმიის სარდალმა ვალერი ზალუჟნიმაც აღიარა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

კიევი მთელი ძალისხმევით ცდილობს დასავლელი მოკავშირეების სიმპათიები შეინარჩუნოს და მათ ერთიანობაში უთანხმოება არ დაუშვას. მაგრამ ოდესღაც მონოლითური დასავლეთის სიმტკიცეში ბზარები გაჩნდა, რომლებიც სულ უფრო ფართოვდება. ევროპაში მომრავლდნენ ულტრმემარჯვენე ლიდერები, რომლებიც ანტიუკრაინულ პოზიციებს ამჟღავნებენ და ქვეყნის ლიდერები ხდებიან, აშშ-ში კი უკროსკეპტიციზმი ძლიერდება - ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. „უკრაინელები აშკარად ხედავენ მოკავშირეების გაუბედაობას და შეშფოთებას ომის შესაძლო ესკალაციის გამო. უკრაინელები ხედავენ, რომ დასავლეთს რუსეთის პროვოცირება არ სურს“, - ამბობს  Newsweek-თან ინტერვიუში დენიელ ვეიდაჩი, კომპნია Yorktown Solutions-ის ხელმძღვანელი, რომელიც ვაშინგტონში უკრაინის ინტერესების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება. „ამერიკა ფრთხილად მოქმედებს, რის გამოც კიევს ეჭვნარევი კითხვები უჩნდება: მართლაც სურს ვაშინგტონს, რომ უკრაინამ რუსეთზე გაიმარჯვოს? დიდი ალბათობით, პასუხი ასეთი იქნება: არ სურს. იმიტომ, რომ თუ უკრაინა გამარჯვებს, დამარცხებულ რუსეთში შეიძლება დიდი არეულობა დაიწყოს“, - ამბობს დენიელ ვეიდაჩი.

თეთრი სახლი უკრაინის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში თანდათანობის პრინციპს ინარჩუნებს. ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, თუ უკრაინას ძალიან ბევრს ძალიან სწრაფად მისცემენ, არავინ იცის, როგორ ისარგებლებს ამით უკრაინა. შესაძლოა ისეთი ესკალაცია მოხდეს, რომ კარიბის კრიზისი მონაგონი იქნება.  

დასავლურ პრესაში გახშირდა პუბლიკაციები, რომ უკრაინა, ზამთრის დადგომისა და წარუმატებელი კონტრშეტევის გამო, შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებაზე დათანხმდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ვარაუდებს უარყოფს. კრემლის პოზიციის თანახმად, მოსკოვი ღიაა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ერთი პირობით: უკრაინამ უნდა აღიაროს რეალური სიტუაცია და შეურიგდეს ტერიტორიულ ცვლილებებს.

დენიელ ვაიდიჩის თქმით, ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რომელსაც უკრაინული საზოგადოება არ მოიწონებს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულს ნიშნავს - „არჩევნებით ან არჩევნების გარეშე“.

აქსიომაა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბრძოლა დასავლეთის დახმარების გარეშე. დღეს უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, უკრაინის ბიუჯეტი ძირითადად დასავლურ ფინანსურ გადასხმებზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებზე. კიევი ბრიუსელისა და ვაშინგტონის იმედით სულდგმულობს.

ამას წინათ ამერიკელმა ექსპერტებმა რიჩარდ ჰაასმა და ჩარლზ კუპჩანმა ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ წარუმატებელი კონტრშეტევის გამო უკრაინას და მის მოკავშირეებს თავიანთი სტრატეგიის გადაფასება მოუწევთ. ორივე ექსპერტმა Newsweek-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინა ახალ რეალობებს კარგად ვერ აცნობიერებს. „უკვე მომწიფთა სიტუაცია, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსია დაიწყოს. ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, კიევმა მსგავს დისკუსიებს ტაბუ დაადო. სწორედ ასეთი მოქმედება უწყობს ხელს ომების დაუსრულებლობას და გაჭიანურებას“, - ამბობს ჩარლზ კუპჩანი.

რიჩარდ ჰაასის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაში საჭიროა გარკვეული შუალედის ძიება, რომლის ჩარჩოებში სტრატეგია უნდა შემუშავდეს. მაგალითად, უკრაინა უარს არ ამბობს ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ამ პროცესში პაუზას აკეთებს: „შეიძლება პაუზა წლები და ათწლეულები გაგრძელდეს. შეიძლება ეს საკითხი რუსეთში ხელისუფლების ცვლილებამდე გადაიდოს - პოსტპუტინური პერიოდის დადგომამდე, ან სულაც პოსტ-პოსტპუტინურ ეპოქამდე“.

როგორც რიჩარდ ჰაასი ამბობს, სამხედრო ბალანსის გათვალისწინებით, უკრაინა თავის ტერტორიებს სრულად ვერ დაიბრუნებს: „ჩვენ უკვე საომარი მოქმედებების ორწლიანი შედეგების მოწმენი ვართ. ძალიან საეჭვოა, რომ გაისად, სხვა მსოფლიო მოვლენების ფონზე, როცა უკრაინისადმი დასავლეთის ყურადღება სუსტდება, კიევი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს. ამიტომაც, რუსეთის გეგმების გასანეიტრალებლად, აუცილებელია უკრაინამ შეისვენოს და ძალა მოიკრიბოს“.

„ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც დადგება მომენტი, როცა უკრაინელები საკუთარ თავს ასეთ კითხვას დაუსვამენ: რა ვაკეთოთ? სავარაუდოდ, ამჟამად ყველაზე გონივრული იქნება უკრაინამ რესურსები დააგროვოს იმ ტერიტორიის აღსადგენად, რომელსაც დღეს თვითონ აკონტროლებს (ანუ ქვეყნის ფართობის 82%).

აშკარაა, რომ ბევრი უკრაინელისათვის მიუღებელია დასავლელი პარტნიორების სავარაუდო მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისათვის, ტერიტორიების დაბრუნების გარეშე - ანუ თუნდაც მოკლევადიან კაპიტულაციაზე. მაგრამ დროა დანაკარგებიც გაანალიზდეს: ზოგიერთი შეფასებით, უკრაინამ ორწლიან საომარ მოქმედებებში 100 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს.

ამასთან, უკრაინელები აცნობიერებენ, რომ დასავლეთი მათი მდგომარეობის გამო დიდ დისკომფორტს განიცდის. დასავლური საზოგადოება ჯერ კიდევ ითმენს და იტანს ამ დისკომფორტს, მაგრამა მათი მოთმენა უსასრულო არ იქნება.

„უკრაინისათვის რუსეთისადმი ნდობა დიდ პრობლემას წარმოადგენს“, - ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში ივან სტუპაკი, უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის მრჩეველი, - როგორ უნდა აიძულო რუსეთი, რომ კრემლმა დაპირებული სიტყვა შეასრულოს?“.

რა თქმა უნდა, საქმე არც რუსეთში არ არის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა რუსეთს ომში წარმატებულ მხარედ წარმოაჩენს, მოსკოვს ბევრი პრობლემა აქვს შექმნილი. ვლადიმერ პუტინმა უკრაინა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა იგი [დასავლეთისაგან] პრიზს ელოდება უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის სახით. „კრემლი თვლის, რომ ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია მის სასარგებლოდაა“, - ამბობს რიჩარდ ჰაასი, - მოსკოვი კარგად ხედავს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ ტენდენციებს ევროპაში, კარგად ხედავს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს, რომ უკრაინის მიმართ ამერიკელთა მხარდაჭერა სუსტდება... ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ასეთია: „მოდით, ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსები სანთელს ანთებენ და დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის ლოცულობენ“.

ჩარლზ კუპჩანის თქმით, უკრაინამ რუსეთს უნდა მიბაძოს და გრძელვადიანად იმოქმედოს, როგორც ამას ვლადიმერ პუტინი აკეთებს: „კიევმა მოლაპარაკების გზით უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, უნდა აღადგინოს ეკონომიკა (დასავლეთის დახმარებით), დაელოდოს პუტინის წასვლას და ტერიტორიების დაბრუნებაზე იფიქროს. დღეს ჰორიზონტზე მსგავსი იმედი არ ჩანს, მაგრამ მოდით გავიხსენოთ: განა ვინმეს სჯეროდა 35 წლის წინ, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ნატოს წევრები გახდებოდნენ? არავის არ სჯეროდა, მაგრამ ისინი გახდნენ. აშკარაა, რომ პუტინი ითმენს და იმედი აქვს, დასავლეთი მის პირობებს დათანხმდება. მოდით, როლები გავცვალოთ და ჩვენც დაველოდოთ მის წასვლას“.

წყარო: https://www.newsweek.com/us-want-ukraine-defeat-russia-putin-biden-zelensky-peace-talks-1846772

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.