USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«Newsweek» (აშშ): „მითი პუტინის დიდი მოაზროვნისა და ხელმძღვანელის თაობაზე გამოაშკარავდა“
дата:  

ამერიკულ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მითი პუტინის დიდი მოაზროვნისა და ხელმძღვანელის თაობაზე გამოაშკარავდა“ (ავტორი - ბრენდან კოული).

ვლადიმერ პუტინის მითიური შარავანდედი ფერმკრთალდება, რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ რეპუტაციას კარგავს, მისი პრესტიჟი და ავტორიტეტი თურმე  მტკიცე და შეურყეველი არ ყოფილა, როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეგონათ - ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ოდესღაც კრემლი ცდილობდა, რომ ცხენზე ამხედრებული, წელზევით შიშველი ვლადიმერ პუტინის ფოტოსურათის რეკლამირებით რუსეთის ძლიერი პრეზიდენტის სახე შეექმნა - ისეთი ლიდერისა, რომელიც ყველაფერს ყოველთვის აკონტროლებს. მაგრამ, როცა უკვე ყველა ხედავს რუსეთის არმიის წარუმატებელ საომარ მოქმედებებს და „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელმძღვანელის  ევგენი პრიგოჟინის დაუმორჩილებლობას, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება და მის მიერ ჩამოყალიბებული ვერტიკალი ძველებურად საიმედო და მტკიცე რეჟიმის შთაბეჭდილებას აღარ ტოვებს.

უკრაინაში შეჭრამდე ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია მსოფლიოში მაღალი რეიტინგით სარგებლობდა - იგი [კრემლის პროპაგანდით] ისეთი ლიდერის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ყველაფერი ხელეწიფებოდა, ყველაფერი იცოდა - სად და როდის შეიძლებოდა თავისი გეგმის რეალიზება, კოზირების გამოყენება და პოლიტიკური თამაშების წარმოება.

2008 წელს საქართველოსთან მომხდარი ხუთდღიანი ომის შედეგები, რომელთა თანახმად, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონები „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა, ხოლო სინამდვილეში მათი ოკუპირება მოახდინა, კრემლმა რუსული სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების აღორძინებად წარმოადგინა. ექვსი წლის შემდეგ, 2014 წელს, რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია განახორციელა - ამ ფაქტმა ქვეყნის შიგნით მოწონება დაიმსახურა, საზღვარგარეთ კი მხოლოდ დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთება.

ფაქტიურად, რუსეთს დაუსჯელობის გრძნობა გაუჩნდა. კრემლმა მომდევნო ნაბიჯი გადადგა უკრაინის დესტაბილიზების მიზნით - 2014 წლიდან ხელი შეუწყო დონბასელ რუსულენოვან სეპარატისტებს და უკრაინაში სრული შეჭრისათვის მოემზადა. მანამდე კი ვლადიმერ პუტინმა რუსული არმიის ქვედანაყოფები ახლო აღმოსავლეთში - სირიაში გაგზავნა. „სირიაში კრემლი, ბაშარ ასადთან დაახლოების კვალობაზე, დასავლურ ინტერესებს დაუპირისპირდა. ამით რუსეთის ლიდერმა ერთგვარი გეოპოლიტიკური სტრატეგოსის სახელი მოიხვეჭა“, - ამბობს ხათუნა მშვიდობაძე, აშშ-ის ჯორჯ ვაშინტონის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების პროფესორი.

უკრაინაში შეჭრით, ომის გაჩაღებით და დონბასის ანექსიით ვლადიმერ პუტინმა ისეთი დიდი ლუკმა მოკბიჩა, რომლის დაღეჭვა და გადაყლაპვა ვერ შეძლო. როგორც გაჟონილი ინფორმაციებიდან ჩანს (მკაცრი ცენზურის პირობებშიც კი!), ფრონტებზე საქმე მთლად კარგად არ მიდის და მოსახლეობა ამას ამჩნევს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტების 8-წლიანი დახმარების შემდეგ ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ უკრაინაში პრორუსული განწყობა სუფევდა - სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ქვეყნის დედაქალაქს კიევს ხელში სწრაფად ჩაიგდებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში. დღეს უკვე ნათელია, რომ 17-თვიანმა ბრძოლებმა რუსეთს ცოცხალი ძალის დიდი მსხვერპლი მოუტანა, დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას და რისკები გააჩინა იმისა, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა თავისივე ახლო გარემოცვის ნდობა დაკარგოს.

„გასულ წელს ხერსონ-ხარკოვის ოლქებში რუსეთის არმიის უკანდახევით ვლადიმერ პუტინის სამხედრო ძლიერების მისტიკურ შარავანდედს გამანადგურებელი პიარ-დარტყმა მიადგა. გარდა ამისა, „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ, მისმა „მოსკოვურმა ლაშქრობამ“ და ფაქტიურმა დაუსჯელობამ (ამ საქმეში ბევრი რამ საიდუმლოებით არის მოცული) რუსეთის პრეზიდენტის 23-წლიან მმართველობას საფუძველი შეურყია. პუტინი ამ კრიზისებიდან დასუსტებული გამოვიდა“, - ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში ტომ რობერტსი, ნორტჰემპტონის (მასაჩუსეტსი) კოლეჯის ევრაზიული და რუსული კვლევების კათედრის დოცენტი.

„ამბოხებამ რუსეთში ქაოსური სიტუაციის წინაპირობები შექმნა: გავრცელდა ცნობები, რომ ვლდიმერ პუტინმა მოსკოვიდატოვა... გარდა ამისა, იმ ინფორმაციებმა, რომ „ვაგნერმა“ რამდენიმე რუსული ვერტმფრენი და ძვირადღირებული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხელი შეუწყო და დამატებითი წონა შესძინა მოარულ ხმებს ვლადიმერ პუტინის ქმედითუნარიანობისა და კონტროლის დაკარგვის შესახებ. მოგვიანებით კრემლის პროპაგანდისტებმა სიტუაცია ისე წარმოადგინეს, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკონტროლებდა, რომ მსგავსი სიტუაციების მართვა და განმუხტვა ვლადიმერ პუტინისათვის ჩვეულებრივ საქმეს წარმოადგენდა და რომ მას შეცდომის პატიება და შენდობა შეუძლია.

„ფაქტია, რომ უკრაინის წინაღმდეგ მთელი ომის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ - ვლადიმერ პუტინი არ ზრუნავს რუსეთის მოქალაქეთა სიცოცხლეზე, პრეზიდენტს ახალგაზრდა თანამემამულეები მხოლოდ ჯარისკაცებად, მხოლოდ ომისთვის ჭირდება. ასეთია მისი ამბიციების „სიკეთე“, - ეუბნება „ნიუსვიქის“ კორესპონდენტს მარკ ტემნიცკი, ატლანტიური საბჭოს თანამშრომელი. იგივე თვალსაზრისი აქვს დიანა ნემეცს, რუსული ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროფესორს კარლტონის კოლეჯიდან: „რუსული არმია იშლება, მას ძალა აღარ აქვს, ხოლო ხელისუფლების პროპაგანდისტებს ყველაფრის გამართლება უჭირთ“.

კრემლი მოსახლეობას უმალავს ფრონტზე განცდილ დანაკარგებს, ცენზურა მთელი ძალით მუშაობს და ვინც ხელისუფლების მიმართ ოდნავ წინააღმდეგობას გამოამჟღავნებს, მას ციხე ელოდება, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.newsweek.com/putin-russia-myth-mastermind-1812704

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати