USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
«Newsweek» (აშშ): „მატულობს იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს“
Date:  

„მატულობს იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს“ - ასეთი სათაური აქვს ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ბრენდან ქოული), რომელშიც უკრაინაში მაის-ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ზოგადად, ისეთი სიტუაციაა, რომ რუსეთი და უკრაინა შორს დგანან მოლაპარაკების მოგიდიდან და არცერთი დაჯდომას არ აპირებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არამარტო თვითონ უარყო ნებისმიერი შეთანხმების დადება რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან, არამედ მსგავი მცდელობაც ძირშივე აღკვეთა - საკანონმდებლო აქტით აკრძალა მოლაპარაკება თავის რუს კოლეგასთან.

მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე, „დრონი იცვალენ“: უკრაინის პრეზიდენტმა ამას წინათ ბრიტანული „ბიბისის“ ეთერით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ნოემბერში დაგეგმილ „მეორე სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათო. მისი თქმით, თუ მოსკოვი მზად არის განიხილოს სამშვიდობო გეგმა და ცეცხლი შეწყვიტოს - გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, „მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მოსკოვთან მოსალაპარაკებლად“. სხვათა შორის, „ნიუსვიქმა“ კომენტარებისათვის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე წერილობით მიმართა, თუმცა კიევიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.

თავის ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი არ უტქვამს ტერიტორიის დათმობაზე მშვიდობის სანაცვლოდ - კიევი და მისი მოკავშირეები, აშშ-ის ჩათვლით, ასეთი კომპრომისის წინააღმდეგნი არიან. მათი პოზიციით, ვლადიმერ პუტინისათვის ტერიტორიული დათმობები დაუმსახურებელი ჯილდო იქნება.

მაგრამ საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ თვითონ უკრაინელები ამ საკითხზე.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს იმას, რომ უკრაინის საზოგადოებრივი აზრი ნელა, მაგრამ პერმანენტულად იცვლება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელთა 32% თანახმაა რუსეთს, „მშვიდობის მიღწევისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების სანაცვლოდ“, გარკვეული ტერიტორიები დაუთმოს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის თებერვალში ასეთი აზრის მქონე უკრაინელთა რაოდენობა მხოლოდ 26% იყო, ხოლო გასული წლის თებერვალში - მხოლოდ 9%.

„უკრაინელთა მორალური სული და მზადყოფნა ტერიტორიების დასაბრუნებლად სწრაფად სუსტდება ეკონომიკური მდგომარეობის გამოფიტვისა და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგების გამო“, - განუმარტავს „ნიუსვიქს“უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი და არმიის ყოფილი ოფიცერი ვიქტორ კოვალენკო, - ჩვენი შეიარაღებული ზალები თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ და არ აქვთ შესაძლებლობა კონტრშეტევაზე დასაწყებად. გარდა ამისა, ურყევ მხარდაჭერაზე დასავლეთის განცხადების მიუხედავად, სამომავლო სამხედრო დახმარების გარანტიები უკრაინელებისათვის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება“.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 55% ჯერ კიდევ წინააღმდეგია ტერიტორიების გადაცემაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიევის ასეთი კომპრომისის პასუხად მოსკოვი საომარ მოქმედებებს შეწყვეტს. მაგრამ ტერიტორიის დათმობის მოწინააღმდეგეთა წილი განუხრელად მცირდება. შედარებისათვის: გასული წლის დეკემბერში მათი რაოდენობა 74%-ს აღწევდა, 2024 წლის თებერვალში კი - 65%-ს, ანუ რაც დრო გადის, სულ უფლო კლებულობს.

აღმოჩნდა, რომ ტერიტორიული დათმობის მოწინააღმდეგე უკრაინელების რაოდენობა დამოკიდებულია რესპოდენტთა საცხოვრებელ ადგილებზე: ყველაზე მეტი მოწინააღმდეგეა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში – 60%, ყველაზე ნაკლები კი სამხრეთში - 46%.

როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, მათ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში არ არის დაზუსტებული, თუ რომელი დასათმობი ტერიტორიები იგულისხმება, ასევე არ არის ლაპარაკი არც კაპიტულაციაზე და არც „მშვიდობაზე ნებისმიერი პირობებით“.

კითხვაზე, თუ მშვიდობის რომელ მისაღებ პირობაზე არიან თანახმანი, რესპოდენტთა 62%-მა დაასახელა „ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება და ევროკავშირში გაწევრიანება“ (ნატოს წევრობის გარეშე).

ვარიანტი - „დათმობილი იქნას ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები (დონბასი), სანაცვლოდ იმისა, რომ მთლიანად დაბრუნდეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებასთან ერთად“ - პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს   და მომხრეა 53%.

როგორც ვიქტორ კოვალენკო თვლის, იმ უკრაინელების ბანაკის შესუსტება, რომლებიც 1991 წლის საზღვრების აღდგენის მომხრენი არიან, ვოლოდიმირ ზელენსკის აძლევს მეტი დიპლომატიური თავისუფლების შესაძლებლობას, რომ მან საომარი მოქმედებები დაასრულოს და ამ მხრივ უკრაინულ საზოგადოებაში სერიოზულ წინააღმდეგობას არ შეხვდეს.

„პრეზიდენტს აქვს საშუალება, რომ დაფიქრდეს - მოიკვეთოს დონბასი და ყირიმი, სამაგიეროდ კი დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოს და პერსპექტივაში უკრაინა გააძლიეროს. დღეს უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილი ისედაც აცნობიერებს, რომ თითქმის მთლიანად დანგრეულ-გაპარტახებული დონბასი უკრაინისთვის, ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ზედმეტი ტვირთი იქნებოდა და ხელს შეუშლიდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს უკრაინელი ანალიტიკოსი.

ინსტიტუტის დირექტორის ანტონ გრუშეცკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ტერიტორიულ დათმობებზე საკმაოდ ფრთხილად იყო დასმული, უკრაინელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არიან თანახმა „მშვიდობის დამყარებაზე ნებისმიერი პირობებით“.

გამოკითხვაში, რომელიც 16-22 მაისს და 20-25 ივნისს ჩატარდა, უკრაინის ყველა იმ ოლქის მოსახლეობა მონაწილეობდა, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს. ცდომილება 5%-ს შეადგენს.

წყარო: https://www.newsweek.com/ukraine-russia-poll-war-peace-cede-territory-1929069

 

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way