USD 2.7262
EUR 2.9514
RUB 2.8281
Tbilisi
«New Statesman»: „უკრაინის აღდგენისათვის საჭიროა ასობით მილიარდი დოლარის თანხა“
Date:  208

„რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის „ნიუ სთეითსმენის“ (New Statesman) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნეოლიბერალური ბრძოლა უკრაინის აღდგენისათვის: საჭიროა ასობით მილიარდი დოლარის თანხა“ (ავტორი - ლილი ლინჩი). „ქვეყნის აღდგენას 500 მილიარდ დოლარზე მეტი და რამდენიმე თაობის შრომა დაჭირდება. ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ტურბოლიბერალური რეჟიმი“ ქვეყნის განვითარებას და უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2023 წლის იანვარში დავოსის ფორუმზე ამერიკული საინვესტიციო ტრანსნაციონალური კორპორაციის BlackRock-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ „უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა შეიძლება ერთგვარ შუქურად იქცეს იქცეს დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომელიც კაპიტალიზმის ძალის დემონსტრირება იქნება“. ამერიკელი ფინანსისტისათვის უკრაინის აღდგენა წარმოადგენს არა უბრალოდ საქმიან ოპერაციას, არამედ იდეოლოგიურ შესაძლებლობასაც: თუ დასავლელი პოლიტიკური ლიდერები უკრაინის ომშის ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების საბაბს ხედავენ, ლარი ფინკისა და მისი თანამოაზრეებისათვის ეს არის შანსი იმისათვის, რომ კაპიტალიზმის მიმართ უკვე საკმაოდ მინავლებული რწმენა გამოაცოცხლონ.

იდეა არცთუ ახალია. ლარი ფინკის ნათქვამი ეხება თითქმის 30-წლიან პროექტს, რომელიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთმა თავს მოახვია უკრაინას და მის მეზობლებს - „შოკური თერაპიითა“ და მრავალი სხვა უბედურებით. მიმდინარე ომმა ახალი „რბილი“ ფორმულა მოიტანა: ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შერწყმა სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებთან, კერძოდ, ხელოვნურ ინტელექტთან და გაციფრებასთან. ო,ოს დაწყებიდან უკრაინამ უკვე მიიღო დასავლური დახმარების ნაკადი როგორც ფინანსური სახით, ისე ქსპერტების, კონსულტანტებისა და სხვა სპეციალისტების სახით. ამის შედეგი გახდა რადიკალური ექსპერიმენტები ხელოვნური ინტელექტის დანერგვით განნაღმვის სფეროში და კოსმოსიდან მონაცემების შეგროვებაში.

უკრაინის აღდგენა წარმოუდგენლად რთულ ამოცანას წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის ამასწინანდელი შეფასებით, დანგრეული ქვეყნისათვის აუცილებელი გახდება 500 მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტირება. გარდა გამაოგნებელი ადამიანური დანაკარგებისა, ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას - საომარი მოქმედებების პირველივე წელს უკრაინამ 35%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტი დაკარგა. სირარიბის დონე ოთხჯერ გაიზარდა და ამჟამად ყოველი მესამე ოჯახი სურსათის დეფიციტს განიცდის. უფრო მეტიც - უკრაინის ტერიტორიის 15%, რომელიც ჩვენი პლანეტის ყველაზე ნაყოფიერ და მოსავლიან მიწებს მიეკუთვნებოდა, ახლა საშინლად არის დაბინძურებული ნაღმების, ბომბების, რაკეტების, დრონებისა და მძიმე ტექნიკის ნამსხვრევებით, მომწამვლელი ნივთიერებებით და სხვა მავნე საგნებით.

უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული სიტუაცია იმითაც რთულდება, რომ ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ქვეყანა ეკონომიკურად უკვე კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პირველი გარდამავალი პერიოდი დამანგრეველი იყო: სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია სწრაფად და ხშირად ყოველგვარი წესების დარღვევით განხორციელდა. 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა ისეთი ოლიგარქია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მდგრად ინსტიტუტად გადაიქცა.

უკრაინაში პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია უფრო დემოდერნიზაცია იყო, ვიდრე მოდერნიზაცია. დეინდუსტრიალიზაციის შედეგად გაქრა სამუშაო ადგილები, რის შედეგადაც მოსახლეობის რაოდენობამაც „გაქრობა“ დაიწყო - ადამიანებმა საზღვარგარეთ წასვლა დაიწყეს. თუ 1991 წლისათვის უკრაინის მოსახლეობა 52 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა, 2020 წლისათვის მხოლოდ 44 მილიონი დარჩა.

ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ქვეყნის ხელისუფლებაში 2019 წელს მოვიდა - ნაწილობრივ იმ პოპულარული ტელესერიალის წყალობით, რომელიც სატირულ-იუმორისტულად იყო წარმოჩენილი ქვეყნის პოსტსაბჭოური მდგომარეობა. მთავრობამ გამოაცხადა „ნეოლიბერალური რეფორმების ტურბორეჟიმი“, რომელიც ბიუჯეტის შემცირებას, სახელმწიფო ქონების გაყიდვასა და სიციალური გარანქტიების შემცირებას ითვალისწინებდა. იმავდროულად ახალი ტექნოლოგიებისადმი ყურადღება ხელისუფლების ერთ-ერთ მტავარ მიმართულებად იქნა არჩეული - როგორც თანამედროვე მტავრობის სიმბოლო. ჩამოყალიბდა ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროც. უნდა ითქვას, რომ IT-სექტორში უკრაინამ მართლაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

სხვათა შორის, რუსეთთან ომმა IT-სექტორის მკვეთრი განვითარება გამოიწვია - უკრაინა „ხელოვნური ინტელექტის“ პოლიგონად გადაიქცა - დასავლური კომპანიები თავიანთ ნოვატორულ იდეებს ექსპერიმეტების სახით უკრაინაში რეალური დროის რეჟიმში ახორციელებდნენ. ასე შეიქმნა დრონების მართვის ტექნოლოგიები შორეულ მანძილზე, მათი მარშრუტების მომზადება ისე, რომ დრონმა (უპილოტო მფრინავმა აპარატმა) რუსულ რადიოელექტრონულ დაბრკოლებებს თავი აარიდოს.

და მაინც, ხელისუფლების რიგმა რეფორმებმა მოსახლეობის მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია  - მაგალითად, 2020 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა შეეცადა მიეღო კანონი პროფკავშირების როლის შემცირების შესახებ (დასაქმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების სფეროებში), მაგრამ მიზანი ვერ განახორციელა.

უკრაინისათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იქნება საზღვარგარეთ წასული თავისი 6,5 მილიონი მოქალაქის დარწმუნება იმაში, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და მონაწილეობა მიიღონ დანგრეული ქვეყნის აღდგენაში. მთავრობა მძიმე სიტუაციაში იმყოფება: უცხოელი ინვესტორების ინტერესი რომ შეინარჩუნონ (მათ ხომ რეგიონებში იაფი მუშახელის არსებობა იზიდავთ!), ხელისუფლებამ ლტოლვილების რეპატრიაცია უნდა განახორციელოს, მაგრამ განა ევროპაში და ამერიკაში (აშშ, კანადა) მყოფი ლტოლვილები სამშობლოში დაბალი ანაზღაურებისთვის დაბრუნდებიან?

როგორც ლონდონის ეკონომიკის სკოლის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლიუკ კუპერი ამბობს, უკრაინის ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი უნდა თქვას რეფორმების გატარების სწრაფ, ე.წ. „ტურბო-ლიბერალურ“ რეჟიმზე და სერიოზულად უნდა იფიქროს თანხების აკუმულირებაზე, რათა შრომით დაკავებულმა მოსახლეობამ შემოსავლების ზრდის ტემპი იგრძნოს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

უკრაინის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი იქნება და ამისთვის რამდენიმე თაობის დიდი შრომა და ძალისხმევა იქნება აუცილებელი. უეჭველია, რომ უკრაინას ამერიკული „სილიციუმის ველის“ ლიბერალური სპეციალისტები „შოკურ თერაპია - 2“-ს შესთავაზებენ, მაგრამ კითხვაზე - დაეხმარება თუ არა უკრაინას ასეთი ზომები განვითარებისათვის - ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.newstatesman.com/the-weekend-essay/2024/08/the-neoliberal-battle-for-ukraines-reconstruction

 

region
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way