USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«New Statesman» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინის ენდშპილი: დასავლეთში განხეთქილებისა და აშშ-ის პრეზიდენტის დათმობების ფონზე ვლადიმერ პუტინი უარს არ ამბობს თავის მიზანზე - უკრაინის დაუფლებაზე“
Date:  867

ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „პუტინის ენდშპილი: დასავლეთში განხეთქილებისა და აშშ-ის პრეზიდენტის დათმობების ფონზე ვლადიმერ პუტინი უარს არ ამბობს თავის მიზანზე - უკრაინის დაუფლებაზე“ (ავტორი - ქეით სტალარდი, უფროსი რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი მიმდინარე ამბებით კმაყოფილია და ტკბება. ამას წინათ იგი რუს ბიზნესმენებს ხვდებოდა და ლაპარაკი გაუგრძელდა, ამ დროს კი დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრის დაწყება ახლოვდებოდა. პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა რამდენჯერმე ანიშნა, მაგრამ პუტინმა - „არაფერია, მოიცდის, სამუშაო არსად გაექცევაო“ - თქვა და ლაპარაკი გააგრძელა. ბიზნესმენებმა ხმამაღლა გაიცინეს. პუტინმა დააზუსტა, პესკოვზე ვთქვიო, მაგრამ არავინ დაიჯერა. აშკარად ჩანდა, რომ რუსი პრეზიდენტის ხუმრობა თავის ამერიკელი კოლეგის მისამართი იყო ნათქვამი. ძირითადი აზრი ნათელი იყო: ვლადიმერ პუტინი არ ჩქარობდა დონალდ ტრამპთან საუბარს.

როცა ერთი საათის შემდეგ ორმა ლიდერმა ისაუბრა, კრემლის ბინადარის დაუდევრობა და უდარდელობა გამართლებული აღმოჩნდა: დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უყვირა და თეთრი სახლიდან გააგდო, ვლადიმერ პუტინის წინაშე კი შაქარივით დატკბა - საუბარს მან „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა.

რატომ უკმევს ტრამპი გუნდრუკს პუტინს? დიახ, რუსეთი დონბასის ფროტზე წარმატებას აღწევს. ისიც ფაქტია, რომ რუსეთის არმიამ კურსკის ოლქიდან უკრაინული ქვედანაყოფები გააძევა. თუმცა მთავარი მაინც სხვა ფაქტორია - გეოპოლიტიკური რღვევის ხაზმა ადგილი შეიცვალა. დონალდ ტრამპის მოსვლით აშშ-ის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი უკრაინისა და ევროპის დანაწილების შესაძლებლობას ხედავს. როგორც მინიმუმი, მას იმედი აქვს, რომ ოკუპირებულ რეგიონებს შეინარჩუნებს. იგი უკვე ითხოვს, რომ უკრაინა მუდმივად ნეიტრალური იყოს და ნატოს წევრი არ გახდეს (დიდი ალბათობით, შეიძლება ისიც მოისურვოს, რომ უკრაინა არც ევროკავშირში არ მიიღონ). ვლადიმერ პუტინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგებას, მაგრამ მას ასევე კატეგორიულად სურს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოშორების მიზნით, რათა  ხელისუფლებაში უფრო პრორუსული ლიდერი მოიყვანოს. მოკლედ, პუტინის აზრით, უკრაინა ან რუსეთის ორბიტაზე უნდა იყოს, ან უნდა განადგურდეს.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ასეთი მოთხოვნები ფანტასტიკურად იქნებოდა შერაცხული. გავიხსენოთ, რომ ომის პირველ პერიოდში, 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ისეთი სახიფათო სიტუაცია იყო, რომ ბევრს ეგონა რუსეთი მართლაც დამარცხდებოდა. 2023 წელს კრემლის არმია ერთ ადგილს ტკეპნიდა, შემდეგ კი თითოეული ქალაქ-სოფლის აღება დიდ დანაკარგებს იწვევდა. მაგრამ ახლა, როცა აღარ არის არც ჯო ბაიდენი და მისი ფიციც („უკრაინას დავეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭიროა“) წარსულში დარჩა, რუსეთისათვის ჰორიზონტი იმედიანი გახდა.

ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც დონალდ ტრამპის პირველი ვადის პრეზიდენტობა კარგად გაანალიზა, დაინახა, რომ ამერიკელ ლიდერს ძალიან მოსწონს ქება-დიდება და მაამებლობა, იგი მგრძნობიარეა თბილი სიტყვების მიმართ და ადვილად ექცევა თითქოსდა მომგებიანი გარიგების ტყვეობაში. იმავდროულად დონალდ ტრამპი ვერ იტანს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის მიმართ ზიზღსაც გამოხატავს, უწოდებს „დიქტატორს“ და სხვა მსგავსი სიტყვებით ამკობს. ვლადიმერ პუტინი ხედავს, რომ დონალდ ტრამი ნეგატიურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, „რომელიც აშშ-ის საწინააღმდეგოდ მის საპირწონედ არის შექმნილი“. ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა კრემლის მხრიდან დაშვებული, თუ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ევროფობიას თავის სასარგებლოდ არ გამოიყენებდა და ამ უპირატესობით არ ისარგებლებდა.

რა თქმა უნდა, უეჭველია, არის ის მიზეზებიც, რის გამოც ვლადიმერ პუტინსაც სურს ცეცხლის შეწყვეტა და დაზავება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის არმიამ, წარმატებასთან ერთად, დიდი დანაკარგებიც განიცადა: დაღუპული და დასახიჩრებულია 900 ათასამდე ჯარისკაცი, რუსეთმა დაკარგა თითქმის 12 ათასი ტანკი და საბრძოლო ჯავშანმანქანა, ასობით თვითმფრინავი და შავის ზღვის სამხედრო ფლოტის 20-მდე გემი,  ფლაგმან „მოსკოვის“ ჩათვლით. დიახ, რუსულმა ეკონომიკამ გაუძლო სამწლიან სანქციებს, გადავიდა სამხედრო რელსებზე, ძველი ქარხნები ისევ ამუშავდა და სამხედრო პროდუქციას უშვებენ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზეა, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, უკვე შესამჩნევია ეკონომიკის „გადახურებისა“ და კრიზისის ნიშნები, იზრდება ფასები, ინფლაციის დონე...

და მაინც რუსეთის ხელისუფლება მტკიცედ და მყარად დგას. მთავრობა მობილიზაციას არ აცხადებს, მაგრამ ჯარისკაცებს ომში საბრძოლველად დიდფულიანი კონტრაქტებით იზიდავს. თუ ისინი დაიღუპებიან, ოჯახები მსხვილ თანხას იღებენ კომპენსაციის სახით.

პუტინის რეჟიმს დამაჯერებლობას მატებს იარაღის მუდმივი მიწოდება ირანიდან და ჩრდილოეთ კორეადან. უფრო მეტიც - ფხენიანი მოსკოვს დასახმარებლად თავის ჯარისკაცებსაც უგზავნის. მართლაცდა, ჩრდილოკორეელებმა კურსკის ოლქში, საწყისი წარუმატებლობის მიუხედავად, უკრაინელებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.

სანქციების მიუხედავად, რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტს აგრძელებს. კრემლი დიდ შემოსავლებს იღებს ნავთობის მიწოდებით ისეთი დემოკრატიული ქვეყნებიდან, როგორებიცაა ბრაზილია და ინდოეთი. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინისათვის უფრო კარგი იქნება როგორც სანქციების შესუსტება ან საერთოდ გაუქმება, ასევე რუსეთის მიწვევა საერთაშორისო ფორუმებში და კლუბებში, მაგალითად, „დიდ შვიდეულში“, საიდანაც კრემლი 2015 წელს გააძევეს (იმ დროს დიდ შვიდეულს“ „დიდი რვიანი“ ერქვა). ასევე ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინისათვის, რომელსაც ოფიციალური ვიზიტების განხორციელება სურს, კარგი იქნებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გაუქმება. თუმცა კრემლისათვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის დამარცხება და რუსეთის გავლენის სფეროების აღდგენა.

რაც შეეხება რუსეთის საშინაოპოლიტიკურ ვითარებას, ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვით, რესპოდენტთა 80% თვლის, რომ რუსეთმა ომი გამარჯვებამდე უნდა გააგრძელოს, თუნდაც ახალი სანქციების ფონზე. ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კი რეკორდულად მაღალია - 88%.

(...)

ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა შეზღუდულია. თუ აშშ-ის კონსტიტუცია არ შეიცვლება, მისის მმართველობა ოთხი წლის შემდეგ შეწყდება. კრემლმა ისიც იცის, რომ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ შეიძლება კონგრესზე კონტროლის დაკარგოს, სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ. რუსეთის ლიდერი მიიღებს ყველა დათმობას, რასაც მას დონალდ ტრამპი შესთავაზებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით იგი არ ავლენს არავითარ ნიშნებს იმისას, რომ მზადაა სანაცვლოდ რაღაც მნიშვნელოვანი და ფასეული დათმოს. ვლადიმერ პუტინს არ სურს საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩინეთთან ურთიერთობაც, როგორც ამას ტრამპის ზოგიერთი გულუბრყვილო მხარდამჭერი ვარაუდობს.

ვლადიმერ პუტინი აცნობიერებს იმას, რომ აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტს კურსის შეცვლა შეუძლია, ამიტომ საეჭვოა, რომ მან საკუთარი უსაფრთხოება ამერიკული დემოკრატიის კაპრიზებს დაუკავშიროს. იგი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა რუსეთის სასარგებლოდ და გზადაგზა თავის ამერიკელ კოლეგას მაცდური პროექტები და წინადადებები შესთავაზოს (ვთქვათ, ციმბირის წიაღის ერთობლივი ათვისების გეგმა). შესაძლოა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოებში რამდენიმე შეთანხმებას დადებს, მაგრამ უარს არ იტყვის თავის საბოლოო მიზანზე - აიძულოს კიევი შეურიგდეს გარდაუვალ პერსპექტივას, რომ უკრაინა მეორე ბელარუსი გახდება, თუმცა უფრო დიდი.

პირველად ომის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, გააცნობიერებს, რომ ასეთი შედეგი მისთვის ხელმისაწვდომია და რომ ეს მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენს, აშშ-ის გულგრილობის ფონზე.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way