USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«New Statesman» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინი სასამართლოს წინაშე: დასრულდება თუ არა წარმატებით რუსეთისათვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესის მოწყობის მცდელობა უკრაინაში ომის გამო?“
Date:  465

ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი სასამართლოს წინაშე: დასრულდება თუ არა წარმატებით რუსეთისათვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესის მოწყობის მცდელობა უკრაინაში ომის გამო?“ (ავტორი - იდო ვოკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1941 წლის ივნისში მოკავშირეებისათვის სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია უსიხარულო იყო: ევროპის უდიდეს ნაწილზე, დიდი ბრიტანეთის გარდა, ნაცისტური გერმანია და მისი სატელიტები ბატონობდნენ. მართალია, ლონდონმა თავიდან აიცილა ვერმახტის შეჭრა, მაგრამ ლიუფტვაფეს ყოველდღიურ სასტიკ დაბომბვებს მაინც ვერ გადაურჩა.

სწორედ ასეთ შემაშფოთბელ კონტექსტში 14 მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელი ლონდონის სენტ-ჯეიმსის სასახლეში შეიკრიბა, რომ განცხადება გაეკეთებინათ. იმ დროს გამარჯვება ჯერ კიდევ არ ჩანდა ჰორიზონტზე, მაგრამ მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ბრძოლა გაეგრძელებინათ, თან მომავალი მსოფლიოს პარამეტრებიც გამოკვეთეს: ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმომწერლებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში მტკიცე მშვიდობის ერთადერთ საფუძვლად ითვლება თავისუფალი ხალხების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა, აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.

სწორედ იმ დროს გაჩნდა საერთაშორისო სამართალში ახალი პრინციპი - კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის როგორც აგრესიის ფორმალური კრიმინალიზება.  სწორედ ასეთი სახის დანაშაულით წაუყენეს ბრალი ოთხი წლის შემდეგ ფაშისტ ლიდერებს ნიურნბერგის საერთაშორისო სასამართლოს პროცესზე. ასევეთივე ბრალდებით დაისაჯნენ იაპონელი ლიდერებიც არანაკლებ ცნობილ საერთაშორისო ტრიბუნალით, რომელიც 1946-48 წლებში ტოკიოში მიმდინარეობდა.

სწორედ გერმანელი და იაპონელი დამნაშავენი იყვნენ პირველნი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისათვის დაისაჯნენ 1940-იანი წლების მეორე ნახევარში. მაგრამ ისინი უკანასკნელნი არ ყოფილან. იმიტომ, რომ მსოფლიო კვლავ დარჩა აგრესიის საფრთხის პირისპირ. პოსტნიურნბერგულ მსოფლიოში კიდევ მოხდა ომები სომალსა და ეთიოპიას შორის 1977 წელს, აშშ-ის შეჭრა ერაყში 2003 წელს, მაგრამ არცერთი ლიდერი ამ და სხვა ომების გაჩაღებისათვის პასუხისგებაში არ მიცემულა.

როგორც ცნობილია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მაგრამ მისი პრაქტიკული რეალიზება უდიდეს პოლიტიკურ და სამართლებრივ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული. როგორ დააკავებენ მოქმედ რუს ლიდერს? როგორი ფორმით ჩატარდება სასამართლოს პროცესი - დასწრებულად და დაუსწრებლად? და ყველაზე უსიამოვნო ის გარემოებაა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ იმდენი ომები მოხდა, იმდენი მსგავსი დანაშაული იქნა ჩადენილი და ახლა გამოდის, რომ პირველი პროცესი მაინცდამაინც ევროპაში, დემოკრატიული ტრადიციების კონტინენტზე უნდა გაიმართოს.

როგორც ფილიპ სენდსი - ბრიტანეთში მცხოვრები ფრანგი იურისტი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალისტი ამბობს (იგი აქტიურად მხარს უჭერს რუსი ლიდერების პასუხიმგებლობაში მიცემას), „აგრესიის ჩამდენი სახელმწიფოს ლიდერი უკანონო ომის გამჩაღებელს წარმოადგენს. აგრესიის გამო პასუხისმგებლობა ნიურნბერგის პროცესის სტატუტში თვითონ საბჭოთა კავშირმა შეიტანა. პროცესზე მოსმენების 70% კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებს ეხებოდა“.

ანტონ კორინევიჩის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის თქმით (იგი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მიმართულებით მუშაობს), უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სავარაუდოდ, დაახლოებით 20 რუსი ლიდერი უნდა მიეცეს - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების - სერგეი ლავროვისა და სერგი შოიგუს ჩათვლით, აგრეთვე რუსეთის მთავრობის სხვა წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაარსების დღიდან, ბევრი რამ აქვს გაკეთებული. 2018 წელს კი, ათწლიანი დისკუსიის შემდეგ, მან აგრესიის დანაშაულზე იურისდიქციაც მიიღო. მაგრამ მთავარი სიძნელე იმაშია, რომ იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ 24 ქვეყნის ლიდერზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს 1998 წლის რომის სტატუტში ცვლილების შეტანას და მისი რატიფიცირება მოახდინეს. სამწუხაროდ, ამ ცვლილებას არ აღიარებენ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოები - აშშ, რუსეთი, ჩინეთი... რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს, რომლის შტაბ-ბინა ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაშია, არ აქვს უფლებამოსილება აღნიშნული ქვეყნების ლიდერების გასამართლების თაობაზე.

მაგრამ ისინი, ვისაც რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვის წევრების გასამართლება სურთ, ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდებს და შესაძლებლობებს განიხილავენ. მაგალითად, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი დასავლელი მხარდამჭერები თვლიან, რომ ამისათვის შეიძლება სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნას, რომელიც, ტრადიციულად,  გაეროს ძალისხმევით ხდება. ცნობილია სპეციალური ტრიბუნალები იმ დანაშაულებების გამოვლენისა და ჩამდენების დასასჯელად, რაც ყოფილ იუგოსლავიაში, რუანდაში, კამბოჯაში და ლიბანში მოხდა, მაგრამ ისინი ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ აგრესიას არ ეხებოდნენ

იმდენად, რამდენადაც რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივის წევრია და მოსკოვი დაინტერესებული არ იქნება (არ არის) მსგავსი ტრიბუნალის შექმნით, კრემლის წარმომადგენელი ამგვარ წინადადებას ნამდვილად ვეტოს დაადებს. შესაძლოა ეს საკითხი უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა გაეროს გენასამბლეაზე წამოსწიონ, მაგრამ იქაც იქნებიან მოწინააღმდეგეები.

თუ როგორი შეიძლება იყოს აგრესიის გამჩაღებლების დამსჯელი საერთაშორისო ტრიბუნალი, ეს ინტენსიური მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს. ამის მიზეზი მარტივია: 1940-იანი წლებიდან, ანუ ნიურნბერგის პროცესის შემდეგ მსოფლიოში აგრესიის გამო სახელმწიფოთა ლიდერების სამართლებრივი დევნის პრეცედენტი აღარ ყოფილა. „პრინციპში, ბევრი ქვეყანა თანახმაა,რომ ასეთი ტრიბუნალი არსებობდეს“, - ამბობს ანა რუბეზამე, საერთაშორისო სამართალმცოდნე და ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი, - თუმცა მისი საბოლოო ფორმა ჯერ კიდევ შესამუშავებელია“.

უკრაინის ომს ძნელად თუ ვუწოდებთ პირველ აგრესიულ ომს, რომელიც 1945 წლიდან მოხდა მსოფლიოში. მსგავსი ომების მაგალითად უნდა ჩაითვალოს თურქეთის არმიის შეჭრა კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1974 წელს, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც თურქებითაა დასახლებული (სამწუხაროდ, თურქული ოკუპაცია დღემდე გრძელდება), სომალის არმიის შეჭრა ეთიოპიაში 1977 წელს (ოგადენის პროვინციაში, რომლის მოსახლეობაში სომალელები ჭარბობენ). 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, სადაც პრორუსულად განწყობილი მოსახლეობაა] და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთი ომი ძალიან გამორჩეულია და განსაკუთრებული: „ესაა აშშ-ის შეჭრა ერაყში“, - ამბობს ფილიპ სენდსი.

საერთაშორისო სამართამცოდნე იურისტების აზრით, აშშ-ის შეჭრა ერაყში აგრესიის დანაშაულის ზღურბლთან ახლოს დგას. ასეთი ქმედება იმ დროს ფართოდ იხილებოდა ძლიერი ქვეყნების მიერ, ანუ „პოტენციური აგრესორების“ მხრიდან. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულმა კონსულტანტმა ელისაბედ უილმშერსტმა, როცა იგი ერაყში შეჭრის წინ თანამდებობიდან გადადგა (2003 წლის მარტში), განაცხადა, რომ „ის რაც მზადდება ერაყის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბებით, აგრესიის დანაშაულის ჩადენის იდენტურ ქმედებას წარმოადგენს“.

არგუმენტი რუსეთის ლიდერების სამართლებრივი დევნის სასარგებლოდ იმაში გამოიხატება, რომ  საერთაშორისო სასამართლოს ასეთი იურისდიქცია მხოლოდ 2018 წლიდან აქვს, ანუ რომის სტატუტში შეტანილ შესწორებას უკუქცევითი ძალა არ აქვს - არ შეუძლია წინა წლებში მომხდარი მსგავსი აგრესიის ინიციატორების გასამართლება (იგულისხმება ერაყში შეჭრის ფაქტიც). „უკრაინის ომი, ალბათ, პირველი ნამდვილი ფაქტია 2018 წლიდან, როცა ერთი სახელმწიფო მეორის წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებს“, - ამბობს ქერი მაკდუგალი, მელბურნის (ავსტრალია) უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი წიგნისა „აგრესიის დანაშაული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის მიხედვით“.

და მაინც ეს საკმაოდ „ვიწრო“ იურიდიული არგუმენტი აგრესიაში რუსეთის ლიდერების დადანაშაულების სასარგებლოდ არ მოეწონებათ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აზიის ბევრ ქვეყანას, რომლებიც თვლიან, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავის დროზე პასუხისმგებლობას თავი აარიდეს, თავიანთ მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო [და ახლა რუსეთის დასჯა სურთ]. „მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ერაყში  და რუსეთის უკრაინაში შეჭრებში განსხვავება არსებობს, მათ მაინც აქვთ საერთო ნიშნები: ისინი კანონიერებისა და საერთაშორისო სამართლისპრინციპების დარღვევას წარმოადგენენ“, - ამბობს ფიორა ალანი, საფრანგეთში მცხოვრები ერაყელი მწერალი, - „მე ვთვლი, რომ რუსეთის ლიდერების გასამართლება შეუძლებელია მორალური თვალსაზრისით მანამ, სანამ იგივე არ გაკეთდება ჯორჯ ბუშ-უმცროსის, ტონი ბლერისა და სხვათა მიმართაც“.

ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის ლიდერების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად შეიქმნება, მათ მიერ აგრესიის განხორციელების გამო, ალბათ უკანონოდ ჩაითვლება მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მიერ (ზემოთ ჩამოთვლილი კონტინენტებიდან და რეგიონებიდან), განსაკუთრებით თუ ის მიიღებს ისეთი სასამართლო ორგანოს სახეს, რომელიც ძირითადად მხოლოდ დასავლელი ქვეყნების მხარდაჭერით იქნება დაარსებული. უკრაინელი მაღალჩინოსანი ანტონ კორინევიჩმა ჩემთან საუბარში აღიარა, რომ „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთ სახელმწიფოს ტრიბუნალის სექმნით მიმართ სკეპტიკური განწყობა აქვთ, მაგრამ მათი დარწმუნება შესაძლებელია. „რასაკვირველია, ეს იოლი ამოცანა არ  არის, მაგრამ ვთვლი, რომ აგრესიის გამო დასჯა მთელი მსოფლიოსათვის საჩვენებლი დასჯა იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ან რეგიონში შეიძლება მოხდეს დანაშაული“.

მაგრამ სხვები, რომლებთანაც საუბარი მომიწია, უფრო მეტ სკეპტიკურობას ამჟღავნებენ: „მე, უბრალოდ, არ მჯერა, რომ სპეციალური ტრიბუნალი, რომელსაც მხარს, ალბათ, მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე ნაკლები დაუჭერს (ისინი, სავარაუდოდ, „გლობალურ ჩრდილოეთში“ მდებარეობენ), ნამდვილად ლეგიტიმურ ორგანოდ ჩაითვლება მთელ მსოფლიოში“, - ეუბნება ჯონ ჰელერი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი, - „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები დასავლეთის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ნეგატიურად არიან განწყობილნი, რადგან დასავლეთს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ხშირად შერჩევითი და თვალთმაქცური მიდგომა აქვს. ახლა კი, დასავლეთს სურს ერთადერთი აგრესიის გამო ისეთი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც მხოლოდ მას, დასავლეთს აღელვებს?“.

ჟურნალ Just Security-ისთვის დაწერილ სტატიაში, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნდა, არგენტინელმა იურისტმა ლუის მორენო ოკამპომ, რომელიც ჰააგის სისიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი მთავარი პროკურორი იყო 2003-2012 წლებში, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის წინადადება ჩათვალა როგორც „კანონის ბოროტად სარგებლობა“: მისი აზრით, თუ ასეთი რამ მოხდება, ეს ხელს შეუწყობს „შერჩევით მართლმსაჯულებას“, რომელსაც დასავლეთი თავისი მტრებისა და არასასურველი ლიდერების წინააღმდეგ მიმართავს. ასეთ ტრიბუნალთან ზოგიერთ ქვეყანას თანამშრომლობა ექნება, უმრავლესობა კი თავს აარიდებდა. „თუ ეჭვმიტანილი ლიდერი - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მონარქი - რომელთა ქვეყნებზე ტრიბუნალის უფლებამოსილება არ გავრცელდება, მათ რა უნდა ვუყოთ? უნდა ველოდოთ, სანამ ისინი იმ ქვეყნებში არ წავლენ, რომლებიც ტრიბუნალის დამფუძნებლები იქნებიან? სხვაგვარად მათ პატიმრობა არ დაემუქრებათ“, - ამბობს ლუის მორენო ოკამპო.

პრაქტიკაში, რადგანაც რუსეთს ისეთი სრული კატასტროფული დამარცხების პერსპექტივა არ ემუქრება, როგორც მეორე მსოფლიო ომში „ღერძის“ სახელმწიფოებს დაემართათ, ძალიან საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის სხვა ლიდერები ფიზიკურად წარსდგნენ სავარაუდო ტრიბუნალის წინაშე. შესაძლოა ტრიბუნალმა, თუ ის მართლაც შეიქმნება, ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დაუსწრებელი გარჩევები დაიწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგი ნაკლებად პროგრესული იქნება - ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა მანამ იქნებიან უსაფრთხოდ, სანამ რუსეთის ხელისუფლება არ მოისურვებს მათ გაცემას.

ანტონ კორინევიჩის თქმით, უკრაინა მზად არის დაუსწრებლად სასამართლო პროცესების ჩატარებისათვის, რაც საფუძველს ქმნის დანაშაულში ეჭვმიტანილი ლიდერების პასუხგებაში მიცემისათვის იმ შემთხვევაში, როცა რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება. ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურმა მემკვიდრემ შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს მათი უკრაინის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა, ვისაც ბრალად ედება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღება. „დაუსწრებელი სასამართლო პროცესები - ეს ისაა, რომლებიც ცვენ გვჭირდება. რა თქმა უნდა, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნას“, - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

იდეალური ვარიანტები არ არსებობს. უუნარობა რუსეთის ლიდერების პასუხგებაში მიცემის საკითხში იმას ნიშნავს, რომ აგრესია, თავისი არსით, ისეთი დანაშაულებრივი ქმედებაა, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ ქაღალდზე დარჩება: ასეთი საქმის წარმოება ძალიან რთულია,  შეუძლებელია სამართლებრივი დევნის განხორციელებაც, თვით ყველაზე უხეში მეთოდების გამოყენებითაც კი. „თუ რომელიმე სახელმწიფოს ლიდერს, აგრესიის დანაშაულში ეჭვმიტანილს, ძალის გამოყენებით დავაკავებთ, ეს უკვე იქნება ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო აქცია და აგრესიაც კი. ამას ხომ სხვა ქვეყნებიც დაინახავენ და რეაგირების გარეშე არ დატოვებენ“, - ამბობს პროფესორი ქერი მაკდუგალი.

თუ ტრიბუნალი რუსეთის ლიდერების გასასამართლებლად ბოლოსდაბოლოს შეიქმნება, ის იმავწუთს წააწყდება გრძელვადიან პრობლემებს თავის საქმიანობაში. ზემოთ უკვე ავღნიშნე, რომ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა მას დასავლეთის თვალთმაქცობის გამოვლენად ჩათვლის. ტრიბუნალის ლეგიტიმურობა თავიდანვე საეჭვო იქნება. რუსი ლიდერები, ალბათ, პასუხისმგებლობას მრავალი წლით თავს აარიდებენ და საერთოდ, არავინ იცის, ოდესმე აღმოჩნდებიან თუ არა გისოსებს შიგნით.

და მაინც, უკრაინის ომი უნიკალურ იმპულსს იძლევა, უპრეცედენტოს ბოლო 80 წლის განმავლობაში, რომ აგრესიისთვის პასუხისმგებლობა აუცილებლად განხორციელდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუ ძალისხმევა წარმატებით დასრულდება, რაღაც იმედი გაჩნდება ლონდონის 1941 წლის დეკლარაციის რეალიზებისათვის, რომელიც აგრესიების საფრთხისაგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნას ითვალისწინებს.

წყარო: https://www.newstatesman.com/world/europe/ukraine/2023/05/vladimir-putin-on-trial

 

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way