USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ევროსასამართლომ გიგი უგულავას სასარგებლოდ სახელმწიფოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა
Date:  502

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე ნაწილობრივი დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს უგულავას სასარგებლოდ, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ევროსასამართლომ სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის [გიგი უგულავასთვის] პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა (ჯამში 9 თვეზე მეტი ხანი), საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა). გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა.

ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გიგი უგულავას პატიმრობის გაგრძელება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა.

„სტრასბურგის სასამართლოში ქოცებს მოვუგე კონვენციის მე-5 მუხლის 1 და 3 პუნქტები.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით:

დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე;

დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე;

დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);

მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. 2020 თადუმაძე & კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში, წარმოებაში მიღებულია და იქაც გამარჯვებას ველოდები.

მთავარი რაც მიხარია არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც სალომე ზურაბიშვილი გვიხსნიდა - რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ოცნება ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს!“ - წერს უგულავა.

 

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. მასში ძირითადი აქცენტი გადაწყვეტილების იმ ნაწილზეა გაკეთებული, რომლის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევები არ დაადგინა.

„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება ეფუძნებოდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც დასტურდებოდა პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით. ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მომჩივნის მხრიდან არსებობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში იყო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება. სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები არ ემსახურებოდა მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას“, - ვკითხულობთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება უგულავას საქმის იმ ნაწილს, რომელზეც ევროსასამართლომ დარღვევები დაადგინა, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს: „დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდთან მიმართებით, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა.

კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები, და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, ორ თვეში ერთხელ ხდება პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა".

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივნის სასარგებლოდ, საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პირველი სასჯელი 2017 წლის 6 იანვარს მოიხადა, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სახელმწიფო სახსრების (4.1 მილიონი ლარის) გაფლანგვის მუხლით საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წელს მისჯილი (4 წელი და 6 თვე) საპატიმრო სასჯელი, 1,3 წლით პატიმრობამდე შეუმცირა და დამნაშავედ ცნო არა გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

მოგვიანებით, 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ იმდროინდელი გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, გიგი უგულავა ამავე წლის 15 მაისს შეიწყალა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way