USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
Date:  652

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 და 2026 წლების განახლებული პროგნოზით, კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე კარგი მაჩვენებლები საქართველოს აქვს. ანგარიში ბანკის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებლები არის მოცემული, წელს მშპ-ის ყველაზე დიდი, ანუ 7%-მდე ზრდა მოსალოდნელია საქართველოში. ეს მაისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით მეტია. (მაისში EBRD საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა) რაც შეეხება 2026 წელს, ამჟამინდელი პროგნოზით, EBRD საქართველოს მშპ-ის 5%-მდე ზრდას ვარაუდობს.

თუმცა 2024 წელთან და მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუარესებულია, რადგან შარშან ზრდა 9.4%-ს, პირველ კვარტალში კი 8.3%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე სომხეთია, სადაც წელს მშპ 5%-მდე, 2026 წელს კი 4.5%-მდე გაიზრდება.

მაისიდან მოყოლებული ზრდის პროგნოზის ყველაზე მნიშვნელოვანი, 1%-იანი კლება დაფიქსირდა აზერბაიჯანში, სადაც მშპ წელს 2%-მდე, მომავალ წელს კი 2.5%-მდე გაიზრდება. უკრაინაში კლებამ 0.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მართალია, წელს ზრდა 2.5%-მდე არის პროგნოზირებული, თუმცა 2026 წელს მაჩვენებელი 5%-მდე არის გაორმაგებული. რაც შეეხებე მოლდოვას, ქვეყნის მშპ-ის ზრდა 0.3 პროცენტული პუნქტით, 1.5%-მდე შემცირდა, 2026 წელს კი 3.8%-მდე გაიზრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზოგადად, EBRD ვარაუდობს, რომ ამ რეგიონში, ანუ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მშპ წელს 3%-მდე გაიზრდება, რაც მაისიდან მოყოლებული 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, ბანკი პროგნოზირებს, რომ 2026 წელს ზრდა უცვლელი, 4.4%-ის ფარგლებში დარჩება.

„მეზობელ თურქეთში მიმდინარე წლის ბოლომდე მშპ, სავარაუდოდ, 0.3 პროცენტული პუნქტით, ანუ 3.1%-მდე გაიზრდება, ხოლო 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 3.2%-ს მიაღწევს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ აშშ-ის საიმპორტო ტარიფების საშუალო განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში არსებული 1.4%-დან 2025 წლის პირველ ნახევარში 4%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩინეთის წილი საწარმოო საქონლის გლობალურ ექსპორტში 2024 წელს 25%-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა 2000 წელს 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ასეთი ზრდა აშშ-ისა და გერმანიის ერთად აღებულ მაჩვენებელს აღემატება, რის შედეგადაც ჩინეთი, EBRD-ის შეფასებით, „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის სულ უფრო სერიოზული კონკურენტი“ ხდება.

„მთლიანად, იმ ქვეყნებისთვის, სადაც EBRD თავის პროგრამებს ახორციელებს, წელს ეკონომიკა 3.1%-მდე გაიზრდება, რაც მაისთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 3.3%-ს მიაღწევს, რაც, პირიქით, 0.1 პუნქტით ნაკლებია. ლონდონში ბაზირებული ბანკის ანალიტიკოსები წერენ, რომ რეგიონის ეკონომიკები „მუდმივი გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის, საექსპორტო ბაზრებზე ჩინეთის მხრიდან გაზრდილი კონკურენციისა და შეზღუდული ფისკალური სივრცის გამო ზეწოლის ქვეშაა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way