USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ევროპის ქვეყნების პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  145

ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ხელმომწერები მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლის” გამო.

დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე და შეშფოთება, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობით”.

განცხადებაში ხაზგასმულია დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე.

“მყარად ვართ სოლიდარული ერებთან, რომლებიც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებების ერთგული არიან.

მყარად ვდგავართ ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან.

დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს.

ვიმეორებთ ჩვენს უღრმეს შეშფოთებას იმ ფაქტის თაობაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს.

აღვნიშნავთ, რომ არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა განუყოფელი ნაწილი და საფუძველია ევროპული ღირებულებების, რომლისადმი საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ერთგულება უნდა აჩვენოს.

მოვითხოვთ, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უზრუნველყონ:

საარჩევნო მანიპულაციების შესახებ ყველა ბრალდება (მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში) გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული, განსაკუთრებით ამომრჩევლების დაშინებისა და ხმების ყიდვაზე.

ვინაიდან, ხელთ არსებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია ამ არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს ყველა დაფიქსირებული დარღვევის შესწავლა და გამოძიება.

ხმის მიცემის პროტოკოლები ხელმისაწვდომი და საჯაროდ გამჭვირვალე გახადონ, რათა ყოველმა ამომრჩეველმა შეძლოს დადასტურება მათი ხმის მიცემის ფაქტზე, დროსა და ადგილზე ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

გაწვეულ იქნას კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს უთხრის ძირს, და ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს და მოკავშირეებს დაასანქცირონ ოფიციალური პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი - ისინი, „ვინც პასუხისმგებელი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე”.

„მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს, დაასანქცირონ საქართველოს ოფიციალური პირები და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ვინც პასუხისმგებელი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საარჩევნო პროცესის განმავლობაში.

მოვითხოვთ ევროკავშირის ყველა დაფინანსების გაყინვას, რომელიც გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების დახმარებისთვისა და თანამშრომლობის პროექტებისთვის, მათი გამონაკლისით, ვინც ჩართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში.

ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სავიზო თავისუფლება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ხალხისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს მისი სრული შეჩერების შესაძლებლობის გამორიცხვის გარეშე, თუ ზემოხსენებული [პირობები] არ იქნება დაკმაყოფილებული.

გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან დგომას. ასევე ურყევად გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერები არიან ევროპის ქვეყნების 30 საპარლამენტო ლიდერი, დეპუტატი და ევროპარლამენტარი:

კრისტინე შვარც-ფუკსი (ავსტრია, ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ელს ვან ჰოოფი (ბელგია, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), პაველ ფიშერი (ჩეხეთი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), პეეტერ ტალი (ესტონეთი, პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), იუკა კოპრა (ფინეთი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე), ჰეიკი აუტტო (ფინეთი, პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარე), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი), ფრედერიკ პეტიტი (საფრანგეთი, პარლამენტი ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ როთი (გერმანია, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ანტონ ჰოფრეიტერი (გერმანია, ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), რასა იუკნევიჩიენე (ლიეტუვა, ევროპარლამენტარი), რაფაელ გლუკსმანი (საფრანგეთი, ევროპარლამენტარი), რიჰარდს კოლსი (ლატვია, ევროპარლამენტარი), ჩარლი ფლანაგანი (ირლანდია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ლია ქუარტაპელე (იტალია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ინარა მურნიეცე (ლატვია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდოამარე), ედმუნდს ცეპურიტისი (ლატვია, პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ემანუელის ზინგერისი (ლიეტუვა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა, პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), გუსტი გრაასი (ლუქსემბურგი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), იესე კლავერი (ნიდერლანდები, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), დერკ ბოსვიიკი (ნიდერლანდები, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი), ინა ცოსერუ (მოლდოვა, პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე), აგნიეშკა პომასკა (პოლონეთი, სეიმის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდოამარე), ბოგდან კლიჩი (პოლონეთი, სენეტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), კარლოს როჰასი (ესპანეთი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), პაბლო ჰისპანი (ესპანეთი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი), ერიკ ოტოსონი (შვედეთი, პარლამენტის წევრი), ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე).

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.