USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
Tbilisi
ევროპის 8 ქვეყანა და 32 ქალაქი-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს
Date:  328

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მრავალმხრივ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

მარკეტინგული კამპანია  დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

მთელი წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე ბიზნეს თანამშრომლობის დამყარებას.

ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და  ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარე რეკლამებს, ე.წ. როუდშოუებსა და 8 მსხვილ ღონისძიებაში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც ევროპის 32 ქალაქს დაფარავს.

კამპანიის ფარგლებში, თითოეულ ქვეყნის 4 ქალაქში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართება. თითოეულ სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ  ინტერვიუბი,  სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო გადაცემები, გარე რეკლამები, ასე ბეჭდურ მედიაში, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდება.

ე.წ. როუდშოუები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი,  მიუნხენი, პარიზი, ლილი, ლიონი, ოსლო, ვარშავა, ვროცლავი, კრაკოვი, პოზნანი. 

კამპანია მოიცავს გაცნობით  და ინფლუენსერების ტურებს საქართველოში.

კამპანიის ფარგლებში, ყოველთვიურად შედგება კომუნიკაცია  20- ზე მეტ პოტენციურ პარტნიორთან თითოეულ ბაზარზე, გაიმართება ვორკშოპები და ვებინარები, შეხვედრები ავიაკომპანიებთან და მსოფლიოს წამყვან ტუროპერატორებთან.

 ურთიერთობები დამყარდება, როგორც ინდივიდუალურ ტურისტებთან, ასევე მსხვილ საერთაშორისო  ტუროპერატორებთან საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად და ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდება ვიდეო რგოლები, სატელევიზიო სიუჟეტები, სტატიები, ინტერვიუები.

ახალი კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია British Airways-თან თანამშრომლობით, ლონდონის აეროპორტში საქართველოს შესახებ ეკრანებზე ვიდეო რგოლებისა და ფოტო კოლაჟების ჩვენება მიმდინარეობს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ 30 წამიანი ვიდეო რგოლების ნახვა შეუძლიათ ავიაკომპანიის მგზავრებს ბორტებზე.

ამ კამპანიების პარალელურად საქართველოს შესახებ, National Geographic ბრიტანული ბაზრისთვის სტატიებს ამზადებს.  მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი კი  ქართული გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგ ვიდეო რგოლებს მოამზადებს.

World
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way