USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
ევროპაში ქურდობის, კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულებებისთვის საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს
Date:  276

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 თებერვალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თანამშრომლობდა ადგილობრივ პოლიციასთან, რის შედეგადაც, ჩატარდა რამდენიმე ოპერაცია.

იტალია

როგორც უწყება ამბობს, 2021 წლის 9 თებერვალს იტალიისა და საქართველოს შსს-ების თანამშრომლობით, ოპერაცია “კანონიერი ქურდის” ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რეპსუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში – საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმითვე, ოპერაცია “კანონიერი ქურდი” 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად,ორივე ქვეყანა ერთმანეთს ოპერატიულ ინფორმაციას უცვლიდა.

“საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

საფრანგეთი

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, ასევე 9 თებერვალს საფრანგეთში რამდენიმეთვიანი ოპერაცტიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.

ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ – კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.

“ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით,” – ნათქვამია განცხადებაში.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way