USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ივანიშვილის სანქცირებასაც ითვალისწინებს
Date:  234

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს. 5 პოლიტიკურ ჯგუფს შორის შეთანხმებული რეზოლუცია დღეს გამართულ კენჭისყრაზე მიიღეს. მას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 73-მა მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საქართველოს შესახებ 7 რეზოლუციის პროექტი იყო. საბოლოოდ, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა 5 პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივ რეზოლუციას სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ". ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან:

  • განაახლე ევროპა“ (Renew)
  • „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფი (ECR)
  • „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი (PPE)
  • „ევროპის თავისუფლების ალიანსი“ (Verts/ALE)
  • „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D)

 

რეზოლუციის მიღებამდე, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებულ რისკებზე დებატები გაიმართა, სადაც ევროდეპუტატებმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

რას ითვალისწინებს რეზოლუცია:

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ვინც მონაწილეობენ პოლიტიკური ოპონენტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობაში და ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. ასევე, მიესალმება აშშ-ის მიერ ქართველ მაღალჩინოსნებზე დაწესებულ პერსონალურ სანქციებს.

ამასთან, გმობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და მცდელობაში, შეარყიოს ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ. კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, რომ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმება იქნება აუცილებელი ნაბიჯები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ასევე არის მოწოდება, რომ შეფასდეს კანონების თავსებადობა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების კონტექსტში.

„კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას, დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოს კანონმდებლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ზოგადად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება როგორ მოქმედებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“,- აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვაზე, სანამ არ გაუქმდება არალიბერალური კანონმდებლობები, ასევე არის მოწოდება მკაცრი პირობების განსაზღვრაზე საქართველოს მთავრობისთვის სამომავლოდ დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც რეზოლუცია ითვალისწინებს, არის მტკიცე მოწოდება, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ და ეფექტურად გაატაროს ზომები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს მთავრობის რუსულ პოლიტიკასთან შესაბამისობით და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებით შესახებ, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინის ომის ძალადობრივი სურათების გამოყენებაზე.

რეზოლუციაში არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაბამისობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, გაუქმდეს სახელმწიფო რესურსებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

ამასთან, არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულია შეშფოთება საზღვარგარეთ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობას ართმევს ხმის მიცემის უფლებას.

"მტკიცედ სწამს, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც მის უნარში, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აღიარებს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია ახალგაზრდა ლიდერების თაობის ჩართულობით, რაც გამოვლინდა სპონტანური პროტესტით „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ 2024 წლის განმავლობაში",- აღნიშნულია რეზოლუციის ერთობლივი პროექტის ტექსტში.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეზოლუციაში გაჟღერებული კიდევ ერთი მოწოდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისთვის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე მოწოდება იყო მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებულ რეზოლუციაშიც, ასევე 2022 და 2023 წლებში მიღებულ რეზოლუციებში. ევროპარლამენტის რეზოლუციები და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირება მოხვდა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის დავაში, რომელიც ბერმუდის სასამართლოში მიმდინარეობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ივანიშვილისთვის $607-მილიონიანი კომპენსაციის ვადაზე ადრე მიცემაზე უარს ითვალისწინებს, აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რისკი რეალურად არსებობს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი აქტივების აღსრულება შესაძლოა, გართულდეს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის ხელთ არსებულ გავლენას უკავშირდება.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way