USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ევროპა მიწისძვრის, პოლიტიკური მიწისძვრის მოლოდინშია - ლევან ლორთქფანიძე
თარიღი:  
დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, პირველ ტურში მხოლოდ 76 დეპუტატის არჩევა მოხერხდა, 501 მანდატის ბედი დღეს გადაწყდება.
 
უცნაური საარჩევნო სისტემა აქვს საფრანგეთს, ყველა დეპუტატს მაჟორიტარული წესით ირჩევენ, პირველ ტურში ასარჩევად 50% + 1 ხმის მიღებაა საჭირო, თუ ვერავინ შეძლებს მაღალი ბარიერის გადალახვას მეორე ტური იმართება, სადაც ყველა ის კანდიდატი მონაწილეობს, რომელსაც პირველ ჯერზე 12,5%-ზე მეტი აქვს დაგროვებული. მეორე წრეზე უკვე უბრალო უმრავლესობაც საკმარისია გამარჯვებისთვის.
 
 მეორე ტურამდე პარტიები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს მართავდნენ, რათა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ბლოკს ერთი კანდიდატით დაპირისპირებოდნენ.
 
ძველი ფრანგული ტრადიცია გადარჩენილია!
 
მაჟორიტარული ოლქების უდიდეს უმრავლესობაში რესპუბლიკური წესრიგის მომხრე ყველა ძალა ერთი კანდიდატის ირგვლივ შემოიკრიბა, რათა „ნაციონალურ გაერთიანებას“ უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცენ. ლე პენის კანდიდატთა მთავარი ოპონენტები „ახალი სახალხო ფრონტიდან“ არიან  (იხ. ბმული: https://bit.ly/4cUw3KJ )
 
საფრანგეთში დემოკრატიის მხარდამჭერებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს, კილიან მბაპედან დაწყებული ცნობილ რეპერთა კოლექტივით დამთავრებული, ყველანი გაიძახიან „No pasaran!”, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მოფაშისტო ძალის ხელისუფლებაში მოსვლა. საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობაა მოსალოდნელი. საღამოსთვის დიდ ქალაქებში პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები განლაგდებიან, რათა კენჭისყრის შედეგების მიუხედავად სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა მოხერხდეს.
 
 „ნაციონალური გაერთიანების“ წინააღმდეგ ერთიანი კანდიდატით გაბრძოლებისა და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის ფონზე მიწისძვრის სიმძლავრე შეიძლება შემცირდეს. საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად ლე პენის ბანაკს 289 მანდატი სჭირდება. ულტრამემარჯვენეებისათვის ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, ისინი ამდენ ოლქში გამარჯვებას დიდი ალბათობით ვერ მოახერხებენ.
 
 რას წარმოადგენს მარინ ლე პენის „ნაციონალური გაერთიანება“ (RN)?
2010-იანი წლების დასაწყისში მარინ ლე პენის ჯგუფის წევრები მიხვდნენ, რომ თავიანთი რადიკალური პროგრამის შერბილების გარეშე სამუდამოდ მარგინალურ ძალად დარჩებოდნენ. შესაბამისად, ქ-ნმა ლე პენმა მრავალი წლის წინ დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ პარტიას ზომიერი, მაგრამ გამოკვეთილად ნაციონალისტური ძალის იმიჯი დაუმკვიდროს. დერადიკალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში პრეზიდენტობის მარადიულმა კანდიდატმა პარტიას სახელი გადაარქვა, ორგანიზაციის რიგებიდან გარიცხა საკუთარი მამა, რომელიც ჰოლოკოსტს მაინცდამაინც დიდ პრობლემად არ აღიქვამს, შეარბილა ევროკავშირის დაშლისა და საფრანგეთის გაერთიანებიდან გამოსვლის რიტორიკა, ცდილობს მოიპოვოს განათლებული ამომრჩევლებისა და ქალების მხარდაჭერა, ემიჯნება გერმანულ AfD-ს, პარტიის თავმჯდომარის პოსტი 28 წლის სიძეს - ჯორდან ბარდელას გადააბარა, რომელიც TikTok ვარსკვალავი და ახალგაზრდების გულთამპყრობელია.
ქ-ნი მარინას ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.
 
1970-იანი წლებიდან მოყოლებული ფრანგ ამომრჩეველში არსებობდა ერთგვარი რეფლექსი - ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ულტრამემარჯვენეებისთვის ხმის მიცემა სირცხვილად და თავის მოჭრად ითვლებოდა. ნელ-ნელა აღნიშნული რეფლექსი თავის ძალას კარგავს, „მარინაჩკამ“ (ჟირინოვსკი ასე ეძახდა) მოახერხა, რომ „ნაციონალური გაერთიანებისთვის“ ხმის მიცემა აღარ „ტეხავს“.
 
 რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება RN-ის პროგრამა?
- მიგრაცია
პარტია ემხრობა საფრანგეთის საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას, დეპორტაციის სწრაფი და მკაცრი წესების შემოღებას, მოქალაქეობის მიღების პროცედურების კიდევ უფრო მეტად გართულებას, მიგრანტებისთვის სოციალური მხარდაჭერის შემცირებასა და სამედიცინო დახმარების მიღების შეზღუდვას. საფრანგეთში დაბადება აღარ იქნება საკმარისი წინაპირობა მოქალაქეობის მიღებისთვის. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს აეკრძალებათ თანამდებობების დაკავება.
 
- ეკონომიკა
 
RN-ის პრიორიტეტია ევროკავშირის რეგულაციების გაუქმება, „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების ფეხქვეშ გათელვა, მაკრონის საპენსიო რეფორმაც თავდაპირველად ხელუხლებლად დარჩება. პარტია გადასახედბის შემცირების ინიციატივითაც გამოდის.
 
- ევროკავშირი
 
„Frexit”-ს აღარ ითხოვენ, მაგრამ დანარჩენი ყველა მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირს ძირს უთხრის კვლავ მათ პროგრამაშია. მარინ ლე პენი რომ მიუშვათ, ევროკავშირს ლამის მხოლოდ „ერასმუსის“ დონეზე დაიყვანს. უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმას არც ჟორდან ბარდელა აპირებს, უბრალოდ, გამორიცხავენ შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას და დასავლეთ უკრაინაში საჯარისო ნაწილების განთავსებას.
 
 რა ელის საფრანგეთსა და ევროპას RN-ის წარმატების შემთხვევაში?
 
თუ ლე პენმა და ბარდელამ „რესპუბლიკელების“ ნაწილის გულის მოგება შეძლეს (სარკოზისა და შირაკის პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე - ერიკ კიოტი მზად არის ტაბუს დასარღვევად), გამორიცხული არ არის, რომ მინისტრთა კაბინეტი ულტრამემარჯვენეების ხელში აღმოჩნდეს. ეს კოაბიტაციას ნიშნავს! პრეზიდენტი მაკრონი თავდაცვისა და საერთაშორისო პოლიტიკას გააკონტროლებს, ბიუჯეტის კონტროლი და შიდა პოლიტიკა კი ულტრამემარჯვენეების ხელში გადავა. მივიღებთ საჭურის პრეზიდენტს, რომელსაც ყველაფრის შეთანხმება თავის დაუძინებელ მტრებთან შეთანხმება მოუწევს.
 
კოაბიტაცია ევროპულ დონეზე ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი დაიწყებენ საერთო ევროპული გადაწყვეტილებების საბოტაჟს. განსაკუთრებით გართულდება ვითარება ევროკავშირის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში. გარდა ამისა, ლე პენი და ბარდელა კიდევ უფრო გაართულებენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპული კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას.
მოკლედ, საფრანგეთის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოა, მის პრემიერ-მინისტრს კი შესწევს ძალა, რომ იქცეს მუხრუჭად ევროკავშირის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. ლე პენს შეუძლია წირვა გამოუყვანოს ევროკავშირს!
 
შენიშვნა: ლე პენსა და ბარდელას აბსოლუტური უმრავლესობის, 289 დეპუტატის გარეშეც შეუძლიათ მთავრობის ჩამოყალიბება. თუ ვერ მოხერხდა პარტიული კაბინეტის არჩევა, ტექნოკრატების გამოძახებაც არ არის გამორიცხული. თეორიული შანსი ჩვენებს, ახალ სახალხო ფრონტელებსაც აქვთ.
 
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.