USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში - მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს
дата:  200

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება - ამის შესახებ საუბარია გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებით საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია და რომ ეს კანონი დე ფაქტო აჩერებს საქართველოს გაწევრიანების პროცესს. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში სამართლებრივი სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ვენეციის კომისიის შესაბამისად დაუყოვნებლივი რეფორმირების აუცილებლობაზე. ასევე ხაზგასმულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმების აუცილებლობა იმისთვის, რათა ქვეყანამ ევროპულ გზაზე დაბრუნება შეძლოს.

“საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერის ერთსულოვანი შეთანხმებით 2022 წლის 23 ივნისს. 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესაბამისი ცხრა დათქმა იქნებოდა გათვალისწინებული. ეს ცხრა დათქმა, პირველ რიგში, ეხება რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში. 2023 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო გეგმა ცხრა აუცილებელი დათქმის განსახორციელებლად. 2024 წლის 26 მარტს მთავრობამ მიიღო 2024 წლის სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე. თუმცა პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა და 28 მაისს ამ კანონის მიღება არ ასახავს მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის თაობაზე. ეს მოვლენები ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს განიხილა. თავის დასკვნაში, ევროსაბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ წარმოადგენდა უკან დახევას კომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებით. 2024 წლის ივნისის დასკვნაზე დაყრდნობით, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. აღნიშნა, რომ მთავრობა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ევროპულმა საბჭომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართულება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისია ვრცლად საუბრობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის გართულებულ გარემოზე, რაც გამოიხატებოდა როგორც რეპრესიული ხასიათის და EU-ს პრინციპებთან შეუთავსებელი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებაში, ასევე მუდმივი ნეგატიური რიტორიკის, დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მუდმივად მზარდი ზემოქმედების ფაქტებში, რომლებიც მიმართული იყო კრიტიკულად განწყობილი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ.

ევროკომისიის დასკვნის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ნაკლოვანებებმა, რაც მდგომარეობს ამომრჩევლებისადმი ზეწოლაში, დაშინებაში, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებმა, უარყოფითად იმოქმედეს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ევროკომისია აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მიუთითებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე, რომელიც წარსულშიც იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში.

ევროკომისია ასევე მიუთითებს საქართველოს დაბალ თანხვედრაზე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით. ევროკომისიის შეფასებით, საქართველო EU-ს საგარეო პოლიტიკასთან მხოლოდ 49%-ით არის თანხვედრაში.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის გაზაფხულზე შეზღუდული საპარლამენტო დიალოგით იქნა მიღებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც არ შეესაბამებოდა არც ვენეციის კომისიის და არც OSCE/ODIHR-ის ერთობლივ მოსაზრებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати