USD 2.6981
EUR 3.1530
RUB 3.3399
Tbilisi
ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური - მომდევნო კვირაში გაკეთდება განცხადება 15 პირის სანქცირებაზე, რომელთა ნაწილი მოსამართლეა
Date:  185

ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის (EEAS) ოფიციალურმა პირმა ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვამდე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა ზომები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს.

მისი თქმით, მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ.

„საქართველოს შესახებ სამ მთავარ საკითხს გამოვყოფ: პირველი, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის ივნისიდან მიღებული ზომების შეფასება, რომელიც დაფუძნებული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დროს.

კაია კალასი წევრ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდებს მეორე მიმართულებისკენ, რაც სანქციების გზით მოქმედებას გულისხმობს, რათა უზრუნველყოს, რომ წევრი სახელმწიფოების კონსესუსი მოიპოვოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დარღვევების და მშვიდობიანი მომიტინგეების ჩაგვრის საკითხების მოგვარება.

მესამე საკითხია მინისტრების მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ისინი შემდგომ შესაძლებლობებად, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის საერთო მიმართულება ქართველი ხალხის, ქართული თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნამდვილად არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გაჰყვეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, სრულიად საპირისპიროა“, - განაცხადა მან.

 შეკითხვაზე, თუ რა ზომების მიღებას გეგმავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების გარკვეული წევრების წინააღმდეგ, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი“ დევს.

„ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. და ამავდროულად, ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება“, - განაცხადა მან.

ამასთან, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროკავშირი მოსამართლეების დასანქცირებას, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოტენციურად სანქცირებულთა სიაში სწორედ მოსამართლეთა ნაწილია.

„მომდევნო კვირაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განაცხადებს, რომ სიებთან დაკავშირებით სულ მცირე 15 პირზე არსებობს მყარი, იურიდიულად დასაბუთებული წინადადება და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სიების ნაწილი მოსამართლეები არიან. რა თქმა უნდა, სახელებს ვერ დავასახელებ, რადგან ეს ასევე ეწინააღმდეგება შეთანხმების ძიების მთელ მიზანს. მაგრამ სწორედ ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ამ წინადადებებზე 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way