USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
ევროკავშირის დაძმობილების პროექტმა სურსათის უვნებლობაზე საქართველოში მიღწეული შედეგები შეაჯამა
дата:  505

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა დაძმობილების პროექტმა, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საქართველოს სურსათის სექტორის ასოციაციების, ბიზნეს ოპერატორების და დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები შეკრიბა თბილისში, სასტუმრო Hilton Garden Inn-ში პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე.

საქართველოში სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა, პროექტის პარტნიორებთან ერთად ლატვიიდან, ესტონეთიდან და შვედეთიდან, წარმოადგინეს დაძმობილების პროექტის „სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში“ შედეგები და განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, საქართველოს მიერ ევროკავშირის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის, ასევე ქვეყნის შიგნით სურსათის უვნებლობის გაძლიერების კუთხით პროგრესის გასაღრმავებლად.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოში ლატვიისა და ესტონეთის საელჩოებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვეს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებს.

პროექტის ხელმძღვანელებმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, შეაჯამეს ევროპელი ექსპერტების ძირითადი რეკომენდაციები და განიხილეს საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესების სამომავლო გზებზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის უფრო მაღალ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტად უსაფრთხო და ხარისხიანი სურსათის წარმოებას და ქართული პროდუქტების ექსპორტის მეტ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

„დღეს ჩვენ ვაფასებთ იმ შედეგებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვას და სურსათის მაღალ სტანდარტებს, რომელიც მიღწეულია Twinning-ის კონტექსტში SPS-ისა და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში. საქართველო წინ მიიწევს SPS-ის, კვების ჯაჭვისა და მონიტორინგის სისტემებში. აუცილებელია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მომხმარებელთა ჯგუფების უფრო ფართო ჩართულობა მიახლოებული კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის დანერგვის აღსრულების ნაწილში“,- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

„პროექტის მიზანი იყო სურსათის კონტროლის სისტემის მიმართ მომხმარებელთა ნდობის განმტკიცების ხელშეწყობა და ევროკავშირის ბაზარზე ქართული სურსათ-პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება. პროექტი უკვე დასრულებულია - საქართველოს სურსათის ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის გასაუმჯობესებლად, და ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების მიზნით, მომზადდა სხვადასხვა სახის დოკუმენტი. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩატარდა არაერთი სასწავლო ვიზიტი და ტრენინგი ექსპერტთა მიერ. ახლა უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი - სისტემამ სრული დატვირთვით უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს, საქართველოს სურსათის მწარმოებლებისთვის და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, იქნება, როგორც შესაძლებლობები, ასევე გამოწვევები, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ლატვიიდან, ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, მარის ბალოდისმა.

„DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ცოდნის მიღება აუცილებელია. ევროკავშირის დაძმობილების პროექტმა კი, ამის შესაძლებლობა უზრუნველყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც საქართველოს მსგავსი წარსული აქვთ. დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ქართველმა სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ვიზიტებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროპელმა ექსპერტებმა საქართველოში ვიზიტისას სამივე მიმართულებით გაუზიარეს თავიანთი საუკეთესო პრაქტიკა ქართველ კოლეგებს. ეს ჩვენს სპეციალისტებს ყოველდღიურ მუშაობაში დაეხმარება“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოდან, და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

 ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტმა (1 450 000 ევრო) თავისი საქმიანობა დაიწყო 2020 წლის ოქტომბერს და ამ ხნის განმავლობაში, ევროპის სურსათის უვნებლობის უწყებები მჭიდროდ მუშაობდნენ ქართველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს სამართლებრივი ბაზის დაახლოების, ასევე წესებისა და პროცედურების შესაბამისობაში მოყვანისა და სურსათის უვნებლობაში, ვეტერინარიაში, ფიტოსანიტარიისა და სასაზღვრო კონტროლის სანიტარიასა და ფიტოსანიტარიაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

პროექტის ძირითადი შედეგები მოიცავს, საქართველოს სამართლებრივი აქტების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაციებს, ოფიციალური კონტროლის დაგეგმვისა და სურსათისმიერი დაავადებების აფეთქების რეაგირებაზე გაუმჯობესების ღონისძიებებს, საშიში ინფექციური დაავადების საგანგებო გეგმებს, სპეციფიკურ დაავადებებზე ოფიციალურად თავისუფალი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საგზაო რუქებს, მცენარეთა პრიორიტეტული მავნებლების მონიტორინგის პროგრამებს, განახლებულ შიდაუწყებრივ ინსტრუქციებსა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურებს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარული და სასაზღვრო კონტროლის სფეროებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის სპეციალისტებისთვის, შესაძლებლობების განვითარებას.

დაძმობილება არის ევროკავშირის ინსტრუმენტი, რომლითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო სამსახურებს, შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთ კოლეგებს უშუალოდ გაუზიარონ თავიანთი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ბენეფიციარ ქვეყანაში. საქართველოში, დაძმობილების პირველი პროექტი დაიწყო 2009 წელს. მას შემდეგ, ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა დიდი უმრავლესობა, სარგებლობს დაძმობილების ინსტრუმენტით და ამის მოთხოვნა იზრდება თანმიმდევრულად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ:

www.eeas.europa.eu/delegations/georgia 

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати