USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ევროკავშირის 13 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს
дата:  162

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. მათივე განმარტებით, „ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.

„საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და, რაც მნიშვნელოვანია, ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პროევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი, ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ბევრს მიაღწია - 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო.

აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი წუხილი მით უფრო სერიოზულია. ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო. როგორც საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება.

საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში. გასული თვეების განმავლობაში საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე - ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.

ევროპის კავშირისათვის ეს არ ყოფილა მარტივი გადასაწყვეტი: ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში სერიოზული კონსულტაციების და დისკუსიების მცდელობები, თუმცა დღემდე უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი სამართლებრივი კავშირიცაა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს იზიარებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების წინაპირობად სწორედ ევროპული ღირებულებების აღიარებას და მისი სამართლებრივი ნორმების განხორციელებას აყენებს.

ეგრეთ წოდებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არც შინაარსითა და არც სულისკვეთებით შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებს და ფასეულობებს. ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, მრავალ კვირიანი სახალხო პროტესტების, პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს პარტნიორების არაორაზროვანი კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სამწუხაროდ, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.

იმავდროულად, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს.

მოდით, ერთი რამ განვმარტოთ - ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედიალანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ - ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!“- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი; გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანი; დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარი ბიერი; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა; ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე; ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში, სიმონას შატუნასი; ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი, ქსავიე ბეტელი; პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, ადამ შლაპკა; პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში, ინეშ დომინგოსი; საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი; ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი, იოაკიმ სტრანდი; შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, იესიკა როსენკრანცი; ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარტინ დვორაკი.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати