„ევრო 2020“-ის გახსნით მატჩში იტალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა. რომში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ანგარიში ავტოგოლის შედეგად გაიხსნა, როდესაც 53-ე წუთზე თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
რამდენიმე წუთში რობერტო მანჩინის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს - ლეო სპინაცოლას პასით ჩირო იმობილემ ისარგებლა. წერტილი კი მატჩში 79-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ დასვა და იტალიის ნაკრებს პირველი სამი ქულა მოუტანა.
დღეს ევროპის პირველობის ფარგლებში კიდევ სამი მატჩი გაიმართება. თბილისის დროით 17:00 საათზე ბაქოში უელსი შვეიცარიას დაუპირისპირდება, 20:00 საათზე კოპენჰაგენში დანია ფინეთს უმასპინძლებს, 23:00 საათზე კი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის ნაკრები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს - ბელგიის ნაკრებს მიიღებს.