USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „ვლადიმერ პუტინის დასამხობად ტიტანური შრომაა საჭირო“
дата:  503

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) პოლიტიკურმა მიმომხილველმა კონსტანტინე ეგერტმა ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ რუს ეკონომისტს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ვლადისლავ ინოზემცევს, რომელსაც, რუსული კანონმდებლობის თანახმად, „უცხოელი აგენტის“ სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი, როგორც კრემლის კრიტიკოსი, ამჟამად საზღვარგარეთ, ესტონეთში (ტალინში) იმყოფება. ვრცელ ინტერვიუში, რომლის ტექსტური ვერსიის სათაურია „ვლადიმერ პუტინის დასამხობად ტიტანური შრომაა საჭირო“, ვლადისლავ ინოზემცევი საუბრობს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე, ჩინეთისადმი კრემლის დამოკიდებულებაზე, დასავლურ სანქციებზე და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

- რუსული რუბლი ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ძალიან გაუფასურდა. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა რუსების ეკონომიკურ თვითშეგრძნებაზე?

- დიახ, იმოქმედა, მაგრამ არცთუ ისე. ჯერ ერთი, რომ მინდა ვთქვა, რომ რუბლი მაინცდამაინც ძალიან კატასტროფულად არ გაუფასურებულა. თუ გასული წლის საშუალო კურსს შევადარებს, როცა ერთი დოლარის 72 რუბლი ღირდა, ახლა საშუალოდ 80 დოლარამდე ღირს.  კი, დროდადრო 100 დოლარამდეც აღწევს, მაგრამ შემდეგ ისევ იკლებს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უეცრად ძვირდება, რუბლის კურსის რყევის კვალდაკვალ. 

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მინდა ვთქვა, რომ იმ წლებში, რაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაშია, როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რუსეთმა უდიდეს პროგრესს მიაღწია  იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში. ანუ, იმპორტი, რა თქმა უნდა, მუდმივად იზრდება, მაგრამ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით პროდუქტიის უცხოეთიდან შემოტანა არსებითად შემცირდა. (...) უფრო მეტიც, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია მომენტია, რომელსაც ჯეროვან ყურადღებას არ ვაქცევთ: რუსეთი, შეიძლება ითქვას, „აბსტრაქტული ერთობლიობაა“, რომელიც შედგება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისაგან, სხვადასხვა შემოსავლების მქონე ადამიანებისგან, რეგიონული გაერთიანებებისგან და ა.შ. ასე რომ, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვაქციოთ...

- ანუ, თქვენი აზრით, ვინ უფრო მეტად დაზარალდა რუსეთში დასავლური სანქციებით?

- ყველაზე მეტად დაზარალდა საშუალო კლასის ზედა ფენა, რომლის წარმომადგენლები ყოველთვის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ყველაზე ნაკლებად კი დაზარალდა პრეზიდენტის მიმართ მაქსიმალურად ლოიალური საარჩევნო ფენა, რომელიც, სხვებთან შედარებით, გაჭირვებული ადამიანებისაგან შედგება. ისინი არ დადიოდნენ საზღვარგარეთ, არ ჰქონდათ ცხოვრების მაღალი მოთხოვნილებები და პარალელურად, წელიწადში ხელფასის რამდენიმე ინდექსაციას იღებენ. ანუ, უკრაინის ომისგან დაზარალებულების 80% აღმოჩნდნენ დიდი ქალაქების მცხოვრებლები, რომლებსაც ფინანსურად საკმაოდ მაღალი შემოსავლები ჰქონდათ.

- ვინ გადაარჩენს ვლადიმერ პუტინს? ვინ არიან, თქვენი აზრით, ის მთავარი ადამიანები, რომლებიც კრემლის ეკონომიკას გადაარჩენენ?

- ვლადიმერ პუტინი ეკონომისტი არ არის, ამას თვითონაც კარგად ხვდება. მან ჯერ კიდევ ნულოვანი წლების დასაწყისიდან მკაფიოდ გაჰყო ერთმანეთისაგან ფუნქციები და მიდგომები. პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მთლიანად საგარეო პოლიტიკას, პრაქტიკულად, თითქმის მთელ საშინაო პოლიტიკასაც, მაგრამ ეკონომიკაში ნაკლებად ერეოდა, ის მხოლოდ გარკვეულ ორიენტირებს იძლეოდა, ანუ ამოცანებს სახავდა. მაგალითად, ახლა პრეზიდენტს სურს, რომ მომავალი წლისათვის, ომის გასაგრძელებლად, მინიმუმ 10 ტრილიონი რუბლი ჰქონდეს. ასეთი ამოცანა დასახა ვლადიმერ პუტინმა. როგორ იქნება მიღებული ამდენი ფული ბიუჯეტში? მას ასეთი დეტალები არ აინტერესებს. ამოცანა უნდა შესრულდეს.

დიახ, მას გვერდით ჰყავს აბსოლუტურად უპერსპექტივო და უჭკუო, უუნარო ადამიანები. რბილად რომ ვთქვათ, ავტომატური შემსრულებლები ცალკეულ დარგებში. ვთქვათ, დიმიტრი როგოზინი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დააქცია მან „როსკოსმოსი“, უამრავი ფული ქარს გაატანა და მაინც გვერდით ჰყავს.

ერთია ფულის შეტანა ბიუჯეტში და ეკონომიკის გაკონტროლება, მეორე - ვინ როგორ დახარჯავს. პირველზე პასუხისმგებლობა ალექსი კუდრინს ეკისრება, რომელმაც ამ მიზნით 2018 წელს სარეზერვო ფონდი შექმნა (მოგვიანებით კი - ეროვნული კეთილდღეობის ფონდი).

ყოველთვის ვფიქრობდი, თუ როდის გამოუცხადებდა დასავლეთი ალექსი კუდრინს სანქციებს. როგორც იქნა, იგი სანქციების ქვეშ 2023 წლის ივლისში მოხვდა. არადა, დასავლეთს ეს ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა, ის პირველი უნდა ყოფილიყო სიაში. სწორედ მისი დამსახურებაა მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ჩაყვანა. სწორედ მან შექმნა რუსეთის მასაზრდოებელი სოციალურ-ეკონომიკური ფონდები, სწორედ მან გადაქაჩა რეგიონებიდან ცენტრში ფინანსური რესურსები, გააღარიბა ისინი, მოსკოვმა კი მათი მართვა ფინანსურად დაიწყო. ანუ ალექსი კუდრინი მსოფლიო ცივილიზაციის ნომერი პირველი მტერია და ამ დროს ბევრი დასავლეთში მას დემოკრატად თვლიდა.

რაც შეეხება დანარჩენ ამხანაგებს - ცენტრალური ბანკიდან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიდან - ისინი იმას აკეთებენ, რაც მათ თანამდებობის მიხედვით უნდა გააკეთონ. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად აკეთებენ და ვლადიმერ პუტინს პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში ხელს უწყობენ. ელვირა ნაბიულინა, ანტონ სილუანოვი, გერმან გრეფი, მაქსიმ ორეშკინი... მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს გამოქვაბულის ეპოქის კონსერვატორად და პოლიტიკაში საკმაოდ არაადექვატურ პიროვნებად ვთვლი, მან არცერთი თავის „ფანატი“, მაგრამ იმავდროულად უჭკუო პირები ეკონომიკურ საჭესთან არ მიუშვა.

- და ეს პირები აცნობიერებენ იმას, თუ რას აკეთებენ და რას ემსახურებიან?

- ისინი თავიანთ საქმიანობას იმით ამართლებენ, რომ აცხადებენ - „ვმუშაობთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინისათვისო“. ანუ, დავუშვათ, იმ რაკეტის რომელიმე მწარმოებელი, რომლითაც უკრაინელები იღუპებიან, არ ფიქრობს იმაზე, თუ საით მიფრინავს მის მიერ დამზადებული რაკეტა და რა შედეგი მოაქვს მის აფეთქებას... მაგრამ იგი დარწმუნებულია, სჯერა, რომ მუშაობს ქვეყნის ძლიერებისთვის, სახელმწიფოს ღირსებისათვის. იგი არ ფიქრობს იმაზე, რომ რაკეტა რომ არ დაემზადებინა, ამით ფული დაიზოგებოდა და მოხუცებისთვის პენსია მოიმატებდა. არა, კოლექტიური ელვირა ნაბიულინები პროფესიულად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს.

- ესე იგი, რუსეთში ვლადიმერ პუტინს ვერავინ დაამხობს?

- ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ მისი განხორციელებისათვის ტიტანური მუშაობაა საჭირო. ჩემი ვარაუდით, ეს შეიძლება მოხდეს კრემლის ელიტის შიგნით მომზადებული გადატრიალებით. მაგრამ ამისათვის ის ჯგუფი, რომელიც გადატრიალებისთვის მოემზადება, კარგად უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ ა) მასობრივი მხარდაჭერა არ ექნება და ბ) წარუმატებლობის შემთხვევაში მას უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს.

- ვლადიმერ პუტინი, როგორც ბევრი თვლის, დამოკიდებულია კეთილი ჩინეთის ნებაზე და შედარებით უფრო ნაკლებად კეთილ ინდოეთზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ. თქვენი აზრით, მაინც ვისზეა დამოკიდებული რუსეთის პრეზიდენტი?

- დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ჩინეთზე და ინდოეთზე დამოკიდებულება მთლად მართალი არ არის. მე ასე ვიტყოდი: დიახ, ვლადიმერ პუტინი დამოკიდებულია სი ძინპინზე და ნარენდრა მოდიზე, მაგრამ არა მგონია, რომ იგი ამ დამოკიდებულებას საკუთარი თავის საზიანოდ თვლიდეს. ამ მხრივ, ის რაღაცაში მართალია. იმიტომ, რომ ერთია - პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნებაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც შენთვის ფულის და იარაღის მოცემა შეუძლია და არმოცემაც, თანხმობაც და უარის თქმაც. მეორე საქმეა - დამოკიდებული იყო გარკვეულ საერთო ეკონომიკურ კონიუნქტურაზე. ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემა იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი პირადად სი ძინპინისაგან, როგორც სახელმწიფოს მეთაურისგან, ვერც ფულს ვერ იღებს, ვერც სესხს და ვერც იარაღს, სამაგიეროდ, მშვენივრად მუშაობენ ჩინური კომპანიები და რუსეთთან ურთიერთმომგებიანად ვაჭრობენ. ფაქტიურად, ვლადიმერ პუტინი ჩინეთთან (და ინდოეთთან) მიმართებით რიგ შემთხვევებში პოლიტიკური მოღვაწიდან საბაზრო სუბიექტად გადაიქცა, რომელიც ცდილობს რაღაც თავის სასარგებლოდ მიიღოს. სხვათა შორის, ამას ის და მისი ხალხი საკმაოდ წარმატებულად აკეთებს. მაგალითად, ნავთობისა და გაზის მიწოდებაში, ევროპის ნაცვლად, მესამე ქვეყნებში. 

- თქვენი აზრით, როგორია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა დღეს? მართლაც „ოკუპირებულია“ თუ არა რუსეთი ეკონომიკურად ჩინეთის მიერ?

- ჩინეთი რეალურად გახდა რუსეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთმა ისე გამოიწია რუსეთისაკენ, რომ ქვეყნის მთელი ბაზარი დაიპყრო. ჩინური წარმოების ავტომობილების წილი ორი-სამი წლის წინანდელი 3%-დან დღეს 52%-მდეა გაზრდილი, კომპიუტერების - 80%-მდე, მობილური ტელეფონების წილი - 90%-ზე მეტად.

რუსეთი ჩინეთისათვის პროდუქციის გასაღების უზარმაზარ ბაზრად გადაიქცა. მართალია, მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს რუსეთი ჩინეთის დანამატია-მეთქი, მაგრამ აშკარაა, რომ ჩინური კომპანიები სწრაფად ითვისებენ ბოლო დრომდე აუთვისებელ დარგებს. საერთოდ, ყველა ეკონომიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ქვეყანა გარკვეულ სფეროებში მეტ-ნაკლებად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. რუსეთიც არის ჩინეთზე დამოკიდებული და პირიქით. თუ რაიმე მოხდება, ვფიქრობ, დივერსიფიცირება რუსეთს შეუძლია, მაგრამ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოულოდნელობა არ მოხდეს. 

- როდის გაუთავდება ფული პუტინს ომისათვის?

- ყველაზე ბოლოს. მას შემდეგ, როცა აღარც ადამიანები ეყოლება და აღარც სამხედრო ტექნიკური წარმოების შესაძლებლობა არ ექნება. საერთოდ, კი ვფიქრობ, კრემლს უკვე ბევრ სფეროში დეფიციტი აქვს. პირველ რიგში, კვალიფიცირებული სპეციალისტების უკმარისობაში. მეორე - დასავლური ტექნოლოგიების დეფიციტი, რომელიც, „პარალელური იმპორტისა“ და სანქციების გვერდის ავლის მიუხედავად, მაინც არსებობს. მაგრამ ფულის დეფიციტი მას ნამდვილად არ აქვს.

წყარო: https://www.dw.com/ru/vladislav-inozemcev-dla-sverzenia-putina-nuzna-titaniceskaa-rabota/a-67232956

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати