USD 2.7775
EUR 3.0297
RUB 3.2073
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „ვარსკვლავთა კონცერტები საქართველოში: ხელისუფლების პიარი ბიუჯეტის ხარჯზე?“
дата:  301

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვარსკვლავთა კონცერტები საქართველოში: ხელისუფლების პიარი ბიუჯეტის ხარჯზე?“, რომელშიც კრიტიკულადაა განხილული  მთავრობის პროექტი უცხოელი ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების საქართველოში მოწვევისა და კონცერტების ჩატარების თაობაზე,  პროგრამა Starring Georgia-ს რეალიზების ჩარჩოებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

საქართველოში, ფესტივალ Starring Georgia-ს ჩარჩოებში გამართულმა დასავლელ ვარსკვლავთა კონცერტების სერიამ არამარტო აღფრთოვანება გამოიწვია როკ-მუსიკის ათი ათასობით მოყვარულში, არამედ სკანდალებიც. ასე, მაგალითად, ბათუმში ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე რუს მოქალაქესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქართველმა მაყურებლებმა მომღერლებს სტვენა დაუწყეს, ბევრმა კონცერტი მიატოვა, ხშირი იყო ლანძღვა-გინება... მუსიკოსებსა და კონცერტის ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ. კიდევ ერთი მსგავსი სკანდალური მომენტი: თბილისში ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტის დროს დაცვის თანამშრომლები მაყურებლებს უკრაინის დროშებს ართმევდნენ.

ბოლო დროს მომხდარმა შემთხვევებმა ქართულ საზოგადოებას კითხვები გაუჩინა და გაახსენა, თუ ვის და რის ხარჯზე იმართება Starring Georgia-ს ეგიდით კონცერტები და რა თანხა იხარჯება საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს შესანახად, რომელიც ექს-პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით იქნა აშენებული.

ფესტივალი ბიუჯეტის ფულით?

ორწლიანი მუსიკალური ფესტივალის Starring Georgia-ს დაწყება ცნობილი გახდა 2023 წლის აპრილში. ხელისუფლების მტკიცებით, „კონცერტების ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს  პოპულარობის მატებას მსოფლიოს მასშტაბით, გაიზრდება აგრეთვე ქვეყნის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი“. იდეის ავტორი, როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. პროექტის რეალიზებისათვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი (თითქმის 25 მილიონი ევრო) იქნა გამოყოფილი. ამ ფულით საქართველოში მოიწვიეს ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიცაა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic. „ტურიზმისათვის ეს სრულიად ახალ პროდუქტს წარმოადგენს. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ის ტურისტებიც კი მოვიზიდოთ, რომლებიც საქართველოში არასდროს არ ჩამოვიდოდნენ. ჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს კონცერტები ტურისტულ პოტენცილაში ჩავრთოთ და მოგზაურობის მსურველებს ერთიანი პაკეტით შევთავაზოთ“, - განაცხადა ინტერვიუში მაია ომიაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეულ ვარსკვლავთა კონცერტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები მაინცდამაინც იაფი არ ღირს (40-დან 550 დოლარამდე), დარბაზები და სტადიონები მთლიანად ივსება. ამასთან, პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოებას ეჭვები გაუჩნდა - რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ღონისძიებებისათვის მსხვილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვა? მაგალითად, Transparency International-ის ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ აღნიშნავს, რომ ფული ისეთ მუსიკოსებს და მომრერლებს გადაუხადეს, რომლებიც საკმაოდ მდიდრები არიან და თვითონ ეწევიან ქველმოქმედებას - ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას ეხმარებიან, ბილეთები კი რიგითი ქართველებისათვის ძვირი და ხელმიუწვდომელია.

„არავის არ გამოუთვლია, თუ რამდენ ტურისტს მიიზიდავს ეს 70 მილიონი და რამდენი იქნება მიზიდული, თუ ეს ფული სხვა მიმართულებით უფრო გონივრულად დაიხარჯებოდა. შეიძლებოდა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებისათვის ამ ფულის ნაცვლად მთავრობას საგადასახადო შეღავათები შეეთავაზებინა. გარდა ამისა, კონცერტები ტარდება ისეთ დროს (აგვისტოში), როცა ტურიზმი საქართველოში ისედაც პიკურ დონეზეა“, - ჩაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე ბესო ნამჩავაძემ. მისი აზრით, „ამ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრები იხარჯება მთავრობის პიარზე და იმ წამგებიანი, ზარალიანი დარბაზის შენახვაზე, სადაც კონცერტები იმართება - რათა აჩვენონ, რომ სქართველოში ყველაფერი კარგადაა, ვმღერივართ და ვცეკვავთ“.

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?

ფესტივალის ჩატარების ადგილის - Black Sea Arena-ს ირგვლივ ბევრჯერ ატეხილა დავა-კამათი. ეს საკონცერტო დარბაზი გათვლილია ათი ათას მაყურებელზე და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფონდის „ქართუს“ ინიციატივით აშენდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრიცაა, მმართველი პარტიის - ქართული ოცნების“ დამაარსებელი. ზოგიერთები მილიარდერს საქართველოს ჩრდილოვან მმართველს უწოდებენ.  Black Sea Arena-ს  მშენებლობისათვის 115 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ხოლო გახსნის შემდეგ, 2016 წელს, შენობა უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „სახელმწიფო მართვის მონიტორინგის ცენტრის“ (GMC) თანამშრომლის, კორუფციის მკვლევარ ლიზა ქორიძის თქმით, Black Sea Arena-ს  შენახვაზე ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება, თანაც საკონცერტო დარბაზი უმოქმედოდ არის დიდი დროის განმავლობაში. „საქართველოს მოქალაქეები დიდ ფულს ხარჯავენ, რომ Black Sea Arena-ში მიწვეული მსახიობებისა და მუსიკოსების კონცერტებს დაესწრნონ, ამ დროს კი თვითონ დარბაზის შენახვა მნიშვნელოვანი ხარჯები ჯდება. ფესტივალებმა მოგება უნდა მოიტანონ, რეალურად კი პირიქით ხდება“, - ამბობს ლიზა ქორიძე.

GMC-ის ანგარიშის მიხედვით, Black Sea Arena-ს შენახვა-მომსახურებაში სახელმწიფომ,  2017-2021 წლებში 36 მილიონი ლარი დახარჯა, თანაც ამ საქმეში ჩართულნი არიან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის ფირმა „ელიტა ბურჯი“ (Elita Burj). „კონტრაქტები იდებოდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც, როცა კონცერტები არ ტარდებოდა და დარბაზი უქმად იყო“, - ამბობს ლიზა ქორიძე.

ჯერ-ჯერობით, Black Sea Arena-ს დირექციას „დოიჩე ველეს“ მიერ დასმული კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

ამასობაში კი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოპონენტები მთავრობას იმაშიც ადანაშაულებენ, რომ ფესტივალები ტარდება როგორც ხელისუფლების პიარ-კამპანია შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ყველაზე მეტად სამოქალაქო საზოგადოებას ის აწუხებს, რომ ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა და ამ დროს მილიონები იხარჯება საკონცერტო დარბაზის შესანახად“, - ამბობს  ლიზა ქორიძე.

წყარო: https://www.dw.com/ru/koncerty-rokzvezd-v-gruzii-vlasti-piaratsa-za-scet-budzeta/a-66790014

 

аналитика
უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და შეჯამება - გიორგი კობერიძე
უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და შეჯამება [2025 წლის 10 მარტის მდგომარეობით]:
- შესაძლოა კურსკის ოპერაციის დასკვნით ეტაპს ვადევნებდეთ თვალს. უკრაინული შეტევისა და რუსეთის ტერიტორიების დაკავებიდან მერვე თვე დაიწყო. თუმცა რუსეთის მხრიდან დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის მობილიზაციის, კორეული ნაწილების ჩართვისა და დიდი მსხვერპლის ფასად რუსები ქალაქი სუჯას სამხრეთიდან მიუახლოვდნენ. უკრაინული ძალების გარკვეულა ნაწილმა ორგანიზებულად სექტორიდან გამოსვლა დაიწყო.
რუსეთის მხრიდან მებრძოლა შორის განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა დანაკარგები კორეულ ნაწილებში. 15 ათასამდე სამხედროდან დაახლოებით 4000-ან მსხვერპლზეა ვარაუდი. რუსეთის მხრიდან დანაკარგები საკმაოდ ბუნდოვანია თუმცა სავარაუდოდ 15-25 ათასში მერყეობს.
თუ რა შეიძლება იყოს უკრაინელების მხრიდან კურსკის სექტორიდან უკან დახევის მიზეზები ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ აღვნიშნოთ რა სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მივიღეთ:
1. ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და კრემლის მიერ დადგენილი კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაიკვეთა ისე, რომ რუსეთის მხრიდან პასუხი არანაირი არ ყოფილა, მიუხედავად ატომური ბომბის მუქარებისა, რომელსაც ის ომის დაწყების დღიდან სხვადასხვა რეალობის დადგომის შემთხვევაში გამოყენებით იმუქრებოდა;
2. რუსეთის ტერიტორიის ოკუპაცია რეალისტური გახდა. ამასთან, ადგილობრივების მხრიდან აჯანყებაც არ ყოფილა;
3. რუსეთს სხვადასხვა სექტორიდან ცოცხალი ძალის გარკვეული ნაწილების მოხსნა და ამ მიმართულებით გადასროლა მოუწია, რითაც უკრაინის ტერიტორიაზე დაწოლა შედარებით შემცირდა;
4. ხარკოვისა და სუმის რუსეთის მოსაზღვრე ოლქებზე რუსეთის მხრიდან პოტენციური მასშტაბური იერიშის პრევენცია მოხდა, ამ ორ პროვინციას კი დროებითი ფარი გაუკეთდა;
5. გამოჩნდა, რომ რუსული თავდაცვა საკმაოდ მყიფეა რუსეთის ტერიტორიაზე და მთელი აქცენტი შეტევაზეა გაკეთებული;
6. კორეელების მოშველიებით ნათელი გახდა, რომ რუსეთს ცოცხალ ძალაში ყველაფერი გამართული არ აქვს.
7. უკრაინელებმა ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით ძვირფასი ტყვეები - ახალწვეულები, კადიროველები, ოფიცრები - რომელთა გაცვლაც უკრაინელებში მოხდა.
ამ ფონზე უკრაინელთა უკან დახევა შვიდთვიანი ოკუპაციის ფონზე შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული:
1. უკრაინელებმა კარგად გაამაგრეს თავდაცვის პოზიციები უკრაინის სასაზღვრო ზონაში და იქ ბრძოლა უფრო ეფექტური შეიძლება გამოდგეს;
2. უკრაინელები ახალი შეტევის წამოწყებისათვის ემზადებიან უკრაინის შიგნით ან რუსეთის ტერიტორიაზე, შესაბამისად კურსკის ოლქის შენარჩუნებაზე სამხედრო ძალების ხარჯვა არაპრაგმატულია;
3. კურსკის ოლქის შენარჩუნებაზე მიმართული ჰუმანიტარული ხარჯიც ხშირად ხდება კითხვის საფუძველი;
4. უკან დახევების ფონზე უკრაინელებს უფრო და უფრო მცირე ტერიტორიის შენარჩუნება უწევთ, შესაბამისად გარკვეული ალყის საფრთხეც იარსებებს.
5. უკრაინელები საუბრობენ რუსეთის იერიშების სიზუსტის ზრდაზე, რაც თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებას ართულებს.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინელები უეჭველად გამოვლენ კურსკიდან? ცხადია, არა. უკრაინელთა მხრიდან მცდელობა პოზიციების შენარჩუნებისათვის გაგრძელდება. შესაძლოა ვიხილოთ სიურპრიზიც და სწრაფად შესული რუსული და კორეული ნაწილების განადგურების ოპერაციაც, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა კორეელების წინააღმდეგ. კურსკის ოპერაციისას ბევრი სიურპრიზი ვიხილეთ, შესაბამისად არაფერი გამორიცხული არ არის, მით უფრო რომ უკრაინელების ხელში მოულოდნელობა ერთ-ერთი ის იარაღია რითაც მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
- უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელები ინიციატივის დაბრუნებას ცდილობენ. სწორედ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს ცოცხალი ძალის ნაწილის გამოყვანა კურსკის ოლქიდან. უკრაინელებმა დონეცკის ოლქში პოკროვსკის მიმართულებაზე რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყეს და ბოლო ერთ კვირაში ოთხი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. რუსები პოკროვსკის აღებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავდნენ, მაგრამ რუსებმა არათუ ვერ შეაღწიეს პოკროვსკში, არამედ ახლა ინიციატივის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან. ბრძოლები ქალაქიდან 5 კილომეტრში მიმდინარეობს.
ძალიან მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ ტორეცკიშიც, სადაც უკრაინელებმა თითქმის სრულად დაკარგულ ქალაქში დასავლეთიდან კვლავ მოახერხეს შეღწევა. მძიმე ურბანული შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრის სიახლოვეს. ომამდე ქალაქის მოსახლეობა 30 ათასზე მეტი ადამიანისაგან შედგებოდა.
სიტუაცია ცვალებადია ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კუპიანსკის სექტორშიც, ხარკოვის ოლქში სადაც ბოლო სამი დღეა უკრაინელებმა მნიშვნელოვანი კონტრშეტევა დაიწყეს სინკივკას მიმართულებით. რუსები ქალაქ კუპიანსკის მისადგომებთან იყვნენ მისულები. სწორედ მათი განდევნის მცდელობას ვადევნებთ ახლა თვალს. კუპიანსკი ის ქალაქია, რომელიც უკრაინელმა 2022 წლის სექტემბრის კონტრშეტევით გაათავისუფლეს და რუსები მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქისაკენ განდევნეს.
სამივე სექტორი: კუპიანსკი, ტორეცკე და პოკროვსკი ყველაზე აქტიურ საბრძოლო ზონებად რჩება, ისევე როგორც ჩასივ იარი, რომელიც ბახმუტის სიახლოვეს მდებარე ქალაქია. ასე განსაჯეთ - 2023 წლის ზაფხულის შემდეგ რუსებმა ბახმუტის დასავლეთით მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს წინ.
- რუსების შეტევის შენელების ერთ-ერთი მიზეზი მისი ლოჯისტიკური კრიზისის გაღრმავებაა. ფრონტის ხაზზე უკრაინული არტილერია და დრონები მომარაგების კოლონებს აქტიურად ბომბავს. სწორედ ამიტომ რუსებმა ლოჯისტიკის გამართვა ცხენების, ვირებისა და სამოქალაქო მსუბუქი მანქანების გამოყენებით დაიწყეს. ადრეც იყო მსგავსი არაერთი შემთხვევა, მაგრამ ბოლო კვირებია ამან ძალიან აქტიური სახე მიიღო. თუკი სამხედროს არ აქვს საკმარისი საკვები, ამუნიცია, საწვავი და სხვა, ის სამხედრო ოპერაციას სწრაფად და წარმატებით ვერ განახორციელებს. კიდევ ერთხელ ცნობილი გამოთქმა: ბრძოლას იგებს სამხედრო, ომს - ლოჯისტიკა.
- რუსების რიგებში სერიოზული პრობლემაა დაჭრილების სიმრავლე. საველე ჰოსპიტალები დაჭრილებს ვერ აუდიან, ხოლო დაჭრილთა ფრონტის ხაზზე უკან დაბრუნება იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ეს რეაბილიტაციითაა გათვალისწინებული. ეს კი დემორალიზაციის ერთ-ერთი წყაროა. ზოგადად საბრძოლო ოპერაციისას დიდი რაოდენობით დაჭრილების არსებობა შეტევის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ხდება ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის არმიაში კონტუზია არ მიიჩნევა საბრძოლო ოპერაციიდან გამოთიშვის მიზეზად. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის არმიაში იმატა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებმაც, ხოლო ახალწვეულების დამცირება - დედოვშჩინა - კვლავ სერიოზული პრობლემაა.
- უკრაინელებმა სამხედრო დრონების წარმოების პიკს მიაღწიეს. კარგი ამბავი ამაში ისაა, რომ მათი გამოყენება რუსული პოზიციების წინააღმდეგ შეუზღუდავად ხდება როგორც უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისე უშუალოდ რუსეთში. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის მოკავშირე ევროპულმა სახელმწიფოებმა სამხედრო დახმარების გამოყოფასთან ერთად დიდი რაოდენობით ფინანსების ჩადება დაიწყეს უშუალოდ უკრაინის სამხედრო წარმოებაში. ეს უკრაინის ეკონომიკასაც ეხმარება და სამხედრო ძალებსაც.
- უკრაინელები აგრძელებენ რუსულ ნავთობსაბადოების დაბომბვას. როსტოვის, ბრიანსკის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქები თითქმის ყოველი ღამის განმავლობაში იბომბება.
- არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი მომდევნო დღეებში ან კვირებში უკრაინაზე მასირებულ სარაკეტო შეტევას მოაწყობს. არა ისეთს, როგორც ყოველდღიურად ხდება, არამედ დიდი მასშტაბის. ამ ვარაუდის ლოგიკა ისაა, რომ რუსეთის მხრიდან წარმოებული რაკეტების ნაწილი საწყობდება, რაც მისი ერთიანი, მასირებული გახარჯვა-გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, რუსეთი შეეცდება გადაამოწმოს უკრაინული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობა. უკრაინა ემზადება.
- ევროპული სახელმწიფოების მხრიდან უკრაინის სამხედრო მომარაგებაც იზრდება: ფრანგებმა უკრაინელებს "მირაჟის" მრავალფუნქციური გამანადგურებელი გადასცეს. ეს უკრაინის მდგომარეობას ჰაერში აუმჯობესებს. გერმანელები ზრდიან ჭურვების წარმოებას. დახმარების ახალი პაკეტები მზადდება ფინეთის, დანიისა და შვედეთის მხრიდანაც. ევროპული სახელმწიფოების მხრიდან აქტიური სამხედრო წარმოების შემთხვევაში უკრაინის გადაიარაღება გაგრძელდება. მანამდე უკრაინამ უნდა შეძლოს თავისი სამხედრო წარმოების შენარჩუნება, რომელიც იატაკქვეშეთში კვლავ არსებობს და აქტიურად გრძელდება. ამასთან, მოკავშირე მეზობელი სახელმწიფოები იარაღის რემონტს უზრუნველყოფენ.
- აშშ-ს მხრიდან უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის შეზღუდვა სიტუაციას ამძიმებს. ევროპული სადაზვერვო ინფორმაცია ნელ-ნელა შეავსებს დანაკარგს, მაგრამ მოკლე ვადაში ეს გაართულებს სიტუაციას. დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა რომ მოუხსნის ამ შეზღუდვას, მაგრამ რა პირობებით, როდის და თუ - არავინ იცის. ეს კი ევროპულ სახელმწიფოებს არწმუნებს რომ კიდევ უფრო დიდი ფული უნდა ჩადოს კოსმოსურ ინჟინერიაში. ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA ისედაც არსებობს. შემდგომში მისი განვითარება ალბათ კიდევ უფრო დაჩქარდება.
ევროპაში თუკი სამხედრო წარმოებასა და შეიარაღებაზე აქამდე კითხვები არსებობდა, ახლა აშშ-ს მხრიდან არაპროგნოზირებადი და ცვალებადი ქცევები იმის საფუძველი ხდება, რომ მოსახლეობაში განწყობები იცვლება და შეიარაღების საჭიროებაზე კონსენსუსი მატულობს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
- რუსეთმა ერთი რამ კარგად იცის: რაც უფრო მეტს დათმობ მასთან მით უფრო მეტს მოითხოვს ის. ამიტომ საეჭვოა მოლაპარაკებები მოკლე ვადაში რაიმე შედეგით დასრულდეს. და ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუსეთი ახლა მშვიდად შეჰყურებს როგორ უპირისპირდება აშშ თავის მოკავშირეებს და როგორც ცნობილი გამოთქმა გვეუბნება: "როდესაც შენი მოწინააღმდეგე შეცდომას უშვებს, ნუ შეუშლი ხელს". სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს რუსეთი აშშ-ს წინააღმდეგ. ეს კი ძალიან სამწუხარო ამბავია. ადრე თუ გვიან ალბათ აშშ-ს ადმინისტრაციაზე შიდა ზეწოლაც გაძლიერდება და ეკონომიკური [ამერიკული კომპანიების აქციები ცუდ მდგომარეობაშია] და პოლიტიკური რყევები აიძულებს ტრამპს პოზიცია შეცვალოს, მაგრამ ის უპირობო ნდობა, რომელიც აქამდე არსებობდა, რთულად აღდგება. ეს ევროპის სწრაფი გადაიარაღების მოტივაცია უნდა იყოს. ახლა თუ არა შემდგომში შეიძლება გვიანაც აღმოჩნდეს. ტენდენცია კარგია - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოწინავე შეიძლება გახდეს გადაიარაღების პროცესში, ხოლო გერმანიის ჩართულობა სრულიად შეცვლის ევროპის უსაფრთხოების სურათს. თუ გინდა მშვიდობა უნდა ემზადო ომისათვის - ეს ძველი რომაული გამოთქმა ახლა ყველაზე ჭეშმარიტია.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати