USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Tbilisi
«Deutsche Welle» (გერმანია): „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს“
 96

------------------------------------------------------------

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ბუნდესტაგის დეპუტატთან რობინ ვაგენერთან - „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელთან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის კოორდინატორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში - სათაურით „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკიტა ჟოლკვერი).

რობინ ვაგენერმა საუბრის დროს კრიტიკულად შეაფასა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ დებულებები და ხაზი გაუსვა იმას, თუ რა ნეგატიურ შედეგებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

- როგორ განიხილეს და შეაფასეს ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია - პირველ რიგში კი ის კანონპროექტი, რომლის მიღების პროცესი ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს?

- მე რეგულარული ურთიერთობა მაქვს ქართველ პარტნიორებთან, ჩემი აზრი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ადრეც გამოვთქვი და იგივეს გავიმეორებ. ეს არის ძალიან უცნაური დოკუმენტი. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია  ევროკავშირთან დაახლოებაში და წევრად მიღების კანდიდატის სტატუსი მიიღო... მაგრამ ისეთი კანონპროექტებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ არიან მიმართული, მათ შორის „ლგბტ-საზოგადოების“ შეზღუდვისაკენაც, საქართველოს მთავრობა დღეს ნაბიჯს აშკარად არასწორი მიმართულებით დგამს და ისეთ სიგნალებს გზავნის, რომლებიც არ შეესაბამება პროგრესს და ევროკავშირთან დაახლოების კურსს. ჩვენ ასეთი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულნი ვართ და ამ ყველაფერს მხედველობაში ვიღებთ.

- გამოიხატა თუ არა ერთხმად ასეთი პოზიცია ბუნდესტაგის კომიტეტის სხდომაზე?

- დიახ, ასეთია ბუნდესტაგის ყველა ფრაქციის თვალსაზრისი. ნებისმიერ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომის დროს გამოთქმულმა აზრებმა ამგვარი შთაბეჭდილება დატოვა.

- თქვენ ახსენეთ ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი. როგორ შეაფასებდით იმ რისკს, რომ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დაკარგავს?

- მე ამ საკითხზე ფოკუსირებას არ მოვახდენ - დაკარგავს თუ არ დაკარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსს... ჩემი აზრით, საქმე იმაშია, თუ რამდენად რეალური იქნება ქვეყნის მიღების შემდგომი პროცესი. ევროკავშირი საქართველოსაგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას  ელოდება, რომლებიც ქვეყნის გაწევრიანების შემდგომ წინსვლას გულისხმობს. მე პირადად მგონია, რომ ასეთი კანონების მიღება წინსვლას ხელს არ შეუწყობს. ისინი სრულიად სხვა მიმართულებით სიარულს ნიშნავს და არ შეესაბამებიან ევროკავშირის საბაზო ფასეულობებს.

- რის გაკეთება შეუძლია გერმანიის მთავრობას, რომ თბილისი ევროპული ფასეულობების გზაზე დააბრუნოს?

- მე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, სწორი იქნება საქართველოს ისევ და ისევ მივანიშნოთ, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ მის გვერდით ვიყოთ ევროინტეგრაციის გზაზე.  გვინდა, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორი იყოს ევროკავშირის შემადგენლობაში და როგორც ვიცი, იგივე სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას.

მეორე მხრივ, ასევე გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ევროკავშირი დემოკრატიული ფასეულობების მქონე მტკიცე [უნივერსალურ] გაერთიანებას წარმოადგენს და არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მასში გაწევრიანების მსურველმა რომელიმე სახელმწიფომ მხოლოდ ის ფასეულობა ამოირჩიოს, რომელიც მას მოსწონს. ქვეყანა ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის იზიარებს ორგანიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებს და ფასეულობებს. საქართველო კი თავისი ბოლო სადაო კანონპროექტებით, სვლას არასწორი მიმართულებით იწყებს.

ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენი პოზიცია განვმარტეთ როგორც გასულ წელს, ისე დღესაც, ყველა დონეზე. ახლა საბოლოო არჩევანი საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. სწორედ ამის მიანიშნებს ქუჩაში მასობრივად გამოსული ხალხი.

წყარო: https://p.dw.com/p/4f8r9

business
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way