USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „სომხეთი რუსეთსა და ევროკავშირს შორის: ნიკოლ ფაშინიანის ტაქტიკური პრაგმატიზმი“
თარიღი:  759

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle - გერმანული ტალღა) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სომხეთი რუსეთსა და ევროკავშირს შორის: ნიკოლ ფაშინიანის ტაქტიკური პრაგმატიზმი“ (ავტორი - არშალუის მღდესიანი), რომელშიც განხილულია სომხეთის საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, ანუ საით მიდის სომხეთი - ევროპისაკენ აქვს გეზი აღებული თუ რუსეთისაკენ ბრუნდება? რატომ მონაწილეობს ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან ერთად 9 მაისის ზეიმში?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მარტის ბოლოს სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ამის პარალელურად კი, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დაგეგმილ ზეიმში 9 მაისთან დაკავშირებით - ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად.

როგორ უთავსდება ერთმანეთს ორი საკმაოდ წინააღმდეგობრივი საგარეოპოლიტიკური მოვლენა? „დოიჩე ველე“ შეეცადა სომხურ პარადოქსში გარკვევას.

სომხეთ-რუსეთის დიალოგი: საგაზაფხულო დათბობა?

ბოლო კვირეებში, ორწლიანი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში ერთგვარი დათბობა შეინიშნება. ამ მხრივ საკვანძო მოვლენად იქცა 14 მარტს გამართული სატელეფონო საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის.

ერევნისა და მოსკოვის სატელეფონო კონტაქტის საბაბი გახდა რუსეთის ინფორმირება სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების დასრულების თაობაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ნიკოლ ფაშინიანმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, რათა დაედასტურებინა თავისი მონაწილეობა მოსკოვში დაგეგმილ 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებში. მანამდე კი ერთმანეთს ესაუბრნენ საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და სერგეი ლავროვი. მოსკოვმა დადებითად შეაფასა ერევან-ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმებული ტექსტის პროექტი, პარალელურად კი განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული სამხრეთკავკასიური და გლობალური პრობლემები.

ამ დიპლომატიურ კონტაქტზე რეაგირებისას, სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) სპიკერმა ალენ სიმონიანმა მტლიანობაში პოზიტიურად შეაფასა მოსკოვთან გააგქიურებული დიალოგი და აღნიშნა, რომ „მუდმივი დაძაბულობა“ ეფექტურ დიპლომატიურ სტრატეგიად ვერ ჩაითვლება. ამასთან, მან უარყო ხმები, რომ რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურება სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

სომხეთის დაახლოება ევროკავშირთან

ერევან მოსკოვის ურთიერთობის აქტივიზაცია ფართო ინტერესს იწვევს სომხეთის პარლამენტის მიერ 26 მარტს მიღებული კანონის „ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ ფონზე. ეს დოკუმენტი პროევროპული ძალების მიერ შემუშავდა და სანამ პარლამენტში შეიტანდნენ, მოქალაქეთა 52 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. სომხეთის ხელისუფლება მის მიღებას განიხილავს როგორც პრაქტიკულ რეალიზებად კონცეფციისა „დაბალანსებული და გაწონასწორებული“ საგარეო პოლიტიკის შესახებ.

მაგრამ მოსკოვში სხვაგვარად ფიქრობენ და კანონს აღიქვამენ სიგნალად სომხეთის საგარეოპოლიტიკური ვექტორის სავარაუდო ცვლილებად - რუსეთის დასავლეთით ჩანაცვლებად. ასევე არ არის გამორიცხული ერევნის გასვლა იმ სტუქტურებიდან, რომლებშიც მოსკოვი დომინირებს, „ეაეს“-ის („ევრაზიისკიი ეკონომიჩესკიი სოიუზ“ - რუს.) ჩათვლით. სხვატა შორის, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსი ოვერჩუკმა 27 მარტს განაცხადა, რომ სომხეთს მოუწევს არჩევანი გააკეთოს „ეაეს“-სა და ევროკავშირს შორის. „თუ სომხეთი მტკიცედ აირჩევს ევროკავშირის წევრობას, მაშინ მოსკოვი იძულებული გახდება ერევანთან ეკონომიკური ურთიერთობების მთელ კომპლექსს გადახედოს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მან ხაზი გაისვა სომხეთის ეკონომიკურ სარგებელს და შეღავათებს რუსეთთან ურთიერთობაში და ციფრები მოიშველია: 2024 წელს რუსეთ-სომხეთის ვაჭრობის მოცულობა 50%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სომხეთის საგარეო ვაჭრობის ერთ მესამედს შეადგენს.

სომხეთი-ევროკავშირი: განზრახვა თუ გაურკვევლობიდან გამოსვლა?

რეზონანსულ სამართლებრივ აქტს, რომელიც სომხეთის პარლამენტმა მიიღო და კანონად გადააქცია, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს, მათ შორის იმის გამოც, რომ მას დეკლარაციული ხასიათი აქვს.

„ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონი, თავისი არსით, მხოლოდ განზარახულობათა დეკლარაციას წარმოადგენს და არა სრულყოფილ კანონს. ის არ შეიცავს რაიმე ვალდებულებას და რეალიზების მექანიზმს“, - ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში არცვიკ მინასიანი, ოპოზიციური ფრაქციის წევრი. იმავდროულად მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ განსხვავდება სომხეთის ამჟამინდელი მდგომარეობა კოპენჰაგენის კრიტერიუმებისაგან, რომლებსაც  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა აუცილებელად უნდა აკმაყოფილებდეს. „ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ითხოვს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას უკვე მოქმედი სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის შეთანხმების ჩარჩოებში და არა ხმამაღალ განცხადებებს, რომელიც საკანონმდებლო აქტებითაა „შეფუთული“, - დარწმუნებულია ოპოზიციური პოლიტიკოსი, - მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში არა მარტო არ მოუტანს რეალურ სარგებელს ქვეყანას, არამედ დამატებითი კონფლიქტების რისკს ქმნის საერთაშორისო არენაზე“.

განსხვავებული აზრი აქვს პარტიის „რესპუბლიკის სახელით“ თავმჯდომარეს არმენ ბაბაჯანიანს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია. მან მიღებული დოკუმენტი „სომხეთის გაურკვეველი ზონიდან გამოსვლად და მკაფიო საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის დაკავებად“ შეაფასა, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და რეალურ სუვერენიტეტს.

„სომხეთმა სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს ევროკავშირში შესვლის ეროვნული სტრატეგია საგზაო რუკით, უნდა გამოაცხადოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლა - როგორც ბრიუსელთან მოლაპარაკების დაწყების ერთ-ერთი პირობა, ხოლო შემდეგ დაუყონებლივ უნდა მიმართოს ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულების დასადებად, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის ჩათვლით“, - ამბობს არმენ ბაბაჯანიანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

რუსეთზე გულგატეხილი ელექტორატის გადაბირება?

როგორც ექსპერტები თვლიან, სომხეთის ხელმძღვანელობის სწრაფვა ევროკავშირთან დასაახლოებლად უპირველესად საშინაოპოლიტიკური გარემოებებით არის ნაკარნახევი. მაგალითად, სომეხმა პოლიტოლოგმა ტიგრან გრიგორიანმა „დოიჩე ველესთან“ საუბარში მიუთითა სომხურ საზოგადოებაში ევროპული თემატიკის პოზიტიურ აღქმაზე, რაც ხელისუფლებას ნებას აძლევს გადაიბიროს (მიიზიდოს) ის ელექტორატი, რომელივ რუსეთთან ურთიერთობით გულგატეხილია (რუსეთის პროაზერბაიჯანული პოზიციით ყარაბაღის ომში).

როგორც „დოიჩე ველესთან“ საუბარში აღნიშნა კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, სომეხმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდერიანმა, ევროპული ინიციატივა შეიძლება იყოს ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილი ოპოზიციური ლანდშაფტის ტრანსფორმაციის მიზნით, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

მოსკოვში, 9 მაისს: ფაშინიანის პოლიტიკური პრაგმატიზმი

ექსპერტები ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში დაგგემილ ვიზიტს, 9 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად, სომხეთის რუსეთისაკენ შებრუნების ინდიკატორად არ განიხილავენ. ტიგრან გრიგორიანის თქმით, „ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ სომხეთის ხელისუფლება პოლიტიკურ პრაგმატიზმს ამჟღავნებს“.

„სომხეთისმოქმედება განპირობებულია ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტით დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის ფონზე, ასევე უკრაინის ომის პოლიტიკური დარეგულირების შესაძლებლობით და აშშ-ის ადმინისტრაციის აქტიურობის მოსალოდნელი დაქვეითებით, მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც“, - განმარტავს ტიგრან გრიგორიანი, - „სომხეთი იძულებულია გაითვალისწინოს სხვადასხვა სცენარები და სიფრთხილით იმოქმედოს გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდის პირობებში“.

წყარო: https://p.dw.com/p/4sWZo

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის