USD 2.6966
EUR 3.1777
RUB 3.4686
Tbilisi
«Deutsche Welle» (გერმანია): „რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში მცირდება? რატომ გაიყვანა რუსეთმა მესაზღვრეები სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებიდან“
Date:  792

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში მცირდება?“ (ავტორი - არშალუის მღდესიანი), რომელშიც განხილული და კომენტირებულია ერევან-მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმება სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდა, საიდანაც ერევანში რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით დაბრუნდა: რუსეთი 2025 წლის 1  იანვრიდან თავის სამხედრო მოსამსახურეებს სომხეთ-ირანის საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან გაიყვანს და მათ კონტროლს სომეხ მესაზღვრეებს გადასცემს. გარდა ამისა, მოსკოვი და ერევანი სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებზე მორიგეობას ერთობლივად განახორციელებენ.

ექსპერტების აზრით, სომხეთის პრემიერის მიერ დსთ-ის სამიტზე მონაწილეობის დროს მიღწეული ხელშეკრულებების მიზანს სომხეთში რუსეთის ყოფნის შემცირებას მოასწავებს. აღსანიშნავია, რომ სომხეთი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ ითვლება, მაგრამ ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერევან-მოსკოვის ურთიერთობა სულ უფრო ცივდება.

რა მიზნები აქვს ერევანს?

როგორც ბენიამინ პოღოსიანი - ერევნის კვლევითი ცენტრის APRI Armenia-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვარაუდობს, სომხეთის ხელისუფლება გეგმაზომიერად ახორციელებს რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირებას სომხეთის ტერიტორიაზე და უპირველესად ეს ეხება ქვეყნის საზღვრების დაცვის საკითხს.

„ამ მხრივ პირველ ნაბიჯად იქცა რუსი მესაზღვრეების გაყვანა ერევნის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან, შემდეგ კი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან. ამჟამად საქმე მივიდა სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებამდე. თუ სიტუაცია ამგვარი სცენარით მომავალშიც განვითარდება, მაშინ მალე დადგება მომენტი, რომ ერევანი მოსკოვს მოსთხოვს, სრულად იქნეს გაყვანილი რუსი მესაზღვრეები სომხეთის ტერიტორიიდან“, - ამბობს ექსპერტი ბენიამინ პოღოსიანი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბარში.

თუმცა რუსეთის ყოფნის შემცირების საკითხში ბენიამინ პოღოსიანს არ ეთანხმება სომეხი პოლიტოლოგი, ერევანში მდებარე კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ისკანდერიანი: „რუსი მესაზღვრეები, რომლებიც აეროპორტ „ზვარტნოციდან“ იქნენ გაყვანილნი და რომლებიც იანვრიდან უკვე სომხეთ-ირანის საკონტროლო-გამსვლელ პუნქტებსაც დატოვებენ, სულ რაღაც რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, ისინი არსადაც არ მიდიან და ჩვეულებრივ გააგრძელებენ თავიანთ სამსახურს სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის სასაზღვრო ჯარებში“, - ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი კრემლის ერთგვარ სიმბოლურ მოქმედებას წარმოადგენს, რომლებიც „საკმაოდ კარგად იყიდება სომხეთის საშინაო პოლიტიკაში“.

სომხეთის სუვერენიტეტის განმტკიცება?

მართალია, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს რუსი მესაზღვრეების გაყვანა დიპლომატიურ აქტად წარმოადგინოს, პრემიერ-მნისტრი კი მადლობას უხდის რუსებს სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის მრავალწლიანი დაცვისათვის, ეს გადაწყვეტილება ბევრმა საერთო ტენდენციის დამადასტურებელ მოვლენად მიიჩნია.

ამ მხრივ წინა წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, ეს ნაბიჯი განიხილება როგორც გაგრძელებად და უფრო მეტიც - გაძლიერებად იმ პროცესისა, რომლის მიზანს რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირება წარმოადგენს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, მმართველი პარტიის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატის ანდრანიკ ქოჩარიანის თქმით, რუსი მესაზღვრეების გაყვანა არის სომხეთის სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ მიმართული ნაბიჯი: „არავის არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეოდა. სომხეთის ხელისუფლებამ, რომელიც მუდმივად მუშაობს ქვეყნის დამოუკიდებლობის სრულყოფაზე, პირველი ნაბიჯი ჯერ სწორედ ერევნის აეროპორტში გადადგა და იქ არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების კონტროლი სომხეთის სასაზღვრო ჯარებს დაექვემდებარა“.

ყველა ეს მოვლენა განხილული უნდა იქნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გართულების ფონზე.  2022 წლის ბოლოდან მოყოლებული, მხარეები ერთმანეთს გამუდმებით საყვედურობენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა და „ოდკბ“-მა (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ) სომხეთს უარი განუცხადეს სამხედრო დახმარების გაწევაში აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერევანმა კურსი დივერსიფიკაციისაკენ აიღო.

სომხეთი კონტაქტებს აფართოებს საფრანგეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს. რუსეთის უკმაყოფილება იმდენად გაძლიერდა, რომ სომხეთის მთავრობამ „ოსკბ“-ში თავისი წევრობა დროებით შეაჩერა და დაიმუქრა, რომ საერთოდ გავიდოდა ორგანიზაციიდან.

ერევნმა და მოსკოვმა ამჯერად სკანდალს თავი აარიდეს.

სომხეთის პოლიტიკის გამო რუსეთის უკმაყოფილების მიუხედავად, გადაწყვეტილება რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებიდან - ერევნის ეროპორტიდან და სომხეთ-ირანის საზღვრიდან - მიღებული იქნა ოპერატიულად და ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი ურთიერთბრალდებების გარეშე.

პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი ყურადღებას ამახვილებს ამ ასპექტზე და ამბობს, რომ ერევან-მოსკოვის მუშაობის სტილი ემოციური ტონიდან პრაგმატიზმით შეიცვალა. „თუ ადრე ერევნის გადაწყვეტილებები, მაგალითად, საერთაშორისო სისხლის სამართლის რომის სტატუსტის დამტკიცების შესახებ, მოსკოვის მიერ საკმაოდ ნეგატიურად და გარკვეული ბრაზით იქნა აღქმული, ახლა მსგავსი რამ აღარ შეიმჩნევა. აშკარაა, რომ რუსეთს ამჯერად სოხეთისაგან რაიმე არ მოუთხოვია“, - ამბობს ექსპერტი და კრემლის მშვიდობიან თანხმობას ორი მიზეზით ხსნის: პირველი - სომხებმა რუსებთან კაბინეტური მუშაობა ისწავლეს ემოციების გარეშე; მეორე - შეიცვალა რუსეთის რეგიონული პრიორიტეტები უკრაინის ომის გამო. „რუსეთისათვის [სომხეთთან უთანხმოებას] უკვე აღარ აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომ მოსკოვმა ერევანს საქმის გარჩევები მოუწყოს და საგრძნობი კონტრზომები განახორციელოს. მით უმეტეს, რომ გადადგმული ნაბიჯები არ ეხება რუსეთის სამხედრო ბაზის სტატუსს, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე რჩება“.

მოსკოვი დუმს, ერევანი ამჟღავნებს...

ხელშეკრულებები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნასთან, მიღწეული იქნა 8 ოქტომბერს ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, მაგრამ ინფორმაციის გავრცელების წესი უჩვეულო აღმოჩნდა. ეს ახალი ამბავი გავრცელდა არა ოფიციალური არხებით, არამედ სოციალური ქსელებით, ფესბუქის მეშვეობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივნის ნაზელი ბაღდასარიანის მიერ. აღსანიშნავია, რომ არც კრემლის პრეს-რელიზში და არც სომხეთის პრემიერის აპარატის ცნობებში ეს ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

სწორედ ამ მიზეზის გამო სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა რუსი მესაზღვრეების გაყვანის ფაქტისათვის: „როცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ქვეყნდება, რთულია იმის შეფასება, თუ მას რამდენად სერიოზული ხასიათი აქვს“, - ამბობს ოპოზიციური ფრაქციის „სომხეთის“ წევრი დეპუტატი გეგამ მანუკიანი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბარში.

იმ ოფიციალურ ცნობაში, რომელიც ფაშინიან-პუტინის შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა, საკითხი სულ სხვა ასპექტებს ეხება. მაგალითად, მასში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ეკონომიკური თანამშრომლობის დონე განიხილეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩარჩოებში. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი „ბრიკსის“ სამიტზე მიიწვიაო, რომელიც ყაზანში 22-24 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა სომხეთს ისედაც ჰქონდა თანხმობა ადრე გამოცხადებული, რომ ამ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მიიღებდა.

წყარო: https://p.dw.com/p/4ll7e

 

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way