USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Deutsche Welle» (გერმანია): „რეჯეფ ერდოღანის ძლიერება და სისუსტე“
Date:  385

გერმანული რადიო „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ანალიზს, სათაურით „რეჯეფ ერდოღანის ძლიერება და სისუსტე“ (ავტორი - ელმაზ თოფჯუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ მილიონობით თურქი საკუთარ პრეზიდენტს აღარ ენდობა. არცერთ წინა არჩევნების დროს არ ყოფილა რეჯეფ ერდოღანის მდგომარეობა ისეთი მყიფე, როგორც ახლაა. თუმცა ექსპერტები მაინც თვლიან, რომ მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტს უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე მის მეტოქეს - ქემალ ქილიჩდაროღლუს.

მაღალი ინფლაცია და უმუშევრობა, მასშტაბური რეპრესიები მმართველი რეჟიმის კრიტიკოსების წინააღმდეგ, სუსტი მენეჯმენტი მიწისშვრის შედეგების ლიკვიდაციის დროს... თურქეთი კრიზისის ღრმა მორევში იმყოფება. ბევრი თურქისათვის ასეთი სიტუაციის მიზეზს  რეჯეფ ერდოღანი წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას უკვე 20 წელია ხელმძღვანელობს და ფაქტიურად ერთპიროვნულად მართავს.

მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემები, რომლებიც თურქული საზოგადოების წინაშე დგას, პრეზიდენტთან მიმართებით მაინცდამაინც ძლიერ არ მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, 14 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 69 წლის პოლიტიკოსმა იმაზე უფრო კარგი შედეგები აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო - რეჯეფ ერდოღანმა თითქმის 5%-ით აჯობა ქემალ ქილიჩდაროღლუს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანუკვარ მიზანს ვერ მიაღწია - მხოლოდ პროცენტნახევარი დააკლდა გამარჯვებისათვის.

უპირატესობა ოპოზიციასთან შედარებით

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 მაისს უნდა გაიმართოს, მოქმედ პრეზიდენტს უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე მის მეტოქეს.

პოლიტოლოგი იმრე ერდოღანი (სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტიდან) თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც საპრეზიდენტოსთან ერთად ჩატარდა, მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (სგპ), მართალია, ამომრჩეველთა ხმების გარკვეული რაოდენობა დაკარგა, მაგრამ მისი პოზიციები საკმაოდ მყარია: დიდ ეროვნულ კრების (პარლამენტის) 600 ადგილიდან 322 მოიპოვა, ოპოზიციამ კი, რომელიც სხვადახვა წვრილ-წვრილი პარტიებისაგან შედგება, მხოლოდ 213. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანის მთავარმა მოკავშირემ - უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ ხმების 10% მიიღო, რაც პარლამენტში 50 ადგილს უდრის. მესამე ძალამ - ერდოღანის მოწინააღმდეგე პროქურთულმა დემოკრატიულმა პარტიამ ხმების დაკარგა და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 61 ადგილი ექნება. „ვერავინ ვერ შეძლებს ამ რეალობის იგნორირებას“, - ამბობს იმრე ერდოღანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

სოციოლოგები შეცდნენ

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრი გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებდა - ქილიჩდაროღლუ პოპულარობით ერდოღანს უსწრებდა. მაგრამ ახლა წინასწარი ოფიციალური შედეგები მოწმობს, რომ სოციოლოგებმა შეცდომა დაუშვეს.

თითქოსდა წარმოუდგენელია, მაგრამ მიწისძვრით დაზარალებულ ზონაშიც კი რეჯეფ ერდოღანმა ხმების უმრავლესობა მიიღო: ქალაქ ქაჰრამანშახარში, მიწისძვრის ეპიცენტრში, სადაც მოქმედ პრეზიდენტს უამრავ ბრალდებას უყენებდნენ, მას ხმა ამომრჩევლების 71,9%-მა მისცა.

არის თუ არა ასეთ პირობებში რეჯეფ ერდოღანი და მისი „რესპუბლიკური ალიანსი“, მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის ხელმძღვანელობით, გამარჯვებული? როგორც ბეატა ანელტი, სტამბოლში მოქმედი ფრ.ნაუმენის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი, თვლის, რომ არ არის. „არცერთ წინა არჩევნების დროს რეჯეფ ერდოღანის მდგომარეობა ისეთი მყიფე არ ყოფილა, როგორიც ახლაა. იგი არასოდეს არ მდგარა მე-2 ტურის აუცილებლობის წინაშე“, - ამბობს ექსპერტი.

წინასაარჩევნო „საჩუქრების“ მნიშვნელოვანი  როლი

ბეატა ანელტის თქმით, რეჯეფ ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანიას სამართლიანს და პატიოსნურს ვერ ვუწოდებთ: თურქული მასმედიის 90%-ს მთავრობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვს და, ცხადია, ისინი მოსახლეობაში მმართველი პარტიის იდეოლოგიას ქადაგებენ. მეტი ხმების მიღების კიდევ ერთი მიზეზი, დიდი ალბათობით, ისაა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ერდორანი და მისი პარტია მოსახლეობაში წინასაარჩევნო „საჩუქრებს“ არიგებდნენ - მოსახლეობას პირდებოდნენ მინიმალური ხელფასის დონის მომატებას, სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებისათვის და პენსიაზე ვადამდე გასვლას. ბეატა ანელტის აზრით, მოსახლეობა მადლობელია ასეთი საჩუქრებისა, რასაც საარჩევნო ურნებთან დემონსტრირებენ.

პოლიტოლოგი იმრე ერდოღანი ასეთ შეფასებას ეთანხმება: მისი თქმით, რეჯეფ ერდოღანის, როგორც ქვეყნის მეთაური წინასაარჩევნო „საჩუქრებმა“ მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. „როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსახლეობა ბუნებრივ გაზს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებსო, არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში გაზით უფასოდ უზრუნველყოფა შიდა სახელმწიფო ვალის რაოდენობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. უფრო მეტიც - თურქი ამომრჩევლები სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და არასასურველ მოვლენებს იდეოლოგიური პრიზმაში უყურებენ. რადგანაც ისინი ინფორმაციას ძირითადად პროსამტავრობო მასმედიიდან იღებენ, ოპოზიციას უძნელდება მოსახლეობამდე თავისი თვალსაზრისი მიიტანოს“, - განმარტავს იმრე  ერდოღანი.

რელიგიამაც თავისი როლი შეასრულა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სარწმუნოების გამოყენება საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით ხდება - ისე, როგორც ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის დროს იყო. თვითონ განსაჯეთ: თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა 14 მაისის არჩევნებს „მორწმუნეთა და ურწმუნოთა არჩევანი“ უწოდა.

ვისთან იქნებიან უკიდურესი მემერჯვენეები?

მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, წინასაარჩევნო კაპმანიის დროს, ადმინისტრაციული რესურსით - სახელმწიფო აპარატით ისარგებლა. თითქმის ყველა მინისტრი პროვინციებში და დიდ ქალაქებში იყო წასული და მოსახლეობას აგიტაციას უწევდა, რომ ხმა მმართველი პარტიისა და პრეზიდენტისტვის მიეცა. თვითონ რეჯეფ ერდორანი ყოველ კვირას რომელირაც ახალ მსხვილ ობიექტს ხსნიდა, ხოლო არჩევნების დაწყებამდე გამოაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით ნავთობის დიდი საბადოები აღმოჩნდა.

დამკვირვებლები თვლიან, რომ მეორე ტურისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის როლს შეასრულებს ის, თუ ვინ მიიღებს მესამე კანდიდატის - ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ალიანსის წარმომადგენლის სინან ოგანის ხმებს, რომელიც თავისი მომხრეების წინაშე საჯარო რეკომენდაციით მალე უნდა გამოვიდეს. მაგრამ მისი მოწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ისე გააკეთებს, როგორც მას უნდა. საერთოდ კი, იდეოლოგიურად სინან ოგანი უფრო სამთავრობო ბანაკთან არის დაკავშირებული, ვიდრე ოპოზიციურ ალიანსთან.

რეჯეფ ერდოღანი და ნატო/ევროკავშირი

იმდენად, რამდენადაც თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკას წარმოადგენს, რომელშიც პრეზიდენტი მთავრობასაც ხელმძღვანელობს, ქვეყნის მომავალი ახლა მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული. ბეატა ანელტი არ ელოდება რაიმე სერიოზულ ცვლილებებს, თუ რეჯეფ ერდოღანი თავის პოსტს შეინარჩუნებს. „თურქეთის პრეზიდენტი ისევ ისეთი რთული პარტნიორი იქნება, რომელიც საგარეოპოლიტიკურ ურთიერთობას აყალიბებს არა ფასეულობებისა და თამაშის შეთანხმებული წესების საფუძველზე, არამედ პირველ რიგში თავისი საკუთარი პირადული ინტერესების შესაბამისად“, - ამბობს ექსპერტი.

ცხადია, რომ რეჯეფ ერდოღანის სავარაუდო გამარჯვება ნატოსა და ევროკავშირისათვის ახალ პრობლემებს ნიშნავს. ის, რომ ნატოს წევრი თურქეთი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის კარგი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, რომ არსებული პრობლემები არჩევნების შემდეგ აუცილებლად გამწვავდება. რეჯეფ ერდორანს მოუწევს ბრიუსელის „რჩევებს“ ლოიალურად მიუდგეს და გარკვეულწილად დაეთანხმოს. ეს ევროკავშირის პოზიციებს გააძლიერებს. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს თვეებში არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ ერდოღანმა, ევროპისაგან დახმარების მიღების მიზნით, თავისი პრეტენზიები მოხსნას შვედეთის ნატოში მიღების წინააღმდეგაც.

ქემალ ქილიჩდაროღლუ და სირიელი ლტოლვილები

ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი მურატ ერდოღანი, რომელიც მიგრაციის პრობლემებს იკვლევს, ასევე ვარაუდობს, რომ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მოქმედი პრეზიდენტი მეორე ტურში გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ქვეყნის ხელისუფლებაში ქემალ ქილიჩდაროღლო მოვა, მოსალოდნელია ევროკავშირის მიმართ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაპირებებზე -  ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლასა და ლტოლვილთა პაქტის შემუშავებაზე. ისევე როგორც რეჯეფ ერდოღანს, ქემალ ქილიჩდაროღლუსაც სურს ლტოლვილების მიმართ პოლიტიკის გადახედვა: იგი თურქებს პირდება, რომ ყველა სირიელს უკან, თავიანთ ქვეყანაში დააბრუნებს, არა უგვიანეს ორი წლის განმავლობაში. მოკლედ, 28 მაისს ცნობილი გახდება, შეიცვლება თუ არა თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

წყარო: https://www.dw.com/ru/vybory-prezidenta-turcii-v-cem-sila-i-slabost-erdogana/a-65648200

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way