USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „რატომ სურთ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება და რატომ იცავენ მათ, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს?“ (გამოკითხვის შედეგები)
თარიღი:  397

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ სურთ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება და რატომ იცავენ მათ, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს?“ (ავტორი - ლილია რჟეუტსკაია).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინაში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ რუსეთთან სამშვიდობო დიალოგის დაწყებაზე. თუ ადრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კატეგორიულად უარყოფდა რაიმე მოლაპარაკების შესაძლებლობას რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან (ვლადიმერ პუტინთან), ახლა სიტუაცია იცვლება. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე თვლის, რომ „მშვიდობის მეორე სამიტზე“, ნოემბერში, რუსეთი აუცილებლად იქნება მიწვეული.

„დადგა მოლაპარაკების დაწყების დრო...“

როგორც ივნისის ბოლოს კიევის „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს (გაზეთ „ზერკალო ნედელის“ დაკვეთით), უკრაინელთა 44% - ძირითადად ზურგის რეგიონებში - თვლის, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ოფიციალური მოლაპარაკების დაწყების დრო უკვე დადგა. 35% თვლის, რომ ამის საფუძველი ჯერ არ არის, ხოლო 21% ჯერ-ჯერობით სიტუაციაში ვერ გარკვეულა.

იმავდროულად, უკრაინელები, გამოკითხვის თანახმად, კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან, რომ ომი რუსეთის მიერ წამოყენებული იმ პირობებით დასრულდეს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ გააჟღერა. უკრაინის იმ რეგიონების მოსახლეობის 83%, რომელსაც კიევი აკონტროლებს, მხარს არ უჭერს კრემლის წინადადებას უკრაინის ჯარების გაყვანის თაობაზე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან, ხოლო 84% წინააღმდეგია ეს ოლქები რუსეთს გადაეცეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 77% მხარს არ უჭერს, რომ რუსეთს დასავლური სანქციების მოეხსნას. რაც შეეხება უკრაინის ბლოკებსგარეშე და არაბირთვულ სტატუსს, 58% თანახმაა, 22% - წინააღმდეგი.

სამარცხვინოა თუ არა ჯარში სამსახურისათვის თავის არიდება?

სოციოლოგების კითხვაზე, რა პირობებს თვლიან უკრაინის მოქალქეები მინიმალურად აუცილებელს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებისათვის, 51% თვლის, რომ ამისათვის აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება რუსეთის ჯარებისაგან და 1991 წლის საზღვრების აღდგენა. ამასთან, მართალია მოსახლეობის უმრავლესობას 1991 წლის საზღვრები სურს, მაგრამ იმავდროულად ყოველი მეორე უკრაინელი, ანუ 46% თვლის, რომ ომის დროს ჯარში სამსახურიდან თავის არიდება სამარცხვინო არ არის. მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ ეს სამარცხვინოა, 22% კი ყოყმანობს.

„მონაცემები მოწმობს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობაში ფრუსტრაცია (დამთრგუნველი, სასოწარკვეთილი მდგომარეობა) სუფევს. მოსახლეობას არ აქვს ქვეყნის უკეთესი პერსპექტივის იმედი ომის პირობებში. სწორედ ასეთი პარადოქსული პასუხებით იძლევა მოსახლეობა აპათიის სიგნალებს. რატომ იზრდება სამშვიდობო მოლაპარაკების მსურველთა რაოდენობა? იმიტომ, რომ უკრაინელი ერის მობილიზაციისა და მისი დარაზმვის ამჟამინდელი შესაძლებლობები უკვე ამოიწურა. ჩვენ ვიყავით მოკლევადიანი ომის იმედად, მაგრამ იძულებულნი გავხდით და გადავედით ხანგრძლივ ომზე, ხელისუფლებას კი მოსახლეობისათვის არ შეუთავაზებია გეგმა, თუ როგორ უნდა იცხოვროს პერმანენტული დაუსრულებელი ომის პირობებში“, - ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი. მისი აზრით, ყველა პრობლემამ, რომლის მოგვარება გადაებული იყო ომის შემდეგ (კორუფცია, „ნათლიმამობა“, სახელმწიფო ინსტიტუტების  არაეფექტურობა და ა.შ.), უკრაინელებისათვის ისევ წინა პლანზე წამოიწია: მოსახლეობა ხედავს, რომ ომის არ მთავრდება, პრობლემები კი გადაუჭრელი რჩება. „მობილიზაციით უკმაყოფილება, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ენერგეტიკული და ეკონომიკური პრობლემები, ადამიანის უფლებების დაცვა - ეს ყველაფერი ხალხისათვის ჰიპერაქტუალურ საკითხებად რჩებიან. დიახ, გამარჯვების რწმენა ისევ არის, მაგრამ ხალხი მთავრობის უმოქმედობასაც ამჩნევს“, - ამბობს ექსპერტი.

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი იგორ რეიტეროვიჩი აღნიშანავს, რომ ბოლო დროს უკრაინის პრეზიდენტიპრაქტიკულად აღარ ახსენებს ქვეყნის 1991 წლის საზღვრებს და მათ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებელ პირობად აღარ მიიჩნევს. ეს ფაქტი უკრაინის საზოგადოების დეზორიენტაციას იწვევს. „ასეთმა მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, როცა ერთი მხრივ, ყველას ყველაფრის დაბრუნება სურს, მეორე მხრივ კი, მობილიზაციისაგან თავის არიდება თურმე პრობლემად არ ჩაითვლება. პასუხები ამბივალენტურია. ამიტომაც მუშაობა და ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რომელიც უკრაინულ საზოგადოების გააერთიანებს“, - ხაზს უსვამს იგორ რეიტეროვიჩი „დოიჩე ველესთან“ საუბრის დროს..

ცხოვრება ომის პირობებში

პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას დიალოგი უნდა გამართოს და ხანგრძლივი ომის პირობებში ცხოვრების ხედვები უნდა შესთავაზოს.

ამასთან, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ როცა ადამიანები ტოტალური გაურკვევლობის (ანუ ინფორმაციის ნაკლებობის ან დეზინფორმაციის) პირობებში ცხოვრობენ, ამგვარი პარადოქსული და ამბივალენტური (საპირისპირო) პასუხები, პრინციპში მოსალოდნელი და ნორმალურია. „საზოგადოებრივი განწყობის მონიტორინგი მუდმივად უნდა ხდებოდეს, ხელისუფლება დინამიკას უნდა სწავლობდეს, რომ გამოწვევებისათვის მოემზადოს“, - ამბობს მიხეილ მიშენკო, სოციოლოგიური სამსახურის „რაზუმკოვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.

„დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან იმაში, რომ ასეთი სოციოლოგიური კვლევები აუცილებელია, რათა უკრაინის ხელისუფლებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოვლენების განვითარების სავარაუდო ვარიანტები. კიევს მეორე სამშვიდობო სამიტისათვის მყარი არგუმენტები უნდა ჰქონდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად.

წყარო: https://p.dw.com/p/4iO6w

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.