გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „რატომ აქვს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე შეტევის უფლება“ (ავტორი - ბერნდ რიგერტი), რომელშიც განხილულია საკითხი - რამდენად არის უფლებამოსილი უკრაინის არმია მტრის წინააღმდეგ, მისსავე ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისათვის - იურიდიული, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
იმ დროს, როცა რუსეთის არმია უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე მასირებულ და უწყვეტ შეტევებს ახორციელებს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) მეშვეობით, გერმანიაში მიდის დისკუსია თემაზე - შეუძლია თუ არა უკრაინას დარტყმების მიყენება რუსეთის ტერიტორიაზე და თუ შეუძლია, როგორ და რა გზებით?
დისკუსიის დაწყებას საბაბი მისცა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ამასწინანდელმა განცხადებამ, რომ „ომი თანდათან რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება“. უკრაინელი ლიდერის თქმით, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და პოლიტიკურ ცენტრებზე, აგრეთვე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიმბოლურ ობიექტებზე (მაგალითად, კრემლზე) განხორციელებული დარტყმები „გარდაუვალია, ბუნებრივია და აბსოლუტურად სამართლიან ქმედებად უნდა ჩაითვალოს“.
მოსკოვი - უკრაინის არმიის სამართლიანი სამიზნე
აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო და სახელმწიფო დანიშნულების მქონე ობიექტებზე შეტევის უფლება?
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს, რომელსაც თავს დაესხმება მეორე სახელმწიფო და მასზე აგრესიას განახორციელებს, თავდაცვის სრული უფლება აქვს. თავდაცვის უფლება მოიცავს დარტყმების განხორციელებას თავდამსხმელი სახელმწიფოს ტერიტორიაზეც - სამხედრო ობიექტების, ინფრასტრუქტურის და აგრესორის არმიის სარდლობის განადგურების მიზნით. ასეთი შეტევები შეიძლება მოხდეს ქვეყნის სიღრმეში, ტერიტორიის შიგნით, ანუ დარტყმები მხოლოდ ფრონტის ხაზითა და მის ახლო-მახლო არეალით არ არის შეზღუდული. რა თქმა უნდა, „ომის წარმოების საერთაშორისო წესებითა და ნორმებით“ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა იკრძალება.
უკრაინის არმიას ასევე შეუძლია დატყმების განხორციელება იმ ტერიტორიების მიმართაც, რომლებიც იურიდიულად მას ეკუთვნის, მაგრამ რუსეთის მიერ არიან ოკუპირებულნი (მაგალითად, ყირიმის მიმართ) და სადაც ოკუპანტს მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულების ობიექტები აქვს. ბუნებრივია, უკრაინის არმიის სამართლიან სამიზნეებს წარმოადგენენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებიც.
დარტყმა რუსეთზე - ყველანაირი იარაღით, მაგრამ...
როგორი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე? პრინციპში, კიევს უფლება აქვს ისარგებლოს ამჟამად მის ხელთ არსებული ყველანაირი იარაღით - დრონებით, რეაქტიული ჭურვებით, თვითმფრინავებით, ფრთოსანი რაკეტებით... მაგრამ ამასთან ერთად, არსებობს მისი მოქმედების შემზღუდავი ფაქტორი: პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის ხელმძღვანელობასა და დასავლელ მოკავშირეებს შორის, რომ კიევმა დასავლური წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად არ უნდა გამოიყენოს. რატომ?
იმიტომ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები შიშობენ: მოსკოვს შეუძლია დასავლური იარაღის გამოყენების ფაქტით ისარგებლოს და ამ საბაბაით ომის ესკალაცია მოახდინოს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ ჯერ კიდევ მაისში დაბეჯითებით განაცხადა: „ეს უკრაინის ომია. ეს არ არის ომი რუსეთსა და ამერიკას შორის. ეს არ არის ომი ნატოსა და რუსეთს შორის. ეს არის ომი ორ სახელმწიფოს - უკრაინასა და რუსეთს შორის. ჩვენ უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით ჯარის აღჭურვასა და წრთვნებში, კონსულტაციებს ვუწევთ... მაგრამ ჩვენ არ გვსურს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი“, - ასე განმარტა ყველაზე მაღალჩინოსანმა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.
ბირთვული იარაღის შანსი: „არა“ ომის ესკალაციას!
უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობის განხილვისას, ნებით თუ უნებლიედ, ყოველთვის კითხვა ჩნდება ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე, რომელიც რუსეთს ათასობით აქვს. წითელი ხაზი, რომელიც აშშ-მა ამ ომთან დაკავშირებით „გაავლო“, სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირ ინტრპრეტირებას აძლევენ. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან უკრაინას ისეთი ფრთოსანი რაკეტები მიაწოდონ, რომლებსაც პერსპექტივაში რუსეთის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე და ინფრასტრუქტურულ ნაგებობებზე შეტევა შეუძლიათ. „ჩვენ გადავვწყვიტეთ უკრაინას ისეთი ახალი რაკეტები მივაწოდოთ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უფრო შორს მდებარე ობიექტების წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოს ვილნიუსის სამიტზე.
იმ საარტილერიო სისტემების მოქმედების (სროლის) სიშორე, რომლებსაც უკრაინა დასავლეთის ქვეყნებიდან იღებს, თანდათან იზრდება. შორსმსროლელი არტილერია აუცილებელია რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ სამხედრო პოზიციებისა და აეროდრომების გასანადგურებლად, საიდანაც უკრაინის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვა ხდება.
გერმანიაში უკრაინის ელჩი ალექსი მაკეევი ბერლინისაგან ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას ითხოვს. ბუნდესტაგის დეპუტატამა აგნეშკა ბრუგერმა რადიო „დოიჩლანდფუნკის“ ეთერში გამოსვლისას არ გამორიცხა კიევისათვის რაკეტების მიცემა, თუმცა თავდაცვის ფედერალური მინისტრი ბორის პისტორიუსი ამგვარი იარაღის მიწოდებას არ ეთანხმება. გერმანიის მთავრობა ფიქრობს, რომ თუ უკრაინის არმია შორეული მოქმედების რეაქტიული შეიარაღებით იქნება აღჭურვილი და თუ კიევი მას რუსეთის წინააღმდეგ მიმართავს, მაშინ ეს ფაქტი კრემლს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებისაკენ უბიძგებს. ოფიციალური ბერლინი თავს არიდებს ომის ესკალაციას.
არის თუ არა იარაღის მიმწოდებელი ქვეყანა „ომის მონაწილე“?
საერთაშორისო სამხედრო სამართალში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ის ზღურბლი, რომლის გადაბიჯებისას სახელმწიფო კონფლიქტის მონაწილე ხდება. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება მხოლოდ უკრაინის თავდაცვისადმი დახმარებას წარმოადგენს. ამრიგად, სახელმწიფოები ომში აქტიურად არ ერთვებიან. ამასთან, ის საკითხი - ნიშნავს თუ არა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წრთვნა ამა თუ იმ უცხოური სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს ჩართვას რუსეთ-უკრაინის ომში - ჯერ-ჯერობით სადაოდ რჩება.
მაგრამ როგორც კი იარაღის მიმწოდებელი ქვეყნები დაიწყებენ თავიანთ ზეწოლას და გავლენის განხორციელებას უკრაინაზე - მიწოდებული იარაღისათვის რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების არჩევის საკითხში, ისინი, ბევრი ექსპერტ-იურისტის აზრით, უკვე ომის მონაწილეები აღმოჩნდებიან. ასევე, თუ მაგალითად, უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთი, რომელსაც რუსეთის მიმართ ძალზე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს - „თავდაცვის კოლექტიური უფლების“ მოტივით უკრაინაში თავის ჯარს გაგზავნის, ვარშავა შეიძლება რუსეთის საჰაერო დარტყმის ობიექტი გახდეს, რაც ნატოზე თავდასხმას ნიშნავს. მოკლედ, დასავლეთი ომის ასეთ სცენარს თავს არიდებს.
თავის მხრივ, კრემლი უკვე დიდი ხანია თვლის, რომ უკრაინისათვის იარაღის მიმწოდებელი ქვეყნები - ნატოს წევრები - რუსეთთან მებრძოლ მხარეებს წარმოადგენენ. „ისინი ჩვენთვის მტრული სახელმწიფოები არიან. რასაც ისინი სჩადიან და აკეთებენ, ეს ომის გაჩაღების ტოლფასია“, - თითქმის ერთი წლის წინ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. რუსი პოლიტიკოსები მუდმივად იმუქრებიან, რომ კრემლი შეიძლება იძულებული გახდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს დასავლეთისაგან თავის დასაცავად.
მოსკოვს შეუძლია ესკალაციაზე წავიდეს და დაბომბოს უკრაინისათვის იარაღის მიმწოდებელი ქვეყნები, რაც უკანონო ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ გაგრძელება იქნება. ამიტომაც დასავლეთს არ სურს კონფლიქტის გაფართოების კატალიზატორი გახდეს.
ევროკავშირს მოსკოვის არ სჯერა... და უკრაინას აფრთხილებს
უკანასკნელ დღეებში „უცნობი წარმოშობის“ დრონებით მოსკოვისა და სხვა ქალაქების დაბომბვის ფონზე „დოიჩე ველემ“ კითხვა დაუსვა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ოფიციალურ წარმომადგენელს ნაბილა მასრალს, თუ რამდენად შეიძლება დრონები უკრაინიდან იყოს გაშვებული. მან განაცხადა, რომ ბრიუსელს არ აქვს უპილოტო საფრენი აპარატების კუთვნილების დამადასტურებელი ზუსტი მონაცემები. „რუსეთის ყოველი განცხადება ამ ფაქტებთან დაკავშირებით საეჭვოა და სანდო არ არის, რადგან კრემლი ინფორმაციით აქტიურად მანიპულირებს", - ხაზი გაუსვა ნაბილა მასრალმა.
ევროკავშირის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლის აზრით, რუსეთმა დრონებით შეტევა საბაბად არ უნდა გამოიყენოს საომარი მოქმედებების შემდგომი გამწვავებისათვის, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამასთან, ნაბილა მასრალმა განსაკუთრებით აღნიშნა: „უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას, მაგრამ ის იარაღი, რომლის მიწოდებასაც ევროკომისია აფინანსებს, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვისათვის უნდა იქნეს გამოყენებული და არა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განსახორციელებლად“.
წყარო: https://www.dw.com/ru/pocemu-ukraine-razreseno-atakovat-celi-na-territorii-rf/a-66417388
მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.
ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.
წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.