USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Deutsche Welle» (გერმანია): „გერმანიამ ქართველებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების გზა გაურთულა“
Date:  172

„საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების შვიდი წლის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ მიგრანტების ნაკადის შემცირება გადაწყვიტა“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვრდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გერმანიამ ქართველებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების გზა გაურთულა“. პუბლიკაციაში გადმოცემულია ქართველი მიგრანტების მდგომარეობა გერმანიაში, ასევე შეფასებულია თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ნენსი ფეზერის ვიზიტი, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბრალდებულებს სახელად ჰქვიათ გივი, სოლომონი, თორნიკე და მიხეილი. მათი ასაკია 31-დან 39 წლამდე. საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში მათ ბერლინის ჩრდილოეთ რაიონებში სულ მცირე ხუთი ბინა გაძარცვეს და ნაძარცვს - ძვირფასეულობას, ელექტრონულ აპარატურას და სხვა ნივთებს ყიდდნენ, ხოლო მიღებულ ფულს სამშობლოში გზავნიდნენ, საქართველოში. ახლა ოთხივე განსასჯელთა სკამზე სხედან, ბერლინის საქალაქო სასამართლოში, სადაც  მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იხილება.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 2022 წლის ზაფხულში ბერლინის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა საქართველოს მოქალაქეს - 30 წლის ლაშა ბ.-ს, რომელიც ბინებს ძარცვავდა და მთლიანობაში 60 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარა.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების მონაცემებით, გერმანიაში მყოფი ქართველი ქურდების ნახევარზე მეტს განაცხადი აქვს წარდგენილი... პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე.

უვიზო რეჟიმმა თავშესაფრის მიღების მსურველები გაამრავლა

საქართველოს ევროპული მომავალი ბერლინში, ბრიუსელში და თბილისში პოლიტიკოსებს ცოტა სხვადასხვანაირად ჰქონდათ წარმოდგენილი. როცა 2017 წლის 27 მარტიდან ევროკავშირმა ვიზები გააუქმა კავკასიური რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის, ევროპაში იმედოვნებდნენ, რომ ევროპაში უვიზო მოგზაურობა ქართველებს კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებდა დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის უპირატესობაში. მაგრამ ერთი წლის სემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ და შვედეთმა, დაიწყეს ლაპარაკი, რომ შესაძლოა ქართველი მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი გაეუქმებინათ. ამის მიზეზი იყო დამნაშავეობის ზრდა და თავშესაფრის მიღების თხოვნების მატება. ცხადია, გერმანიის საიმიგრაციო უწყებებმა დაიწყეს განაცხადების უარყოფა, რომლის დონემ 99%-ს მიაღწია.

საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების შემოსავლების მოცულობაში განსხვავება იმდენად მაღალია, რომ ქართველების საკმაოდ დიდ რაოდენობას თავში ეშმაკური აზრი მოუვიდა - საცხოვრებლად გერმანიაში გადასვლა, თანაც გერმანელი გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. უვიზო რეჟიმის პირველ წელიწადში გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა.

უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება ქართველების მიერ

გერმანული კანონები ნებისმიერ უცხოელს პრინციპულ უფლებას აძლევს ქვეყნაში შემოსვლისთანავე პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს. მათ, ვინც ასეთი განაცხადი წარადგინა, გერმანია საცხოვრებელი ფართობით და საკვებით უზრუნველყოფს მანამ, სანამ განაცხადის განხილვის პროცესი მიმდინარეობს. შედეგმაც არ დააყოვნა: საერთო საცხოვრებლები ქართველი მიგრანტებით გაივსო, რომლებსაც თავშესაფრის მიღება სურდათ. მათი გათვლები მარტივი იყო: ბევრისთვის მომგებიანი იყო  გერმანულ საერთო საცხოვრებელში ყოფნა, თვეში 400 ევროს მიღება და ლოდინი. გერმანული ბიუროკრატიული მანქანის გამო განაცხადების განხილვა წლობით ჭიანურდებოდა, შესაბამისად, ასევე ხანგრძლივდებოდა ქართველთა ლოდინი, ევროების ყოველთვიური მიღება და ფულის სამშობლოში გადაგზავნა, ნათესავებისათვის.

საბოლოო ჯამში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მაგალითად, საქსონიაში, ლტოლვილის სტატუსის მიღების პრეტენდენტთა განთავსების ცენტრში მყოფი ყოველი მეხუთე პიროვნება ქართველი იყო. დროის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილზე გავიდნენ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნის თვალსაზრისითაც. ისინი საკმაოდ უცნაურ კამპანიაში აღმოჩნდნენ - ავღანელებს, სირიელებსა და ერაყელებს შორის, თუმცა მათი ქვეყნები, კვკასიური სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ევროკავშირში მიღების პრეტენდენტები არ იყვნენ.

ქართველო მიგრანტებო, ფრთხილად!

2023 წლის 19 დეკემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა და მისმა ქართველმა კოლეგამ ვახტანგ გომელაურმა თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მთელ რიგ ზომებს ითვალისწინებს ქართველ მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად - ვთქვათ, საქართველოში საინფორმაციო კამპანიის მოწყობას დევიზით „ქართველებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების მცირე შანსი აქვთ“.

გერმანული პრესის თანახმად, საქართველოს მთავრობა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიასთან იმ ქართველი მოქალაქეების დეპორტაციის საკითხში, რომლებსაც გერმანულმა საიმიგრაციო სტრუქტურებმა თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს და სამშობლოში დაბრუნება „გამოუწერეს“. იგივე ეხება დამნაშავეებად შერაცხულ საქართველოს მოქალაქეებსაც.

გასულ კვირას გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ - ბუნდესრატმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეტანაზე, რომლებიც უსაფრთხო სახელმწიფოებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ქართველთა განცხადებები სწრაფად იქნება განხილული, მათ უარის ვერდიქტს გამოუტანენ და ასევე სწრაფად მოხდება მათი დეპორტაცია გერმანიიდან. მიმდინარე წლის 11 თვეში, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 ათასმა მოქალაქემ ითხოვა.

პრიორიტეტი - უკრაინელებს...

რა თქმა უნდა, გერმანიიაში თავშესაფრის მიღება სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც სურთ. საერთო ჯამში, გერმანიას იგივე თხოვნით სხვადასხვა ქვეყნის 304 ათასმა ადამიანმა მიმართა.

მაგრამ იმდენად, რამდენადაც გერმანიაში სხვა ქვეყნიდან ჩასულ მიგრანტებთან ერთად, ერთი მილიონი უკრაინელიც იმყოფება, რომლებსაც ასევე ჭირდებათ საცხოვრებელი ფართობი, გერმანიის ხელისუფლება ყველანაირი ხერხებით ცდილობს შეამციროს არალეგალური მიგრანტების შესვლა თავის ტერიტორიაზე.

წყარო: https://www.dw.com/ru/germania-usloznaet-gruzinam-put-k-poluceniu-ubezisa/a-67768510

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way