USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს. რას ნიშნავს მოსკოვის განზრახვა სომხეთისათვის?“
თარიღი:  668

გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს. რას ნიშნავს მოსკოვის განზრახვა სომხეთისათვის?“ (ავტორი - არშალუის მღდესიანი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პრობლემები.

„2025 წლის 16 ივნისიდან „როსსელხოზნადზორს“ განზრახული აქვს სომხეთიდან ყვავილების იმპორტი შეაჩეროს, რაც პროდუქციაში საკარანტინო მავნებლების აღმოჩენით არის განპირობებული. მხარეებს შორის აქტიური მიწერ-მოწერა მიმდინარეობს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობის საგრძნობი გაცივების ფონზე, სომხეთის დაახლოების გამო ევროკავშირთან და აშშ-სთან. არის თუ არა დაგეგმილი სანქცია ერევანზე მოსკოვის ზეწოლის გამოვლინება და როგორ გადაწყვეტენ მხარეები პრობლემას?’, - ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ ამონარიდებს:

რუსეთის აკრძალვა - შანსი თუ დარტყმა სომხეთისათვის?

სომხეთიდან რუსეთში ყვავილების ექსპორტი ყოველწლიურად მატულობს: როგორც „როსსელხოზნადზორი“ იტყობინება, 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთში შეტანილი იქნა 52 მილიონი ყვავილი, რაც 49%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (34,7 მილიონი). თუმცა მიმდინარე წელს ცამეტჯერ იქნა გამოვლენილი ყვავილების დაავადება.

სომხეთის ფიტოუსაფრთხოების საინსპექციო ორგანოსა და „როსსელხოზნადზორს“ შორის მიმდინარე დისკუსიის ფონზე გაისმის სხვადასვა საექსპერტო შეფასებებიც.

სომეხი აგრარიკოსის არუთინ მნაცაკანიანის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ყვავილებით ვაჭრობის სავარაუდო აკრძალვა-შეჩერებაზე მოულოდნელი არ ყოფილა. იყო იმის ნიშნები, რომ რუსეთი შეამცირებდა ისეთი პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოება მას საკუთარ ტერიტორიაზეც შეუძლია. „რა თქმა უნდა, სომხეთის მეყვავილეობის დარგისათვის „როსსელხოზნადზორის“ გეგმები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს - შემცირდება როგორც უშუალოდ სომეხი ბიზნესმენების მიერ სათბურებში გამოზრდილი ყვავილების ექსპორტი რუსეთში, ასევე იმპორტი მესამე ქვეყნებიდან, რაც ასევე წამგებიანი იქნება სომეხი მეწარმეებისათვის“, - ამბობს არუთინ მნაცაკანიანი, - ბოლო დროს ბევრი სომეხი ბიზნესმენი გადაერთო მებოსტნეობა-მეხილეობის დარგიდან მეყვავილეობაზე“.

ტექნიკური დავაა თუ საქმე პოლიტიკაშია?

ერთი შეხედვით, საკითხი ტექნიკური დავის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც პროდუქციის ხარისხს ეხება. მაგრამ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუარესების კონტექტსში ეს ეპიზოდი უფრო ფართო პოლიტიკურ აზრს იძენს. რუსეთთან დამოკიდებულებაში გაჩენილი პრობლემების ფონზე, სომხეთი თანმიმდევრულად განამტკიცებს ურთიერთობას აშშ-სთან და ევროკავშირთან, რაც მოსკოვში გეოპოლიტიკურ შეტრიალებას განიხილება.

ამ ფონზე სანიტარული პრეტენზიები სომხეთის მიერ ხშირად აღიქმება ზეწოლის ინსტრუმენტად - როგორც სომეხი კომენტატორები აღნიშნავენ, რუსეთის მოქმედების მსგავსი პრეცედენტები წინა წლებში შეიმჩნეოდა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებით.

რა შუაშია საქართველო?

სიტუაციას დამატებით სიმწვავეს აძლევს ის ფაქტი, რომ სომხური ექსპორტი უკვე მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. ბოლო კვირეებში გაურკვეველი რჩება სომხური ალკოჰოლური პროდუქციის ტრანზიტის საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე: კონიაკით და ღვინით დატვირთული ათობით ავტოფურა (ავტოტრაილერი) აღმოჩნდა დაბლოკილი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სომეხმა ბიზნესმენებმა კი საგრძნობი ზარალი განიცადეს. მართალია, ივნისის დასაწყისში საკითხის დარეგულირების რაღაც იმედი გაჩნდა - ქართულმა მხარემ სომხურ ავტოტრაილერებს რუსეთის მიმართულებით წასვლის ნება დართო.

სხვათა შორის, ინციდენტი მოხდა სომხეთ-საქართველოს საზღვარზეც, 6 ივნისს, როცა ქართულმა მხარემ 11 ათასი ყვავილის ტვირთი დააკავა, ფიტოუსაფრთხოების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ საქართველო სომხური ყვავილების გაყიდვის ერთ-ერთ უდიდეს ბაზრად ითვლება: 2024 წელს საქართველომ 19101 ტონა ყვავილების იმპორტი მოახდინა (11,4 მილიონი დოლრის ოდენობით), სადაც სომხეთის წილი 659 ტონა იყო (3,23 მილიონი დოლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი საქართველოსთვის ყვავილების პროდუქციის მოცულობით, მესამე ქვეყანას წარმოადგენს, თურქეთისა და ეკვადორის შემდეგ.

„საზღვარზე მომხდარი ინციდენტები მოწმობს, რომ სომხეთის საგარეო ვაჭრობა მოწყვლადია რეგიონული ფაქტორების გამო“, - აღნიშნავს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ეკონომისტი გრანტ მიქაელიანი. იგი თვლის, რომ სომეხი მეწარმეებისთვის რუსული ბაზარი მთლიანად არ დაიხურება, მაგრამ არ გამორიცხავს მიზანმიმართულ შეზღუდვებს ცალკეულ სექტორებში.

„არ ველოდები მასშტაბურ ემბარგოს ან ტოტალურ აკრძალვებს, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები ცალკეულ დარგებზე სრულიად შესაძლებელია. მათი მიზანია ზეწოლა მეწარმეებზე, რათა მათ, თავიანთი მხრივ, ერევანში მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების ლობირება მოახდინონ და არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება“, - აღნიშნა გრანტ მიქაელიანმა.

საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის