USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ეუთო-ს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში, 6 დეკემბერს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
თარიღი:  585

ეუთო-ს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში, 6 დეკემბერს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით), საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„განცხადების ფარგლებში მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქვეყნებმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის საქართველოში სამხედრო შეჭრიდან თექვსმეტი წლის შემდეგ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, რეგიონების განგრძობადი ოკუპაციის თაობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების, მათ შორის, გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემის საფუძველზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას.

მეგობართა ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა მკაცრად დაგმეს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესია. მათ შეშფოთებით აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო არის რუსეთის კონვენციური ომისა და ჰიბრიდული ტაქტიკის სამიზნე. მათ შორის, შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების უკანონო განლაგების გამო.

ქვეყნები მიესალმნენ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისადმი საქართველოს ერთგულებას და რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება - თავისი ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანის თაობაზე. მეგობართა ჯგუფმა ასევე მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში.

განცხადებაში ასევე დაგმობილია რუსეთის ძალისხმევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2024 წლის მარტში საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების არალეგიტიმურ გახსნასთან და 2024 წლის ივნისში საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მეგობართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები პირდაპირ არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეუთოს ვალდებულებებს, მათ მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს ზომები, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და აფერხებს ნდობის აღდგენის ძალისხმევას.

განცხადებაში მეგობართა ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის გამო. განცხადებაში აღინიშნა, რომ ეს დარღვევები ამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ზრდის ამ რეგიონების დეპოპულაციის რისკს.

მეგობართა ჯგუფმა მოუწოდა რუსეთს, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულმა პირებმა აგონ პასუხი და ასევე გაათავისუფლონ საოკუპაციო ძალების მიერ თვითნებურად დაკავებული პირები. მეგობართა ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა გააკეთეს მოწოდება უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების შესახებ.

მეგობართა ჯგუფმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2021 წლის გადაწყვეტილებას, რომლითაც დამტკიცდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის კონფლიქტის დროს და მის შემდგომ დარღვევებზე. ასევე გამოყო სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება, რომელშიც ECHR-მა დაადასტურა უკანონო „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევები რუსეთის ფედერაციის მიერ. ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის, უზრუნველყოს დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) მხარდაჭერა, დიალოგის შენარჩუნებისა და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის კუთხით. მეგობართა ჯგუფის მიერ ასევე აღინიშნა, რომ ეუთო-ს ჩართულობა, მათ შორის საქართველოში მისი მრავალგანზომილებიანი მისიის ხელახალი გახსნა, რჩება მნიშვნელოვნად კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევის კუთხით.

მეგობართა ჯგუფი ასევე მიესალმა საქართველოს ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და „მშვიდობის ფონდს უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და შერიგების ხელშეწყობას.

განცხადებაში აღინიშნა, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფი გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და ადგილზე სიტუაციის განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, გააგრძელებს რუსეთისთვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შეხსენებას და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ადვოკატირებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის