USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
"Reuters","BBC news","Deutsche Welle","Aftonbladet" (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი): 7 მარტის საპროტესტო აქცია თბილისში
თარიღი:  495

მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად აშუქებენ საქართველოში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის არასასურველი კანონპროექტის („უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ) მიღებას უკავშირდება.

„თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა“, - ნათქვამია ბრიტანული „როიტერის“ (Reuters) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა, შეიძლება ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს“, -აღნიშნავს გამოცემა. „ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განიცდის დამკვირვებლების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის. „ივნისში, ევროკავშირმა, პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების შეფერხების მოტივით, უარი თქვა, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა“, - ნათქვამია მასალაში

(წყარო: https://www.reuters.com/world/europe/georgian-police-use-tear-gas-halt-protest-against-foreign-agents-law-2023-03-07/).

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სიც“ (BBC news) ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საკამათო კანონპროექტს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას… „სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სითხე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემა წერს, რომ აქციის მონაწილეთა და ქვეყნის ოპოზიციის უმეტესობას შიშობს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს მრავალწლიან ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ბრიუსელი ამჟამად განიხილავს საქართველოს განაცხადს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა სა უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს“, - ნათქვამია მასალაში

(წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-64882475

თბილისის საპროტესტო აქციებს ბრიტანული გაზეთი „გარდიანიც” (The Guardian) ეხმაურება, რომელიც თავის ვებ-გვერდზე წერს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონის კრიტიკოსების განცხადებით, მან შეიძლება გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“. „პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეჭირათ და საკანონმდებლო ორგანში მყოფ პოლიტიკოსებს უყვიროდნენ: „არა რუსულ კანონს!“. ბევრი ქართველი რუსეთს მტრად განიხილავს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რის შედეგადაც ასიათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული რჩება“, - ნათქვამია მასალაში

(წყარო: https://www.theguardian.com/world/2023/mar/07/police-use-water-cannon-in-georgia-to-disperse-protests-at-authoritarian-law

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) წერს, რომ, ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს "უცხოელი აგენტის" კანონპროექტს. „კანონპროექტი ფართოდ განიხილება, როგორც რეპრესიული რუსული კანონის მიბაძვა, რომელიც კრემლს საშუალებას აძლევს გაანადგუროს თავისი კრიტიკოსები. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიდასავლური ნარატივები და უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შეერთებაზე უარის თქმა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო რუსეთის ორბიტისკენ იხრება“, - ნათქვამია მასალაში

(წყარო: https://www.dw.com/ru/oppozicia-v-gruzii-prizvala-k-novoj-akcii-protesta-pered-parlamentom/a-64915702).

შვედური გაზეთი „აფტონბლადეტი“ (Aftonbladet) აქვეყნებს სტატიას სატაურით „ხალხმრავალი პროტესტი საქართველოში: „არა“ რუსულ კანონმდებლობას“ (ავტორი - ემილ ფორსბერგი). „საქართველოს დედაქალაქ თბილისში მძაფრმა პროტესტებმა იფეთქა. აქციის მონაწილეები ცეცხლგამჩენ ბოთლებს ისვრიან, თუმცა პოლიცია მათ დაშლას წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი გაზით ცდილობს. „არა“ რუსულ კანონს“, - გაიძახიან პროტესტანტები. პარლამენტის წინ სრული ქაოსი სუფევს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი, სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, განიხილავს კანონპროექტს „უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქართულ სამართლებრივი დოკუმენტს რუსული ანალოგიური კანონის ასლად თვლის (მიღებულია 2012 წელს), რომელსაც კრემლი საზოგადოებაზე კონტროლისათვის იყენებს.

„ბევრი ქართველი რუსეთს მტრად თვლის მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონებს 1990-იანი წლებიდან დაწყებული. „მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ვიცი - ჩემი ქვეყანა ევროპას მიეკუთვნება, თუმცა ამას მტავრობა ვერ აცნობიერებს. აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყანა დავიცვათ, არ მსურს ისევ რუსეთის ნაწილი ვიყოთ“, - ციტირებს „აფტონბლადეტი“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დემეტრე შანშიაშვილის გამონათქვამს. (წყარო: https://www.aftonbladet.se/nyheter/a/APx3rx/stora-protester-i-georgien-nej-till-rysk-lag).

მოამზადა სიმონ კილაძემ

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.