USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, ამერიკა-ევროკავშირის ერთობისკენ მოუწოდებს“
თარიღი:  599

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა” (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, ამერიკა-ევროკავშირის ერთობისკენ მოუწოდებს“ (ავტორები - ლილი ბაიერი და ენდრიუ გრეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

იმის შიშით, რომ ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კიევს ამერიკულ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს, ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს დაჟინებით მოუწოდა ევროპასთან მოკავშირეობით რუსეთი შეაჩეროს და მისი ქვეყანა გადაარჩინოს.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთობა შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს შორის“, თქვა ზელენსკიმ მანამ, სანამ მიმართავდა ევროკავშირის ლიდერებს ევროკავშირის სამიტზე, სადაც დომინანტური საკითხია უკრაინაში ომი, რომლის დასრულების პირობაც ტრამპმა დადო.

„ჩვენ ეს ერთობა მშვიდობის მისაღწევად გვჭირდება. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს და ევროპას სინამდვილეში მხოლოდ ერთად შეუძლიათ პუტინის შეჩერება და უკრაინის გადარჩენა“, - დაამატა ზელენსკიმ.

ევროკავშირის დიპლომატებმა თქვეს, რომ მათი მიზანია ტრამპს ნათელი სიგნალი გაუგზავნონ უკრაინისადმი მათ უწყვეტ მხარდაჭერაზე და გააკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინა უნდა იყოს ჩართული და მის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ.

ანტონიო კოშტამ, რომელიც ევროკავშირის სამიტს, ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტის რანგში პირველად თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ ევროკავშირმა სამართლიანი და ხანგამძლე მშვიდობისთვის უნდა იმუშაოს.

„ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება, ეს საერთაშორისო სამართლის საკითხია. საერთაშორისო სამართალმა უნდა გაიმარჯვოს და აგრესია უნდა დამარცხდეს“, უთხრა კოსტამ ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპმა ომის სწრაფად დამთავრებისკენ არაერთხელ მოუწოდა. ორშაბათს მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად უნდა იყოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არ უთქვამს ეს თუ ნიშნავს იმას, რომ კიევმა შეთანხმების ფარგლებში მოსკოვს ტერიტორია დაუთმოს.

ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“ და იქვე ნათქვამია, რომ უკრაინის საკითხზე არანაირი ინიციატივა კიევის ჩართულობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/eu-leaders-send-clear-message-trump-ukraine-debate-us-ties-2024-12-19/

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის