ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინელ გენერალთან სათაურით „უკრაინის არმია, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის გამო, საომარ ოპერაციებს ზღუდავს“ (ავტორები - ელენე გარმაში და ტომ ბალმფორტი). მასალაშია გადმოცემულია უკრაინის არმიის ქვედანაყოფების მდგომარეობა საბრძოლო მასალების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:
„ფრონტის ხაზზე განლაგებული უკრაინის ჯარები, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიზღუდა ზოგიერთი სამხედრო ოპერაციის წარმოება“, - უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტებს უკრაინის არმიის მაღალჩინოსანმა.
ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი საინფორმაციო სააგენტოს მას შემდეგ ესაუბრა, რაც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა შეაჩერეს $60-მილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, კონგრესში თეთრმა სახლმა წარადგინა. ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს (54,5 მილიარდი დოლარი) ოდენობის დაფინანსება კიევისთვის, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია, რუსეთის თავდასხმას უმკლავდება.
„პრობლემაა საბრძოლო მასალის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა [ჭურვების], ესა 122, 152 მილიმეტრიანები. დღეს ეს პრობლემები ფრონტის მთელ ხაზზე აღინიშნება", - თქვა ინტერვიუში გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების დეფიციტი "ძალიან დიდი პრობლემაა" და უცხოური სამხედრო დახმარების შემცირება სათანადო გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე. "მოცულობა, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი საჭიროებების გათვალისწინებით, საკმარისი არ არის. გვიწევს თავიდან დაგეგმილი და დასახული ამოცანების შემცირება, რადგან მათი უზრუნველყოფა ვერ ხერხდება", - თქვა მან კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე.
ალექსანდრე ტარნავსკის თქმით, საბრძოლო მასალებით მომარაგების პრობლემას ასევე განიცდის რუსეთის ძალები, თუმცა არც ეს განცხადება დაუზუსტებია. გენერალი ამბობს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინის ჯარები ზოგ რაიონში თავდაცვაზე გადავიდა, ზოგიერთ რაიონში კი შეტევას ცდილობს.
გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის კომენტარები ხაზს უსვამს კიევის დამოკიდებულებას დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე, რათა უკრაინა სუვერენულ ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ჯარებს 1000 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ებრძოლოს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტის დაწყებიდან 22 თვე გადის. უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას კი, ომის ფონზე, უკვე მეორე მკაცრი ზამთრის პირობებში უწევს ცხოვრება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/