USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „შეწყდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის გამო?“
Date:  723

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეწყდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის გამო?“ (ავტორები - გაი ფოლკონგრიჯი და დევიდ ევანსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რუსეთი, უკრაინასთან ომის მიუხედავად, ბოლო დრომდე აგრძელებდა ციმბირული ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროპის რიგი სახელმწიფოებისათვის, მაგრამ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების კურსკის ოლქში შეჭრისა და მათ მიერ ქალაქ სუჯას დაკავებასთან დაკავშირებით, სადაც უკრაინაზე გამავალი გაზსადენის - „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ - ერთ-ერთი მთავარი საკომპრესორო სადგური მდებარეობს, გაჩნდა კითხვა: შეწყდება თუ გაგრძელდება გაზის მიწოდება?

„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - წლების განმავლობაში ასე მოიხსენიებდნენ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, რომელიც გაზის გლობალური მარაგების 16% ფლობს და ნახევარი მილიონი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა, კომპანია მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს განიცდის. მხოლოდ 2023 წელს რუსულმა „გაზპრომმა“ 629 მილიარდი რუბლით იზარალა.

უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე

ერთ კვირაზე მეტია, უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში, რუსეთში შეიჭრნენ და ამ დროისთვის რეგიონის ათობით სოფელს აკონტროლებენ. რუსული ძალების აქტიური მობილიზების, მათი საჰაერო, ისევე როგორც სახმელეთო იერიშებისა, უკრაინული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელებმა კონტროლი მოიპოვეს ქალაქ სუჯაზე, სადაც რუსული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია განთავსებული. აკონტროლებს თუ არა რუსული გაზის მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს უკრაინა სრულად, ამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება.

რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამბობს, რომ სატრანზიტო კვანძის გარკვეულ შენობებს უკრაინული ძალები აკონტროლებენ. ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ვერ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ აკონტროლებს ქალა სუჯას და რუსული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძს.

სუჯას ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძი

სუჯაში არსებული სატრანზიტო კვანძი დღეში საშუალოდ 43 მილიონ კუბური მეტრის რუსულ გაზს, უკრაინის გავლით ევროპაში ატარებს.

უფრო ზუსტად, გაზი რუსეთიდან, უკრაინის გავლით ჯერ სლოვაკეთში ჩადის, შემდეგ კი ის ავსტრიასა და უნგრეთში ნაწილდება. 2023 წელს სუჯის გავლით დაახლოებით 14,65 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩავიდა ევროპაში, რაც კონტინენტზე რუსული გაზის ექსპორტის თითქმის ნახევარია.

რუსულ „გაზპრომში“ თქვეს, რომ ამ დროისთვის სუჯის სადგური მუშაობას აგრძელებს და ორშაბათს უკრაინის გავლით ევროპაში 39.6 მილიონი კუბური მეტრი გაზი გაიგზავნა, კვირას კი ეს მაჩვენებელი 39.3 მილიონი კუბური მეტრი იყო.

გაგრძელდება თუ არა გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით ევროპაში?

პასუხია, არა - უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ „გაზპრომთან“ 2019 წლის დეკემბერში დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება ხდება, აღარ გააგრძელებს.

კიევისა და მოსკოვის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლიდან უკრაინის გავლით ევროპა რუსულ გაზს ვეღარ მიიღებს.

ეს მაშინ, როცა მოსკოვი მზად არის შეთანხმების გასაგრძელებლად. შესაძლოა რუსული ბუნებრივი გაზის ევროპისთვის მიწოდება უფრო ადრე შეწყდეს? ეს არის კითხვა, რომელსაც ამ ეტაპზე ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები პასუხს ვერ სცემენ. ზოგის აზრით, არ არის გამორიცხული მიმდინარე ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ამის წინაპირობაც იყოს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი კურსკში არსებული ვითარების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეიძლება შეეცადოს და გაზის მიწოდებაც შეაჩეროს.

არის თუ არა ევროპა მზად რუსული გაზი ჩაანაცვლოს?

მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული ბუნებრივი გაზის ჩანაცვლება დაიწყეს. დასავლეთის ქვეყნებში ამბობენ, რომ წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთი ბუნებრივ რესურსებს შანტაჟისთვის და პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის იყენებს.

უკრაინის გავლით რუსული გაზის ძირითადი მიმღებები ამ დროისთვის არიან: ავსტრია, სლოვაკეთი, იტალია, უნგრეთი, ხორვატეთი, სლოვენია და მოლდოვა. ავსტრია გაზის უმეტეს ნაწილს კვლავ რუსეთიდან იღებს, სხვებმა კი თავიანთი წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინეს და ასევე გადადგეს ნაბიჯები ენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლადაც.

მოლდოვა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაც კი ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. გასულ 2023 წელს, კიშინიოვმა საჭირო გაზის მარაგები ევროპული ბაზრებიდან შეიძინა.

უნგრეთი ძირითადად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, თუმცა თუ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტს შეწყვეტს, ორბანის ხელისუფლებას შეუძლია გაზი ალტერნატიული მარშრუტიდან, თურქეთიდანაც მიიღოს. რაც შეეხება სლოვენიას, ქვეყანას შეუძლია გაზი ალჟირიდან მიიღოს.

იტალია ამ ეტაპზე გაზის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანიდან, ალჟირის გავლით იღებს. რუსულ გაზზე მინიმალურად არის დამოკიდებული ხორვატიაც.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ კი გათხევადებული გაზის (LNG) ყიდვა დაიწყო. მათ შორის არის გერმანია, რომელმაც LNG-ის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა დააჩქარა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის LNG-ის მიწოდება მნიშვნელოვნად 56.2 მმ3-მდე გაზარდა.

ევროპას გათხევადებულ გაზს აწვდის ნორვეგიაც, 2023 წლის მონაცემებით ნორვეგიული LNG ევროპულ ბაზარზე 87.7 მმ3 იყო. ევროპის ქვეყნები გაზს სხვა მარშრუტებიდანაც იღებენ, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან და კატარიდან.

რა ბედი ელოდება წინ რუსულ „გაზპრომს“ ?

თუ უკრაინა რუსეთთან შეთანხმებას არ გააგრძელებს, რუსული გაზპრომი სააგენტო „როიტერის“ გათვლებით წლიურად 4.5 მილიარდს დაკარგავს.

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ ზარალი 2025 წელს ევროპაში რუსული გაზის მოსალოდნელი საშუალო ფასით განსაზღვრა. 1000 კუბურ მეტრზე 320 ამერიკული დოლარი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყოველ დღე ევროპა უკრაინის გავლით რუსეთიდან 40 მილიონ კუბურ მეტრზე მეტს იღებს.

გარდა ამისა, გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობა, რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად ერთს“ რომლითაც რუსეთიდან გერმანიაში გაზი მიედინებოდა, ის აღარ ფუნქციონირებს. გაზსადენის 4 მილიდან,რომელიც ბალტიის ზღვაში გაედინებოდა, 3 გაურკვეველ ვითარებაში მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა. რუსეთი ამბობს, რომ აფეთქების უკან დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან, თუმცა ლონდონმაც და ვაშინგტონმაც ბრალდება არაერთხელ უარყვეს.

ამასთან, ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და პროცესი კვლავ გრძელდება. თუ 2022 წელს ევროპული ქვეყნები სხვადასხვა მარშრუტით რუსეთიდან 63.8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებდნენ, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 55.6 პროცენტით შემცირდა და ჯამში 28.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

წყარო: https://www.reuters.com/business/energy/is-it-end-russian-gas-supplies-europe-via-ukraine-2024-08-12/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way