USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „რა დევს სასწორზე მოლდოვის 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის დროს“
თარიღი:  782

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „რა დევს სასწორზე მოლდოვის 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის დროს“ (ავტორი - ალექსანდრე თანასი), რომელშიც განხილულია მოლდოვაში შექმნილი წინასაარჩევნო სიტუაცია: როგორია პროგნოზები, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და არის თუ არა რუსეთის გავლენის პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც კენჭს კვლავ იყრის პროდასავლელი მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ. ამასთან, ამავე დღეს, ჩატარდება რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

მოლდოვის მოსახლეობა დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანია. ქვეყანაში დიდი რუსულად მოსაუბრე უმცირესობაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრორუს და პროდასავლელ ძალებს შორის განხეთქილება დროდადრო მწვავდებოდა.

2020 წლიდან დღემდე ხელისუფლებაში დასავლეთთან ინტეგრაციის მხარდამჭერი გუნდია, პრეზიდენტ სანდუს ლიდერობით. მისმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა 2021 წლის არჩევნებში მოიპოვა. მთავრობა მხარს უჭერს დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას და ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლამდე. მაია სანდუ მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას და რუსეთს მისი ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამან ინფლაცია გაზარდა და ხელისუფლებას ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძებნა აიძულა.

რუსეთს მოლდოვის ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთის რეგიონში, რომელსაც 1990-იანი წლებიდან მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ, 1 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.

რას უყრიან კენჭს მოლდოვაში?

მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. თუკი 11-იდან ვერცერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს ხმათა 50%-ზე მეტის მიღებას, 3 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ამას გარდა, 20 ოქტომბერსვე მოლდოველები შეძლებენ რეფერენდუმში მონაწილეობასაც. მათ უნდა გამოხატონ, ეთანხმებიან თუ არა იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი კონსტიტუციაში ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად ჩაიწეროს.

როგორია გამოკითხვების შედეგები?

CBS-AXA-ს გამოკითხვის თანახმად, მაია სანდუ თავის 10 სხვა მეტოქეს დამაჯერებლად უსწრებს და 36.1% -იანი მხარდაჭერა აქვს. ამ გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზეა ალექსანდრ სტოიანოგლო, ყოფილი პროკურორი, რომელსაც ტრადიციულად პრორუსული "სოციალისტების პარტია" უჭერს მხარს და მოსახლეობის დაახლოებით 10%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამე ადგილზე კი გამოკითხვებში რენატო უსატიია, ქალაქ ბალტის ყოფილი მერი - 7.5%-იანი მხარდაჭერით.

CBS-AXA-ს გამოკითხვის მიხედვით, მოლდოველთა 63% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რა დევს სასწორზე?

მართალია, არჩევნებში შესაძლოა მეორე რაუნდი გახდეს საჭირო, მაგრამ გამოკითხვების მიხედვით, დიდი ალბათობით, სანდუ პოსტს შეინარჩუნებს და პროდასავლურ კურსს გააგრძელებს. თუმცა, მოსალოდნელზე ნაკლები შედეგის ჩვენებამ მისი მემარჯვენე-ცენტრისტული "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" შესაძლოა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო სუსტ პოზიციაში ჩააყენოს და მისი უმრავლესობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ქვეყანაში ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარების იდეას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ სანდუს წინასაარჩევნო კამპანიის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯია. ზოგიერთი ის კანდიდატიც, ვინც ამბობს, რომ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, მოსახლეობას მოუწოდებს, ან ბოიკოტი გამოუცხადოს რეფერენდუმს, ან ბიულეტენზე უარი დააფიქსიროს. თუკი ამომრჩეველი მართლაც ასე მოიქცევა, ეს ცხადია სანდუს კამპანიისა და პოლიტიკისთვის დარტყმა იქნება. მაგრამ, რეფერენდუმს სავალდებულო ძალა არ აქვს.

რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები

ხელისუფლება ბოლო წლებში ხშირად საუბრობს რუსეთის მიერ მოლდოვის შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის მცდელობებზე და გმობს ამ ძალისხმევას. მოსკოვი კი სანდუს "რუსოფობიაში" სდებს ბრალს.

4 ოქტომბერს მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერით გარკვეული კრიმინალური ჯგუფები კენჭისყრისთვის ხელის შეშლას აპირებდნენ. და ეს უფრო ფართო, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონტროლის მოპოვების ძალისხმევის ნაწილი იყო.

ამავე თვეში, ეროვნულმა პოლიციამ მოსკოვი დაადანაშაულა, რომ მან სექტემბერში ქვეყანაში $15 მილიონი პრორუსი ბიზნესმენის ილან შორის მეშვეობით გადმორიცხა და ის 130 000 მოლდოველის მოსასყიდად იყო განკუთვნილი. ამ განცხადების თანახმად, მოსყიდულ ამომრჩეველს რეფერენდუმზე დასმული კითხვის წინააღმდეგ და პრორუსი კანდიდატების მხარდასაჭერად უნდა მიეცა ხმა. შორი, რომელმაც თქვა, რომ ფულს გადაუხდის ყველას, ვინც ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მისცემს ხმას, განაცხადა, რომ რეალური თანხები 15 მილიონ დოლარს აჭარბებს და ეს მისი ბიზნესიდან მიღებული შემოსავალია და არა - რუსეთისგან. მისი თქმით, ეს არ არის მოქრთამვის თუ მოსყიდვის მცდელობა.

8 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ის აფრთხილებს რუსეთს, შეწყვიტოს მოლდოვაში „პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები“, გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინ. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიაწოდონ კიშინიოვს „ყველა ის საჭირო დახმარება“, რომელიც მოლდოვას მოსკოვის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოადგება.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს დამატებითი სანქციები ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ ერთეულებზე, რომლებიც მოლდოვის არჩევნებში ჩარევაზე არიან პასუხისმგებელნი, ან მხარს უჭერენ ისეთ ქმედებებს, რაც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი „მტკიცედ გმობს რუსეთის ფედერაციის, პრორუსი ოლიგარქების და რუსეთის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი აქტორების მზარდ მავნე ქმედებებს, ჩარევას და ჰიბრიდულ ოპერაციებს, რომლებიც არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად".

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/whats-stake-moldovas-election-referendum-oct-20-2024-10-08/

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის