USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპის - ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემლის - თქმით, „ვაგნერის“ წარუმატებელმა ამბოხებამ რუსეთის პრეზიდენტი „გარკვეულწილად დაასუსტა“
Date:  307

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) ტელეფონით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომლის შინაარსი გაავრცელა სათაურით „დონალდ ტრამპის - ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემლის - თქმით, „ვაგნერის“ წარუმატებელმა ამბოხებამ რუსეთის პრეზიდენტი „გარკვეულწილად დაასუსტა“ (ავტორები - სტივ ჰოლანდი და ნათან ლეინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც დიდი ხანია ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემლად ითვლება, ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხების შედეგად გარკვეულწილად დასუსტდა და რომ ახლა შეერთებული შტატები დროა შეეცადოს და, უკრაინის ომის მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოგვარების მიზნით, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლად გამოვიდეს. „მე მინდა, რომ ამ უაზრო ომის შედეგად ადამიანების სიკვდილი შეწყდეს“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა „როიტერის“ სააგენტოსადმი ტელეფონით მიცემულ ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა, რომელიც გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელთა მთავარი ლიდერია საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, 2024 წლის არჩევნებში, ვრცლად ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ ჩინეთს 48 საათიანი ულტიმატუმი უნდა მიეცეს იმ ბაზის გასაუქმებლად, რომელიც მას კუნძულ კუბაზე აქვს, აშშ-საგან 145 კმ-ის მოშორებით.

რაც შეეხება უკრაინას, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კიევის მთავრობას, შეიძლება რუსეთისადმი თავისი ტერიტორიის ნაწილი დათმობა მოუწიოს - იმ ომის შესაჩერებლად, რომელიც რუსეთის ჯარების შეჭრით 16 თვის წინათ, გასული წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო. მისი თქმით, დღეს რომ თვითონ იყოს პრეზიდენტი, ყველა სადაო საკითხს მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანდა. იმავდროულად, ყოფილმა პრეზიდენტმა შეაქო უკრაინელები, რომლებიც თავიანთი მიწის დასაცავად ენერგიულად იბრძვიან

„რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება შეინარჩუნონ თავიანთი მიწა-წყლის დიდი ნაწილი და ვფიქრობ, ამაზე რუსეთიც დათანხმდება. უკრაინელებს ჭირდებათ სწორი და ობიექტური შუამავალი, მომრიგებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ადამიანი, ჯერ-ჯერობით არ ჩანს“.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ის ნატოელ მოკავშირეებს სურთ, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და ის ტერიტორიები უკრაინას დაუბრუნოს, რომელიც კრემლმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაიპყრო. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ მცირე წარმატება მოიპოვა რუსული ჯარის უკან დახევის საკითხში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ წელს 10-პუნქტიანი გეგმა წამოაყენა, რომელიც რუსეთის არმიის უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაკეთებაც ახლა შეერთებულ შტატებს შეუძლია, არის ის, რომ მშვიდობა დაამყაროს - ორივე მხარე, მოსკოვი და კიევი ზავის დადებაში დაარწმუნოს და შეარიგოს. ჩვენ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. ახლა ზუსტად ის დროა, რომ ამ მიზნის მისაღწევად [ამერიკამ] ორივე მხარე გააერთიანოს“, - ამბობს ექს-პრეზიდენტი ინტერვიუში.

როცა დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი იყო, მან კარგი მეგობრული ურთიერთობა გააბა ვლადიმერ პუტინთან, რომელიც, უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოში გარკვეულწილად „გარიყული ადამიანის“ რეპუტაცია მოიპოვა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ავტორიტეტეი მნიშვნელოვნად შებღალა „ვაგნერის“ ამბოხების გამო. „შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ვლადიმერ პუტინი ისევ ძლიერია, მაგრამ ჩემი აზრით, ის საკმაოდ დასუსტებულია და ბევრი ადამიანის თვალში მის სახელს ჩრდილი მიადგა“, - ამბობს ექს-პრეზიდენტი. მისივე თქმით, „ვლადიმერ პუტინი რომ ხელისუფლებაში არ იყოს, განა ვინმემ იცის, თუ როგორია და ვინ იქნება მისი ალტერნატივა? შეიძლება კარგი ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება მასზე ცუდიც“.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისათვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წაყენებულ ბრალდებებს სამხედრო დანაშაულებების ჩადენის საკითხში, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბრალდებებისა და პუტინის ბედის საკითხი ომის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს. „ახლა თუ მას ყველაფერს დავაბრალებთ, მაშინ იგი მშვიდობის დამყარებაზე არასოდეს არ დათანხმდება და კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდება“.

დონალდ ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი კატეგორიულად წინააღმდეგია კუნძულ კუბაზე ჩინეთის სადაზვერვო ცენტრის საქმიანობის მიმართ: „მე რომ ახლა პრეზიდენტი ვიყო, ჩინეთს 48-საათიან ულტიმატუმს წავუყენებდი ბაზის დახურვისა და კუნძულიდან წასვლის თაობაზე. თუ პეკინი უარს იტყვის, მაშინ ჩინურ პროდუქციაზე დაუყონებლივ ტარიფებს გავადიდებდი“.

დონალდ ტრამპი როცა აშშ-ის პრეზიდენტად იქნა არჩეული, 2017 წლიდან, ჩინეთის მიმართ ხისტი პოზიცია დაიკავა, თუმცა აცხადებდა, რომ კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა თავმჯდომარე სი ძინპინთან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად გაფუჭდა.

„მე პეკინს 48 საათს მივცემდი კუბიდან წასასვლელად. თუ არ წავლენ, მაშინ რასაც კი ჩვენთან ჰყიდიან, ყველაფერს ბაჟის 100%-იან ტარიფს დავადებდი. ისინი აქედან ორ დღეში გაიქცევიან. უფრო ზუსტად, ერთ საათში“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

ექს-პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, მხარს დაუჭერს თუ არა აშშ ტაივანს იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის არმია თვითმმართველ კუნძულს შეუტევს, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად თვლის. „მე ამაზე ჯერ-ჯერობით არაფერს ვიტყვი. ამის მიზეზი ისაა, რომ არ მსურს წინასწარ ჩემი პოზიციების გამხელა სავარაუდო მოლაპარაკებაზე... ერთადერთი, რაც შემიძლია ტაივანის შესახებ გითხრათ, ისაა, რომ ჩემი პრეზიდენტობის 4-წლიან პერიოდში მსგავსი საფრთხე არ შექმნილა. და არც შეიქმნება, თუ მე პრეზიდენტად ვიქნები არჩეული“.

წყარო: https://www.reuters.com/world/china/trump-longtime-admirer-putin-says-aborted-mutiny-somewhat-weakened-russian-2023-06-29/

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way