ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს მასალას სათაურით „ბაქოს სადავო ტერიტორიებს თუ არ დავუბრუნებთ, ომი გველოდება“ (ავტორი - ფელიქს ლაითი), რომელშიც გადმოცემულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით სომხეთის მიმართ.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
სომხეთს შესაძლოა აზერბაიჯანთან ომი მოუწიოს, თუ ერევანი ბაქოსთან კომპრომისზე არ წავა და მას ოთხ აზერბაიჯანულ სოფელს არ დაუბრუნებს, რომელსაც სომხეთი 1990-იანი წლებიდან აკონტროლებდა. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა.
ვიდეოში სომხეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ კომპრომისი და სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან "კვირის ბოლომდე" უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქოსთან ომის დიდი შანსია და მისი თქმით, „ისიც კარგად ვიცი, ეს ომი რით დასრულდება".
ერთი დღით ადრე, ნიკოლ ფაშინიანი ჩრდილოეთ სომხეთის თავუშის პროვინციაში სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შეხვდა. იქ მდებარე ერთ-ერთი სომხური სოფელი, სახელად „თავუში“, მიტოვებული აზერბაიჯანული სოფლების მახლობლად მდებარეობს, რომლებსაც ერევანი 1990-იანი წლების დასაწყისიდან აკონტროლებდა.
ოთხი სოფელი, რომლებიც 30 წელზე მეტია დაუსახლებელია, ერევნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობასს ატარებს. ისინი სომხეთს და საქართველოს საზღვრებს შორის გამავალ მთავარ გზაზე მდებარეობს.
აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მისი მიწების დაბრუნება აუცილებელი წინაპირობაა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რათა დასრულდეს მთიან ყარაბაღში სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. ეს მოიცავს რამდენიმე პატარა ანკლავსაც, რომლებიც მთლიანად გარშემორტყმულია სომხეთის ტერიტორიით.
ბაქომ მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორია გასულ სექტემბერში სამხედრო მოქმედებებში მიღწეული წარმატების შედეგად დაიბრუნა.
წყარო: https://www.reuters.com/world/asia-pacific/armenias-pm-says-he-must-return-disputed-areas-azerbaijan-or-face-war-tass-2024-03-19/
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/