USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ე.წ. აფხაზეთის უზენაესი სასამართლო საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანაძეს ჯაშუშობაში დებს ბრალს
Date:  734

აფხაზეთის უზენაესი სასამართლო საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეს ჯაშუშობის მუხლით განიხილავს. მას ბრალად ედება საქართველოს სპეცსამსახურებისთვის დაცული საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მისი ადვოკატი ავთანდილ ჭკადუა თვლის, რომ თაკალანძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ აღიძრა, ვინაიდან საქმის მასალებში მის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.

 

გასული წლის ივლისში აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე დააკავა. ქრისტინე თაკალანძე დაიბადა საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში, 24 წლის, ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა.

 აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრისტინე თაკალანძემ, შეაგროვა და საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს გადასცა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის კანონმდებლობით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლოებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მისმა საქმიანობამ შეუქმნა შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოიყენოს გადაცემული ინფორმაცია კონსტიტუციური წესრიგისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დასაზიანებლად.

2022 წლის 25 ივლისს აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სოხუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება დასრულებულია, 8 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმის მასალები აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეცა. პროკურატურამ ქრისტინა თაკალანძეს ბრალი წაუყენა აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით - „ჯაშუშობა“, პასუხისმგებლობის ზომა ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

 პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ქრისტინე თაკალანძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ავთანდილ ჭკადუა იცავს. „ეხო კავკასუსთან“ ინტერვიუში მან თავისი მოსაზრება გამოთქვა ქრისტინა თაკალანძისთვის წარდგენილ ბრალდებებზე, ისაუბრა პატიმრობის პირობებზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

- ავთანდილ, გთხოვთ, კომენტარი გააკეთოთ ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე? შეიძლება თუ არა იმის თქმა, თუ რა სახის ზიანს მიყენებას ედავება მას გამოძიება აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის?

- ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა შემდეგი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებში არ არის ჯაშუშობის შემადგენელი დანაშაული. ვინაიდან მას არ ჩაუდენია უკანონო ქმედებები, არ შუგროვებია ინფორმაცია, არ გადასულა სხვა უცხო სახელმწიფოში, მას უკანონოდ წაუყენეს ბრალი ჯაშუშობაში და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მან ჩაიდინა ისეთი სახელმწიფო დანაშაული, როგორიცაა ჯაშუშობა. ჩვენ დავიწყეთ სასამართლო გამოძიება, მოვიწვიეთ თარჯიმანი და ველოდებით. ხვალ სხვა პროცესი იქნება. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესის დროს დადგინდება სიმართლე და დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ვერავინ დაადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული „ჯაშუშობის“ მუხლით.

 როგორ გრძნობს თავს თქვენი კლიენტი? და სად იმყოფება ის?

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ იყო ჩადენილი უკანონო ქმედებები, თავს კარგად გრძნობს, ჩვენებას აძლევს, ყველა კითხვას პასუხობს. ამასთან დაკავშირებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ არსებობს.

 - თქვენი წვდომა არანაირად არ არის შეზღუდული? შეგიძლიათ ყოველთვის დაუკავშირდეთ მას საჭიროების შემთხვევაში?

- აბსოლუტურად. ყოველთვის მქონდა ასეთი შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში შემეძლო შევხვედროდი ჩემს კლიენტს და შემეძლო შეუზღუდავი საუბარი. ამაში პრობლემები არ არის.

 - სწორად გავიგე, რომ მისი უფლებების დარღვევას ადგილი არ ქონია?

- მისი უფლებები პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით დაცულია. მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ მისი დაკავება უკანონოა, რადგან არ არის საკმარისი მტკიცებულება მის ქმედებებში ისეთი დანაშაულის ჩამოყალიბებისთვის, როგორიცაა ჯაშუშობა. შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ არის აღძრული.

- ავთანდილ, რა პერსპექტივა აქვს თქვენს კლიენტს?

 - ჩვენ ვეყრდნობით სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ ფაქტებს, რომლებიც არ წარმოადგენს ჯაშუშობას. ბუნებრივია, ჩვენ ველით და ვიმედოვნებთ, რომ   სასამართლო გამოძიება სამართლიანი იქნება, ასე რომ, ჩვენ გვაქვს პერსპექტივები.

- მის მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს თუ აქვთ მასთან წვდომა? მას შეუძლია მიიღოს საჭირო ნივთები, საკვები, რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- როგორც ვიცი, ამაში მას არავინ ზღუდავდა.

- სასამართლო მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა, ჟურნალისტებს არ აქვთ უფლება გამოთქვან აზრი, გამოაქვეყნონ მასალები და ა.შ. სასამართლო გამოძიების დასრულებამდე. პროცესს ესწრებოდა ადამიანის უფლებათა კომისარი ქალბატონი ასიდა შაკრილი, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მას უფლება აქვს დაესწროს სასამართლო სხდომებს.

დღეს აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ მორიგი სასამართლო სხდომა გამართა, რომელმაც ჯაშუშობის საქმე საქართველოს სასარგებლოდ განიხილა. მაგრამ დახურული პროცესის პირობებში სასამართლო არ იძლევა ამის გაშუქებას და მასალების გამოქვეყნებას.

წყარო: https://www.ekhokavkaza.com

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way