USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ეთნიკური ვითარება ისტორიულ და თანამედროვე კავკასიაში
Date:  

 

კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი პოლიეთნიკური რეგიონია. აქ ტერიტორიის მცირე ერთეულებზე ერთმანეთს სხვადასხვა ეთნოსები ემეზობლებოდნენ და ემეზობლებიან. ეს ეთნოსები სხვადასხვა წარმოშობისანი არიან _ უმეტესობა კავკასიის უძველესი მკვიდრია, ზოგიერთნი კი აქ ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთშია მოსული. კავკასიის მრავალეთნიკურობას მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები და იმპერიების მიერ მისი ხელში ჩაგდების სურვილი განსაზღვრავდა და განსაზღვრავს. კავკასიის თანამედროვე ეთნიკურ რუკას თუ თვალს გადავავლებთ, კარგად დავინახავთ, რომ მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე ერთმანეთის გვერდით მკვიდრობენ კავკასიური წარმომავლობის, თურქული, ირანული, სლავური მოდგმის ეთნოსები. საბჭოთა იმპერიის დანგრევამ და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებმა კავკასიაში კვლავ გამოიწვია სხადასხვა ეთნოსების ამოძრავება.

 

სხვათა შორის, კავკასიის ეთნიკური ისტორიის შესახებ ბოლო დროს ბევრი მითოლოგემა შეიქმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ იმ ეთნოსთა წარმომადგენლები, რომლებიც კავკასიელებად შედარებით გვიან იქცნენ. ხდება კავკასიაში მცხოვრები გამქრალი ეთნოსების კულტურული მემკვიდრეობის, სხვათა ისტორიისა და მიღწევების მითვისება.

კავკასიაში დღეისათვის ორმოცდაათამდე ხალხი მკვიდრობს, რომელთაგანაც ყველამ ორიგინალური კულტურა შექმნა და აქვს მისთვის დამახასიაებელი ენა. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონი ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ბევრი სხვადასხვა ხალხით იყო დასახლებული. მარტო ბერძენი გეოგრაფის სტრაბინის (ძვ. წ.-ის 64/63-ახ. წ.-ის 23/24) სიტყვები რად ღირს, რომ შავიზღვისპირეთში _ დიოსკურიაში (თანამედროვე სოხუმში) სავაჭროდ თავს იყრიდა კავკასიის მთებიდან ჩამოსული სამოცდაათამდე ხალხის წარმომადგენელი.

 სტრაბონი იმასაც აღნიშნავდა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ჯიქები აქ მოსვლამდე სარმატიის ველებზე იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, სტრაბონის ამ ცნობასთან სრულიად თანხვედრაშია ქართველი მემატიანის _ ჯუანშერის ცნობა, რომ `... მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით-კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრეს ბოლოსა აფხაზეთისასა~. ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ  არაბი გეოგრაფის იბნ ალ-ფაკიჰ ალ-ჰამადანის სიტყვები, რომელიც IX საუკუნის შუა ხანებში წერდა, რომ კავკასიის მთებში 72 ხალხი ცხოვრობს და ყოველმათგანს ერთმანეთის ლაპარაკი არ ესმის. არაბი ავტორები კავკასიას `ენათა მთასაც~ უწოდებდნენ. ეს ეთნიკური სიჭრელე კავკასიას დღესაც ახასიათებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს არ განიცდიდა. მსოფლიოში და განსაკუთრებით ევრაზიის სივრცესა და მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, კატაკლიზმები, მიგრაციული პროცესები კავკასიაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. ხალხთა შერევები ახალ ეთნოსებს წარმოშობდა, ბევრი ძველი ეთნოსი კი მხოლოდ ისტორიის კუთვნილება ხდებოდა.

მანამ, სანამ ზოგადად შევეხებით ისტორიულად მიმდინარე ეთნიკურ ცვლილებებს, უპრიანია თანამედროვე სამხრეთი და ჩრდილოეთი კავკასიის ეთნიკური სიტუაცია მიმოვიხილოთ. კავკასიურ ენათა ოჯახს, რომელსაც ადრე იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებდნენ, მიეკუთვნებიან: ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, აბაზები და აფხაზები; ჩაჩნები და ინგუშები,

დაღესტნური ეთნოსები: ხუნძები, ანდიელები, ახვახები, ბაგულალები, ბოთლიხელები, ღოდობერიელები, კარატაელები, ტინდიელები, ჭამალალები, დიდოელები, კაპუჭელები, ხვარშიელები, ჰინუხელები, ჰუნზიბელები, არჩიბელები, დარგუელები, ხაიდაყელები, ყუბაჩელები, ლაკები, ლეზგები, აღულები, რუთულები, თაბასარანელები, წახურები, აზერბაიჯანის შაჰდაღის მთებში მცხოვრები ჰინალუღები, კრიწები, ბჟედუხები, აზერბაიჯანშივე და საქართველოში მცხოვრები უდიები და, რაც მთავარია, კავკასიური მოდგმის ერთადერთი ხალხი _ ქართველები, რომლებსაც ორიგინალური დამწერლობა აქვთ შექმნილი. კავკასიის ირანულენოვანი ხალხებიდან კი უნდა დავასახელოთ ოსები, რომელთა წინაპარი ალანები ისტორიის ხელშესახებ პერიოდში არიან კავკასიაში დასახლებული; რაც შეეხება ირანულენოვან თათებსა და თალიშებს, ისინი სამხრეთ კავკასიის ერთერთი ძველი მკვიდრნი არიან. კავკასიის ჩრდილოეთსა და სამხრეთში თურქულენოვანი ხალხები დროის სხვადასხვა მონაკვეთში არან დამკვიდრებულნი.

 აზერბაიჯანელები თუ სამხრეთ კავკასიის მკვიდრნი არიან, ყუმუხები, ნოღაელები, ბალყარელები და ყარაჩაელები ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ. თავიანთი წარმომავლობით ინდოევროპელები არიან სომხები. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეთნოსის სამშობლო კავკასიაა. კავკასიაში სხვადასხვა ხალხებიც ცხოვრობენ, რომლებსაც სამშობლო სხვაგანა აქვთ. ესენი არიან: რუსები, უკრაინელები, ქურთები, ასირიელები, ბერძნები, თათრები, ებრაელები და სხვები. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, თანამედროვე კავკასიის ყველაზე დიდ ეთნოსს რუსები წარმოადგენენ, რომელთა რაოდენობა 12 მილიონზე მეტია. ისინი აქ ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში მკვიდრობენ, სადაც 1989 წლისათვის მათი რაოდენობა 11 მილიონ 233 ათასს 700 კაცს შეადგენდა. ეს იყო ჩრდილოეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის 2/3-ზე მეტი. აღნიშნული ეთნოდემოგრაფიული სურათი კავკასიაში კი უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაშია შექმნილი.

დავიწყოთ თავიდან. ზემოთ ახალი და ძველი წელთაღრიცხვების მიჯნაზე კავკასიაში, უფრო სწორედ მის შავი ზღვის მონაკვეთში ადიღეური ეთნოსის _ ჯიქების დასახლკარების შესახებ აღვნიშნეთ, რომლებიც აქ `სარმატიის ველებიდან~ მოსულან.

ამ პერიოდში, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიაში სხვა ენოსებიც ამოძრავებულან. მათი მოძრაობა კი მაშინაც და შემდეგაც ძირითადად ევრაზიის სივრცეში მომთაბარე ირანულენოვანი ტომების _ სკვითების, სარმატების და ალანების სამომთაბარეო არეების შეცვლითა და თარეშებით იყო  განპირობებული.

კავკასიის ეთნოდემოგრაფიულ სიტუაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია IV საუკუნის 70-იან წლებში თურქულენოვანი ჰუნების შემოსევებმა. თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიიდან წამოსული ეს თურქულენოვანი და სხვა ეთნოსებან შეუღლებული კონგლომერატი ევრაზიის სივრცეში გადაადგილდებოდა და დასავლეთისაკენ მიისწრაფოდა.

  ვოლგასა და აზოვის ზღვის მონაკვათში ისინიირანულენოვანი ალანების დიდ წინააღმდეგობას  წააწყდნენ. მიუხედავად ამისა,  ალანებს მათ ევრაზიის სივრცეში სამომთაბარეო არეალი მოუსპეს. ალანთა  გადარჩენილმა ჯგუფებმა კავკასიის ბარში ჩამოიწია და ბინადარ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ასე იქცნენ ოსთა წინაპარი ალანები პირველად კავკასიელებად. თავის მხრივ, ალანებმა კავკასიის ბარში მოსახლე ეთნოსები შეავიწროვეს: ნახურდაღესტნური ეთნიკური ჯგუფები მხოლოდ კავკასიის მთების მკვიდრებად იქცნენ.

კავკასიელთა გარკვეული ნაწილი ამ დროს ალანური ეთნოსის შემადგენლობაშიც შევიდა. აღნიშნული დროიდან ალანებთან ერთად, კავკასიაში დამკვიდრებას იწყებენ თურქული მოდგმის ჰუნებიც _ მაშინ შემოვიდნენ კავკასიის მთებში, თანამედროვე ბალყარეთის ტერიტორიაზე _ სავირები. მაშინვე ჩაეყარა საფუძველი დაღესტნის ბარში ყუმუხების ეთნოსს. ხაზარებიც აღმოსავლეთ კავკასიის მთისწინეთში დასახლებული ჰუნების შთამომავლებად ითვლებიან. ხაზარების სახელმწიფო კი, როგორც ცნობილია, ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და მისი ჩრდილოეთი საზღვარი კასპიის ზღვის ჩრდილოეთით იყო, ხოლო დასავლეთით ისინი ყირიმის ნახევარკუნძულის ნახევარს ფლობდნენ. მთელი ადრე შუა საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ველებში სწორედ ზემოხსენებული ალანები და ხაზარები დომინირებდნენ. თურქულენოვანთა დარად, ირანულენოვანი ალანებიც აღმოსავლეთიდან _ შუა აზიიდან და ყაზახეთის ტერიტორიიდან იყვნენ მოსული.

 ხაზარეთის სახელმწიფომ, რომელიც ალანებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა, შედარებით მალე შეწყვიტა არსებობა; ის X საუკუნის სამოციან წლებში კიევის რუსეთმა გაანადგურა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ველებში თურქულმა ეთნოსმაც შეწყვიტა არსებობა. ერთი რამ კი ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კიევის რუსეთის მიერ ხაზართა სახელმწიფოს განადგურებას შედეგად მოყვა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სხვადასხვა ტომების, განსაკუთრებით თურქული მოდგმის ტომების, მოძრაობა, რადგან ხაზარებს, ფაქტობრივად, გარკვეული ხნით ჩაკეტილი ჰქონდათ აზიიდან ევროპაში შემოსასვლელი დერეფანი. ამრიგად, როგორც სამართლიანადაა შენიშნული, XI საუკუნის მწერლებისათვის ხაზარები, ისევე როგორც ჰუნები შორეული წარსულის ხალხები იყვნენ.

 ჰუნებმა და შემდეგ ხაზარებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს სამხრეთ კავკასიაზეც. 392-396 წლებში მოხდა ჰუნების დიდი მასების შემოჭრა სამხრეთ კავკასიასა და წინა აზიაში. ზოგიერთი მეცნიერი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქულენოვანი მოსახლეობის დასახლებას იმდროინდელ მოვლენად მიიჩნევს, მაგრამ დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ ალბანეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მცირერიცხოვანი როგორც ჰუნები, ისე შედარებით გვიან, VII საუკუნეში მოსული ხაზარები ეთნიკურ სიტუაციას ვერ ცვლიდნენ, მალევე ასიმილირდებოდნენ.

 ალანები კვლავ აგრძელებდნენ ცხოვრებას ჩრდილოეთ კავკასიის ველებში თავიანთი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნით, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფოს XI-XII საუკუნეებში ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. ჯუანშერის ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მთავარი პოლიტიკური ძალა ვახტანგ გორგასლის დროს ალან-ოსები იყვნენ, რომლებიც პრობლემებს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში ქართველებს უქმნიდნენ, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის მთებში მოსახლე სხვადასხვა ეთნოსებსაც. ქართული წყარო ოსთა იმდროინდელ მოკავშირეებად ხაზარებსაც ასახელებს, რომლებშიც უდავოდ არა ხაზარები, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის ჰუნთა ერთ-ერთი სატომო გაერთიანება იგულისხმება. როგორც ალანები, ისე ჰუნები და ხაზარები ჩრდილოეთ კავკასიის ბარის მფლობელნი იყვნენ. ისინი არიან მოქცეული ადრე შუა საუკუნეების მწერალთა მხედველობის არეში. მთებში მკვიდრ ეთნოსებს კი იშვიათად ასახელებენ მაშინდელი წყაროები. ამავე დროს, ხშირად ალანების ეთნონიმის ქვეშ მთისწინეთსა და მთაში მცხოვრები ადგილობრივი ტომებიც იგულისხმებიან.

 ადრე შუა საუკუნეების ჩრდილოეთ კავკასიის მთაში მკვიდრი ეთნოსებიდან, რა თქმა უნდა, დღეს მოსახლე ნახურ-დაღესტნური და აფხაზურ-ადიღეური ხალხები იგულისხმებიან, რომელთა ერთმანეთში შერევა არცთუ იშვიათი მოვლენა იყო. აქ უდავოდ ჩვენთვის უცნობი სხვა ეთნოსებიც ცხოვრობდნენ, რომლებიც შედარებით გვიან შემოსახლებული ალან-ოსებისა და თურქულენოვანი ყივჩაყების მიერ ასიმილირებულნი იქნენ. VI საუკუნის ავტორის პროკოფი კესარიელის მოწმობით, სავირები კავკასიის მთების მახლობლად ცხოვრობდნენ. მაგრამ, როგორც ირკვევა, მათი სამკვიდრებელი მთებიც იყო, კერძოდ, თანამედროვე ბალყარეთისა და დასავლეთ ოსეთის (დიგორიის) ტერიტორია, რასაც ადასტურებს ეთნოგრაფიული მონაცემები: ა. დასავლეთ საქართველოს მთიელები _ სვანები ბალყარელებს (და ზოგჯერ ოსებსაც) `სავიარებს~ უწოდებენ და ბ. სავირების ნაკვალევი დიგორიის ტოპონიმიაში აშკარაა. დიგორის ხეობას ოსები, უწინარეს ყოვლისა, საფარი-კომს უწოდებენ, რაც პირდაპირ სავირთა ხეობას აღნიშნავს. ზემოხსენებული პროკოფი VI საუკუნის მეორე ნახევარში აბასგებსა და ალანებს შორის `ბრუხებს~ასახელებს. ვინ იყვნენ ბრუხები?

 ძნელია ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსი მეცნიერი ა. გენკო ბრუხებს უბიხებთან აიგივებდა, რადგან მისი მონაცემებით უბიხების ენდოეთნონიმი `პიოხ~ (`ბიოხ~) იყოო. თუ ა. გენკოს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ, რომ უბიხებს VI საუკუნის შემდეგ განსახლების არეალი შეუცვლიათ; მემატიანე ნამდვილად მათ მთაში ასახელებს _ აბაზგებსა და ალანებს შორის. გვიანდელი უბიხები კი ზღვისპირეთის მცხოვრებნი იყვნენ.

 შუა საუკუნეების მანძილზე რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ხშირი იყო არა მხოლოდ ეთნოსთა ცვლა, არამედ ამ ეთნოსთა განსახლების არეალის შეცვლაც (როგორც გაფართოვება, ისე შემცირება), კარგად ჩანს, იმავე პროკოფის ნაშრომიდან. მისი მოწმობით დარიალის გასავლელი VI საუკუნეში არ შედიოდა ალანების პოლიტიკური (მითუმეტეს, ეთნიკური) ბატონობის არეალში.

ასეთი ეთნიკური და პოლიტიკური სიტუაცია X საუკუნეშიც უცვლელად იყო შენარჩუნებული. X საუკუნის არაბი ავტორის იბნ-რუსტეს მიხედვით დარიალიდან ალანთა სამფლობელოს საზღვრამდე ათი დღის ფეხის სავალი იყო. X საუკუნისავე არაბი ავტორის ალ-მასუდის ცნობით დარიალის სიმაგრეს ფლობს არა ალანების, არამედ ქართველების მეფე. VI საუკუნის მეორე ნახევრის სირიული ქრონიკის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიის ბარში ცამეტი სხვადასვა ხალხი მკვიდრობდა, რომლებიც კარვებში ცხოვრობდნენ და საქონლის ხორცითა და თევზით და აგრეთვე გარეული მხეცებითა და იარაღით [გამოყენებით] იკვებებოდნენ. ამ ცამეტ ხალხს შორის აღნიშნული წყარო ალანებსაც ასახელებს. კავკასიაში, ალანების პერიოდში, დაღესტნის ტერიტორიაზე სარირის/სერირის სამეფოც არსებობდა, რომლის ძირითადი მკვიდრნი ხუნძები გახლდნენ, თუმცა, მის შემადგენლობაში დაღესტნის სხვა მთიელი ეთნოსებიც შედიოდნენ.

ახალი ეტაპი კავკასიის ხალხთა ეთნიკურ ისტორიაში მონღოლთა შემოსევების შემდეგ იწყება. მონღოლებმა ევრაზიის სივრცეში მცხოვრები სხვადასხვა თურქულენოვანი და ირანულენოვანი ეთნოსები აამოძრავეს. მოსპეს ალან-ოსებისა და ყივჩაყების პოლიტიკური გაერთიანებები.

 `სტეპნიაკი~ ალან-ოსები საბოლოოდ მთიელებად იქცნენ და ცენტრალური კავკასიის მთებში შევიდნენ საცხოვრებლად, ხოლო ყივჩაყების მცირე ნაწილმა თავი დასავლეთ კავკასიის მთებს შეაფარა.

ყივჩაყების საფუძველზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შერევის შედეგად, თანამედროვე ბალყარელები და ყარაჩაელები ჩამოყალიბდნენ. მონღოლთა ბატონობის დასრულების შემდეგ, ალანების საცხოვრებელის სამხრეთი ნაწილი ყაბარდოელებმა დაიკავეს და კავკასიაში რუსების შემოსვლამდე სიტუაციის ფაქტობრივი წარმმართველნი ისინი იყვნენ. ალანეთის პოლიტიკური გაერთიანების ტერიტორიის მფლობელნი ჩრდილოეთში კი თურქულენოვანი ნოღაელები გახდნენ, რომლებიც ანთროპოლოგიურად ევროპეიდთა და მონღოლოიდთა ნაჯვარნი არიან.

 ალან-ოსების მთიელებად გადაქცევამ სამხრეთ კავკასიაში, უფრო სწორედ საქართველოშიც შეცვალა ეთნიკური სურათი. გამრავლებულ ოსებს ჩრდილოეთ კავკასიის ველებში _ წინაპართა საცხოვრისში დაბრუნების საშუალებას ყაბარდოელები არ აძლევდნენ.

 სამაგიეროდ, გამოსავალი მათ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში _ დვალეთსა და  შიდა ქართლის მთიანეთში მონახეს.

 ყველანაირი საისტორიო წყაროთი დადგენილია, რომ ოსების დვალეთში მიგრაცია XVI საუკუნეში მოხდა, ხოლო შიდა ქართლის მთაში _ XVII საუკუნის შუა ხანების შემდეგ. მონღოლთა შემოსევებმა ეთნიკური სურათი სამხრეთ კავკასიაშიც შეცვალა. თუმცა აქ ასეთი ცვლილებები უფრო ადრეც ხდებოდა.

  ასეთი ცვლილება განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ანხორციელდა:თანამედროვე აზერბაიჯანის, ანუ ისტორიული ალბანეთის ტერიტორიაზე. ადრე შუა საუკუნეების პერიოდის ქრისტიანი და დამწერლობის მქონე ალბანური ეთნოსი გაქრა. მათი ეთნიკური მემკვიდრეები მხოლოდ უდიები არიან. ალბანელები ფიზიკურად არ გადაშენებულან; დროთა განმავლობაში ეთნიკური ცნობიერება შეიცვალეს და ისინი თურქულენოვან ხალხად, თანამედროვე აზერბაიჯანელებად იქცნენ.

თურქულენოვანი ეთნოსების, კერძოდ, ხაზარების შემოსვლა ალბანეთში VII-VIII საუკუნეებში მოხდა. შემოსულთა რაოდენობას 12 ათასს კაცს ანგარიშობენ. 1025 წელს ისტორიული ალბანეთის ტერიტორიაზე ოღუზთა 40 ათასი ოჯახი ჩამოსახლდა. თურქ-სელჯუკები აქ 1070 წელსაც, ალფარსლანის შემოსევის დროსაც დასახლებულან.

 საერთოდ, მეცნიერთა დასკვნით, დღევანდელ აზერბაიჯანელებში უფრო მეტნი არიან ძველ ალბანელთა ფიზიკური მემკვიდრეები, ვიდრე თურქული წარმოშობისანი. ალბანეთის ტერიტორიაზე

ეთნოტრანსფორმაციული პროცესი უფრო ადრეც მოხდა. ადრე შუა საუკუნეებში სამხრეთ ალბანელები გასომხდნენ, თუმცა ის განპირობებული იყო არა სომეხთა მიგრაციით, არამედ იმით, რომ ალბანეთის ეკლესია სომხების იდეური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. VIII საუკუნის დასაწყისში ალბანეთის ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და სომხური ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა (ფორმალუარად ალბანეთის კათალიკოსატმა, რომლის რეზიდენციაც მთიან ყარაბაღში _ განძასარში იყო XIX საუკუნის შუა ხანებამდე იარსება). ალბანეთის ტერიტორიაზე არა მარტო ალბანელები, არამედ სხვა დაღესტნურენოვანი და ირანულენოვანი ხალხებიც გათურქდნენ.

 ეთნიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები მოხდა კავკასიაში რუსების შემოსვლის შემდეგ. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ საბჭოთა პერიოდის ბოლო აღწერით რუსების რაოდენობა კავკასიაში 12 მილიონი იყო. არადა სულ ორი საუკუნის წინ ამ ეთნოსის წარმომადგენლები კავკასიაში თითქმის არ მკვიდრობდნენ. რუსეთის იმპერიის ხანგრძლივ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. დამარცხებული კავკასიელი მთიელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სამშობლო დატოვა და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. ადიღეური მოდგმის ხალხები, რომლებიც რუსების მოსვლამდე კავკასიაში ყველაზე მეტნი იყვნენ (700-750 ათასი) უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

 განსახლების არეალი დატოვეს სხვა ჩრდილოეთკავკასიურმა ეთნოსებმაც. მუჰაჯირთა შორის აღმოჩნდნენ აფხაზები და ქართველი მუსლიმებიც. ეთნიკური განსახლების არეალი გაიფართოვეს ოსებმა და სომხებმა, რომლებიც რუსების მიმართ კეთილგანწყობილნი და ლოიალურნი იყვნენ. ოსებს მიეცათ საშუალება ჩრდილოეთ კავკასიის ბარში გადასახლებისა.

 XIX საუკუნეში შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები ოსები მთისწინეთსა და ბარშიც ჩასახლდნენ.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ფართოდ განსახლდნენ სომხები. ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიიდან ანუ ისტორიული დასავლეთ სომხეთიდან ცარიზმმა ისინი არა მარტო აღმოსავლეთ სომხეთში, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიწებზეც დაასახლა.

 რუსეთის იმპერიამ საქართველოში სხვა ეთნოსებსაც მიუჩინა ბინა. ერთ-ერთ მაგალითად კი ოსმალეთიდან ბერძნების გადმოსახლება უნდა დავასახელოთ, რომლებიც ძირითადად საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში _ თრიალეთში დასახლდნენ. რუსეთმა ეთნიკური სიტუაცია მიზანმიმართულად შეცვალა როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში. ჩრდილოეთ კავკასიის

მთაში გადარჩენილი და ადგილზე დარჩენილი ადიღეური მოდგმის ხალხები ბარში გადაასახლა და მათი თითოეული სოფლის ირგვლივ მრავალრიცხოვანი რუსული დასახლებები შექმნა.

რუსები იმპერიულ პოლიტიკას საბჭოთა წლებშიც აგრძელებდნენ. ამის მაგალითად გამოდგება ჩრდილოეთ კავკასიელების _ ჩაჩნების, ინგუშების, ბალყარელების, ყარაჩაელების _ სამშობლოდან აყრა და შუა აზიასა და ყაზახეთში გადასახლება.

 ასეთივე ბედი გაიზიარეს ქართველმა მაჰმადიანებმა, რომლებიც ახლა `თურქი-მესხების~ ეთნონიმით არიან მსოფლიოში ცნობილი, ბათუმის მიდამოებში მცხოვრებმა ჰემშილებმა და სხვებმა. სამაგიეროდ რუსეთის იმპერია ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ კავკასიაში ხელს უწყობდა და ახალისებდა სხვადასხვა არაკავკასიური ეთნოსების დასახლკარებას, პირველ რიგში კი _ რუსებისას. საყურადღებოა, რომ საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ წარმონაქმნებში მოსახლეობის აბსულიტურ უმრავლესობას მოსული რუსები წარმოადგენდნენ.

 მოკლედ უნდა ითქვას, რომ რუსების კავკასიაში შემოსვლამ რადიკალურად შეცვალა ჩრდილოეთ კავკასიის (აგრეთვე სამხრეთ კავკასიის) ეთნიკური რუკა. აქ სლავებისა და რუსეთის სხვა ქვეშევრდომთა დასახლებას არავითარი წინაღმდეგობა არ ხვდებოდა, აგრეთვე ახალისებდნენ

ემიგრანტ სომხებს, გერმანელებს, ბერძნებს და სხვებს. ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაციამ შეცვალა მომთაბარე ხალხების _ ნოღაელების, თურქმენების და ყალმუხების განსახლების გეოგრაფიაც. რუსეთის იმპერია განსაკუთრებულ ყურადღებას შავიზღვისპირეთს აქცევდა.

  ამ თვალსაზრისით აფხაზეთის დასახელებაც საკმარისია, რომლის ეთნიკური აჭრელება, უფრო სწორედ რუსებით დასახლება, იმპერიის უპირველესი მიზანი იყო. თუმცა ამ მიზნის განხორციელებაში ცარიზმს ხელს კლიმატური ადაპტაციის ფაქტორი უშლიდა.

გადმოსახლების მასობრიობის ფონზე დიდი იყი სიკვდილიანობაც. ასე, მაგალითად, 1809-1811 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის შავიზღვისპირეთში 7315 კაცი მომკვდარა, ხოლო 1818 წლის ეპიდემიის დროს მიგრირებული მოსახლეობა განახევრებულა.

 ამის გამოც იყო, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლში 1870-1890-იან წლებში ხელს უწყობდნენ სომხების მასობრივ გადმოსახლებას აფხაზეთის შავიზღვისპირეთში, ტუაფსეს, სოჭის, ადლერის, ანაპის, ნოვოროსიისკისა და მაიკოპის რაიონებში. დიდი რაოდენობით დასახლდნენ სომხები დასახელებულ ადგილებში 1915-1916 წლებშიც.

 ჩვენ არაფერი ვთქვით ეთნიკური ვითარების დინამიკაზე კავკასიის სამხრეთით მდებარე დიდი სახელმწიფოების როლზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო არაბთა შემოსევები, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიაზე მოახდინეს (დაღესტანი, ალბანეთი). ისლამის გავრცელებამ აქ ეთნოტრანსფორმაციული პროცესები დააჩქარა. ოსმალეთის იმპერიამ შეცვალა

ეთნიკური სიტუაცია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. 1595 წელს შედგენილი გურჯისტანის ვილაეიეთის დავთარში, რომელშიც აღწერილია სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი და ტაოს ოლთისის მხარე (მასში შავშეთი, კლარჯეთი და ტაოს დიდი ნაწილი არაა შეტანილი) რამდენიმე ასეული ნასოფლარია შეტანილი. მარტო ჯავახეთში 102 ნასოფლარი იყო. ოსმალებმა გააპარტახეს თორი (თანამედროვე ბორჯომის რაიონი).

 ისლამის მიღებამ ქართველთა დეეთნიზაცია, გათურქება გამოიწვია. ასევე შეიცვალა ეთნიკური სიტუაცია აღმოსავლეთ სომხეთში, რომელიც ერევნის სახანოს სახით, ირანის შემადგენლობაში შედიოდა.

 XIX საუკუნის 80-იან წლებში ერევნის გუბერნიაში სომხების რაოდენობა 56% იყო. უარყოფითი იყო ირანის როლი მთელი გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში.  ირანის ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა საქართველოში ეთნიკური სიტუაციის შეცვლას _ ქართველების მამა-პაპათა საცხოვრისიდან აყრასა და თურქმანული ტომების ჩამოსახლებას. ამ თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ მხარეებში; თითქმის მოსახლეობისაგან დაიცალა აღმოსავლეთი კახეთი (თანამედროვე საინგილო), კახეთის გაღმა მხარი და შიდა კახეთი, ერწო-თიანეთი, დემოგრაფიულად კატასტროფიული სიტუაცია შეიქმნა ქართლშიც, თრიალეთშიც. რაც შეეხება კახეთსა და ქვემო ქართლში მოსახლე თურქმანებს, ისინი ძირითადად შაჰ-აბასის დროსა და შემდეგ პერიოდში არიან მიგრირებულნი. საქართველოს ეთნიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ჩრდილოეთ კავკასიელთა თარეშები, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ლეკიანობის სახელითაა ცნობილი და ტყვის სყიდვა. ქართველთა აყრა-გადასახლება გამოიწვია ოსთა თარეშებმა ცენტრალურ საქართველოში და უბიხებისა და ადიღეური ტომების თავდასხმებმა აფხაზეთში.

 კავკასიის ეთნიკურ და დემოგრაფიულ სიტუაციას საბჭოთა იმპერიის დაშლამაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. რუსეთის მიერ გაჩაღებულმა ე. წ. ეთნიკურმა კონფლიტებმა დიდი მსხვერპლი და მოსახლეობის მნიშვნელოვანი გადაადგილება გამოიწვია. საკმარისია გავიხსებოთ რამდენი მსხვერპლი ახლდა ჩაჩნეთის, ყარაბაღის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ომებს. დიდია გადასახლებული ჩაჩნების, სომხების (აზერბაიჯანიდან), აზერბაიჯანელების (სომხეთიდან) და ქართველების რაოდენობა. ქართველები საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ.

რუსეთის პოლიტიკურ და სახელმწიფო წრეებში წუხილს გამოთქვამენ, რომ ეთნიკური რუსების რაოდენობა კავკასიაში მცირდება. ბევრმა რუსმა (და არა მხოლოდ რუსმა) დატოვა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები.

  საქართველოს წალკის რაიონიდან ფაქტობრივად წავიდნენ ეთნიკური ბერძნები. უფრო უარესი: საქართველოს ქართველი ერის მნიშვნელოვანი ნაწილიც, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სტოვებს. დასავლეთის ქვეყნებში ქართველთა მიგრაცია ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირით არის განპირობებული. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, აქ 1917 წლიდან მოყოლებული 1959 წლამდე რუსული მოსახლეობის ხვედრითი წილი თუ განუსაზღვრელად მატულობდა (1917 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში რუსების რაოდენობა 44,3% იყო, 1926 წელს _ 46,9%, 1939 წელს _ 52,5%,  1959 წელს _ 54,7%), შემდეგ ამ რაოდენობამ შემცირება დაიწყო და 1989 წლისათვის 50,8%-მდე დავიდა.

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც რუსული ეთნოსის შემცირების დინამიკა ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ შემცირებით ხასიათდება.

 ამრიგად, ძველი დროიდან დღემდე კავკასია ეთნოდემოგრაფიული თვალსაზრისით მუდმივ ცვლილებას განიცდიდა. ევრაზიის სივრცეში მომხდარი ყველა მოვლენა მუდმივ გავლენას ახდენდა ამ რეგიონის ეთნიკურ დინამიკაზე.

 დროთა განმავლობაში კავკასიაში არაერთი ეთნოსი გაქრა, ბევრიც ახალი დასახლდა. ქართველთა ეთნიკურ განვითარებას შედარებითი სიმშვიდე XIX-XX  საუკუნეებში დაუდგა, თუმცა ამ პერიოდში ქართული ეთნოსის განსახლების არეალი შემცირდა; მათი ისტორიული განსახლების არეალები სხვა ეთნოსებმა დაიკავეს.

როლანდ თოფჩიშვილი - "კავკასიის ეთნოლოგია"

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way